„მისი წასვლით ყველაფერი დავკარგე“
„ფილმში არაფერს თამაშობს, თვითონაც ასეთი იყო, ვაჟკაცური გახლდათ, საკმაოდ ფიცხიც, მაგრამ სამართლიანად“ - რას იგონებენ ლეგენდარულ ომარ ფხაკაძეზე ცოლი და შვილი

რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ფილმში „ხარება და გოგია“ ცნობილი სპორტსმენები, ომარ ფხაკაძე და ლევან თედიაშვილი მიიწვია. მათ ხარება და გოგიას დაუვიწყარი სახეები შექმნეს.
ველოსპორტის ლეგენდის, ომარ ფხაკაძის შვილი, ბაია ფხაკაძე ამბები.ჯი-ისთან იხსენებს:
.
– სპორტსმენების შვილი ვარ – დედაც ალექსანდრა (დონა) ჯანუყაშვილი ტანმოვარჯიშე იყო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მამაჩემთან ცოტა დაიჩაგრა, რადგან ის 10 გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახლდათ. მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მედალი აქვს აღებული – პირველი, მეორე, მესამე.
საერთოდ, მამაზე საუბარი, მისი შეფასება ჩემგან უხერხულია, მაგრამ როგორც ამბობენ, მართლა ტალანტი იყო. სპორტული საზოგადოება აღნიშნავს, რომელ სახეობასაც არ უნდა გაჰყოლოდა, ისეთივე წარმატებული იქნებოდა, მაგრამ ველოსიპედი არჩია. წარმოშობით ქუთაისიდან იყო. ყოჩაღი ბიჭი კარლო შენგელიამ, შემდგომში მისმა მწვრთნელმა, შეამჩნია – ამისგან მაგარი სპორტსმენი დადგებაო და თბილისში დაიბარა. 2 თვეში, 16 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა, 21 წლისა კი, მსოფლიო ჩემპიონი.
– ცხოვრებაშიც ასეთი მებრძოლი ხასიათი ჰქონდა, დიდი სპორტული ჟინი ყოველდღიურობაშიც ვლინდებოდა?
– რეჟისორმა გიორგი შენგელაიამაც ფილმში „ხარება და გოგია“ იმის მიხედვით შეარჩია, რომ მისი ხასიათი ხარებას ტიპაჟს შეესაბამებოდა. მართლაც, ფილმს რომ ვუყურებ, იქ არაფერს თამაშობს და თვითონაც ასეთი იყო. ცხოვრებაშიც არასდროს, არცერთ სიტუაციაში არ უთამაშია. ვაჟკაცური გახლდათ, საკმაოდ ფიცხიც, მაგრამ სამართლიანად. იყო თბილი, იუმორიც, როგორც ქუთაისელს ჰქონდა. ვინც იცნობდა, მათგან დღემდე ვისმენ ფრაზებს, რომ მამა ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი იყო.
დონარა ჯანუყაშვილი, ომარ ფხაკაძის მეუღლე:
– მე და ომარმა ერთმანეთი სპარტაკიადაზე გავიცანით. მაშინ საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადები ტარდებოდა და ერთხელაც მინსკში მთელი დელეგაცია ერთად ვიყავით. იქ თქვეს, ვიღაც ქუთაისიდან არის ჩამოსული, დიდი ბრგე, ძლიერი ბიჭი ომარ ფხაკაძეო. ოღონდ მე ჯერ არ მყავდა ნანახი, თურმე მას იქ შევუმჩნევივარ, – თვითონ ასე ამბობდა ხოლმე.
მერე დარბაზში ჩვენთან თავის ყაზბეგელ მეგობართან ერთად მოვიდა, მეც ყაზბეგიდან ვარ. თავიდან მეგონა, იმ ბიჭს მოჰყვა, მაგრამ თურმე ჩემს სანახავად მოსულა… იმის მერე ასე იყო – ხან გამოჩნდებოდა, ხან – არა. მე კი მის დანახვაზე სულ ვიმალებოდი, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ ცოლად გავყევი.
პაემანზე მასთან არც ერთხელ არ გავსულვარ. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ვარჯიშის შემდეგ, სპორტული დარბაზიდან წავყევი, ჭიდაობა არ დამიწყია…
ასე ვამბობ ხოლმე – ომარის ავად გახდომიდან და გარდაცვალებიდან ჩემი ცხოვრება მართლა დავამთავრე. მისი წასვლით ყველაფერი დავკარგე, ამ ცხოვრებაში ძალიან დაბნეული დავრჩი. არადა უკვე 30 წელია, ჩვენ გვერდით აღარ არის… 48 წლის იყო, რომ ამქვეყნიდან წავიდა. ბაიასაც, ჩემს შვილს მეუღლე 48 წლის ასაკში გარდაეცვალა – დედა-შვილმა რაღაც ასეთი ბედი გავიზიარეთ.
– ფილმის “ხარება და გოგიას” გადაღების შესახებ გვიამბეთ…
– გიორგი ენგელაია არ იცნობდა ომარს. უბრალოდ გიორგიმ მსგავსება ნახა ხარება-გოგიასა და ომარი-ლევანს (თედიაშვილს) შორის. დიდხანს ცდილობდა, ომარი ამ როლზე დაეთანხმებინა. ომარს გარდასახვის უნარი ნაკლებად ჰქონდა. იყო ისეთი, როგორიც იყო. ამბობდა, ესა ვარ, რაც ვარ, ერთი ქუთაისელი ომარიო. მოკლედ, სანამ სცენარი არ წაიკითხა და სანამ ბევრი ადამიანი არ ჩაერია, მათ შორის მთავრობა, მანამდე არ დათანხმდა. გადაღებებზე ყველანი დამეგობრდნენ, თუმცა იმ პერიოდში ომარი შიმშილობდა.
– რატომ?
– მანამდე მოსკოვში ცუდად გახდა, მაღალი წნევა ჰქონდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და იქ ვიღაც ქირურგ-ონკოლოგს უთქვამს, სიმსივნე გაქვს, მაგრამ ეს კიბო არ არისო. რომ ჩამოვიდა, მოსკოვში კვლევებზე ისევ წავედით, მაგრამ იმავე სპეციალისტმა ის სიმსივნე მერე ვეღარ აღმოაჩინა. ისე გამოუშვეს, ოპერაცია არ გაუკეთეს… რაც შეეხება შიმშილობას, წნევამ თამაში რომ დაიწყო, კარდიოლოგთანაც ვიყავით და ერთ-ერთმა ექიმმა ურჩია, ორგანიზმისთვის შიმშილობა კარგიაო. ერთხელ 3 დღე, მერე 5 დღე იშიმშილა.18 დღეც უშიმშილია, მაშინ აფხაზეთში ვიყავით, სადაც რაღაც საქმეზე თბილისში გამოიძახეს და ის ნაშიმშილარი მარტო წამოვიდა მანქანით. ფიზიკურად და სულიერად ძლიერი ადამიანი იყო… წარმოიდგინეთ, ერთხელ 30 დღე მხოლოდ გამოხდილ წყალზე იყო… ამ ამბებიდან 5-6 წლის მერე ცუდად გახდა და საბოლოოდ კიბო დაუდგინდა. გაკვეთეს და მეტასტაზები ბადე ქონზე იყო მოდებული… მე რომ დამიძახეს, მეგონა, სისხლის გადასხმა იყო საჭირო, ერთი ჯგუფის სისხლი გვქონდა… ფაქტობრივად, ერთ თვეში გარდაიცვალა.
ამბები.ჯი