კატეგორიის გარეშე

“მისი მდუმარება ტყუილია” _ დეკანოზი თამაზ ლომიძე ბერ ნიკოლოზზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:

“როგორ შეგვიძლია მივხვდეთ, მართლა მდუმარეა თუ არა ბერი?

ღვთის შემეცნების ანუ სულიერი ცხოვრების რა საფეხურია საერთოდ მდუმარება? თუ ეს გვეცოდინება, სულ მარტივად შეგვიძლია მივხვდეთ, გვატყუებს თუ არა “მდუმარე ბერი”.

ღმერთის შემეცნება სულიერი საფეხურებივითაა მოწყობილი და ვისაც წინა საფეხური სრულყოფილად არ გაუვლია, შეუძლებელია შემდეგზე გადავიდეს. ეს წესი არ იცვლება არასოდეს და იერარქიის ამ მარადიულ წესს ემორჩილება სულიერი ცხოვრებაც – ჯერ წინა, უფრო დაბალი საფეხურია და შემდეგ მოსდევს უფრო მაღალი, უფრო სულიერი და უფრო წმინდა. ასე გრძელდება უსასრულოდ. პირველიდან ბოლოზე ვერავინ გადახტება, რადგან “ღმერთთან არ არის მიკერძოება”.

ამიტომ, როცა ადამიანი ამ ქვეყანაზე იბადება და სამყაროს მეშვეობით ღმერთის შემეცნებას იწყებს, მას ღმერთი და სულიერება ჯერ სულ მარტივი საგნები ჰგონია: პირველად დედის სხეული და დედის რძე, შემდეგ ფერადი სათამაშოები, შემდეგ მზრუნველი მშობლები, თბილი სახლი და მასწავლებლები, შემდეგ წიგნები, ბუნება და ახალ-ახალი აღმოჩენები სამყაროზე, შემდეგ ეკლესია, სარწმუნოება და რიტუალები, შემდეგ უფლის სახარება-ღვთის სიტყვა, ლოცვა და ღვთისმსახურება, შემდეგ ზოგიერთისთვის მღვდლობა, ეპისკოპოსობაც და საბოლოო საფეხური ღმერთთან ადამიანური ხერხებით ურთიერთობისა არის სიტყვა. – ს ი ტ ყ ვ ა – ღმერთის შესახებ გონებაში მოხელთებული აზრის სიტყვით გამოთქმა და ადამიანი ამბობს: “ღმერთი კეთილია” ან “ღმერთი სინათლეა” ან “ღმერთი სიცოცხლეა” და ა.შ.

მაგრამ, მხოლოდ ერთეულები და უდიდესი მოღვაწენი აქაც არ ჩერდებიან და უმაღლესი და საბოლოო, თითქმის არაამქვეყნიური მდგომარეობა ღვთის შემეცნებისა არის სიტყვებზეც უარის თქმა, რადგან ადამიანი ხვდება, რომ არცერთ ადამიანურ სიტყვას და ეპითეტს არ ძალუძს გამოთქვას ცოდნა მიუწვდომელი და შეუცნობელი ღმერთის შესახებ.

ამ უმაღლეს უცოდნელობაში არის უმაღლესი ცოდნაც. ესაა ღმერთის შემეცნების უმაღლესი საფეხური ანუ “ღვთაებრივი წყვდიადი” (წმ. დიონისე არეოპაგელი) და სწორედ აქ, ადამიანი ირჩევს მდუმარებას.

მხოლოდ იმ მოღვაწეს, ვინც გაიარა წინა საფეხურები, შეიმეცნა ისინი და გააზრებულად დაამთავრა ურთიერთობა სახლ-კართან, ქონებასთან, სიმდიდრესთან, პოპულარობასთან, თანამდებობასთან, ძალაუფლებასთან, მუშტი-კრივთან, სოფელ-ქალაქთან და ადამიანურ ვნებებთან, შეუძლია ავიდეს მდუმარების ანუ უსიტყვობის უმაღლეს საფეხურზე. ეს ერთეულთა ხვედრია.

როცა ქალაქის ბინას ვერ თმობს “მდუმარე ბერი”, ეს ნიშანია, რომ ის ჯერ სადღაც ქვემოთ, “ბინების საფეხურზე” იმყოფება და მისი მდუმარება ტყუილია, მიუხედავად იმისა ლაპარაკობს თუ არა გარეგნულად.

დეკანოზი თამაზ ლომიძე”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close