საზოგადოება

სასიყვარულო სამკუთხედი… რამდენი ქალია ამის მსხვერპლი _ ერთ-ერთი დიანაა

თინათინ მარგალიტაძე, პროფესორი:

_ რამდენიმე წლის წინ ერთ მეგობართან ვსაუბრობდი პრინცესა დაიანაზე. – როგორ შეიძლებოდა ინგლისის ტახტის მემკვიდრის დედას ასეთი სკანდალური რომანი გაება სხვა რჯულის მამაკაცთან, – მკაცრი იყო მისი შეფასება. ერთი მხრივ, ჩემი მეგობარი მართალი იყო, მაგრამ მომინდა მედლის მეორე მხრის წარმოჩენა,  იმისა, რისთვისაც მე შევიყვარე ეს ქალი…

დაიანას სიკვდილი მისი უდიდესი გამარჯვება იყო. ეს იყო მისი ტახტზე ასვლა, ინგლისის დედოფლად კურთხევა… გაცნობიერება იმისა, ერთი შეხედვით ნაზმა და უმწეო პრინცესამ სამუდამოდ როგორ შეცვალა მსოფლიო…

მრავალთათვის, რომლებსაც ცხოვრებამ ისევე ატკინა გული, როგორც დაიანას, მის მიერ განვლილი გზა იყო. მაგალითი
საკუთარ ტკივილზე, დამცირებაზე, ღალატზე ამაღლებისა, მაგალითი
საკუთარ თავთან ბრძოლისა, საკუთარი ადგილის დამკვიდრებისა.

იგი ჩემთვისაც ახლობელი იყო… unwanted child

დაიანა ერთთათვის მახლობელი იყო როგორც ბავშვი, რომლის ფსიქიკაზეც უმძიმესი კვალი დატოვა ბავშვობაში მიღებულმა მორალურმა ტრავმამ. ექვსი წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დაუსრულებელი სასამართლო დავები მშობლებს შორის…
ბავშვები მამას მიაკუთვნეს… შემდეგ დედინაცვალი, რომელიც ბავშვებს არ უყვარდათ. გრძელი, მომქანცველი მოგზაურობები შოტლანდიაში დედის მოსანახულებლად. unwanted child _ „ბავშვი, რომელიც არ უნდათ“, ლაიტმოტივად გასდევს დაიანას ბავშვობის მოგონებებს.

რამდენი ადამიანისთვისაა ეს თემა ახლობელი… როდესაც იზრდები ოჯახში, სადაც მუდმივად ჩხუბი და კინკლაობაა, სადაც არა ხარ მოსიყვარულე მშობლების მზრუნველობით განებივრებული,
სადაც თავს ზედმეტად გრძნობ…
სადაც შენი არ ესმით და უცხო სხეულივით ხარ,
სადაც მშობლების მიერ დაშვებული შეცდომების გამო, ათასნაირი კომპლექსი გიყალიბდება ბავშვობიდან, რომელთაგანაც თავის დაღწევას წლები სჭირდება, თუ არა მთელი ცხოვრება.

deceived wife

მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც დაიანას ქორწინების ცერემონიალს ადევნებდა თვალს, ეს ქორწილი ზღაპარს ჰგავდა.
საზოგადოებისათვის სიმართლე მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი. მან კი, 19 წლის გოგონამ, რომელსაც ეგონა, რომ ცოლად გაჰყვა მამაკაცს, რომელიც ყველა ტკივილს დაუამებდა,
რომელიც ხალხმრავალი დარბაზის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში შეამჩნევდა და გამოარჩევდა მას და უმალ მიხვდებოდა რა სჭირდებოდა დაიანას… ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა ქმარი, I was desperately in love with my husband, – იტყვის იგი მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში, მან მწარე სიმართლეს ძალიან მალე ჩახედა თვალებში…

ჩარლზს სხვა ქალი უყვარდა.

შესაძლოა, ჩარლზიც გარემოებათა მსხვერპლი იყო, მაგრამ დაიანასაგან განსხვავებით, იგი არ იყო მარტო. მის გვერდით იდგა საყვარელი ქალი, ოჯახი, მეგობრები, რომლებიც ჩარლზისა და კამილას ურთიერთობის სადარაჯოზე იდგნენ…

დაიანა კი მარტო იყო…
19 წლის პრინცესა უთანასწორო ბრძოლაში ჩაება 36 წლის მრავალმხრივ გამოცდილ ქალთან, რომლისთვისაც სასახლის ყველა კარი ღია იყო…

ბავშვობაში დანგრეული ფსიქიკა ახალი რეალობის პირისპირ უფრო და უფრო მძიმდებოდა. სამეფო კარი მისი არასტაბილური ფსიქიკის, ბულიმიისა და სხვა დარღვევების გამო აზუზუნდა. მას განიკითხავდნენ, დასცინოდნენ… სასიყვარულო სამკუთხედი…
რამდენი ქალია ამის მსხვერპლი…

betrayed woman

მრავალთათვის იგი მახლობელი იყო იმ ტკივილითაც,
რაც უახლოესი ადამიანების ან იმათ ღალატს მოსდევს,
ვისთვისაც სიკეთე გაგიკეთებია.
დაიანა მიენდო მამაკაცს, რომელიც უერთგულეს ადამიანად მიაჩნდა.
იგი, ბრიტანეთის არმიის ოფიცერი, თანამდებობის გამო ხშირად იყო დაიანასა და მისი შვილების ახლოს. შეიძლება ვცოდავ, მაგრამ მგონია, იგი საგანგებოდ იყო მიჩენილი დაიანასთვის იმ როლის შესასრულებლად, რაც ჩინებულად შეასრულა კიდეც.
დღეს ძნელია იმის თქმა, უყვარდა დაიანას ეს მამაკაცი, თუ მარტოობის გამო აღმოჩნდა მის გვერდით…

მოგვიანებით ამ მამაკაცმა მათი ურთიერთობის ისტორია რომანად გამოაქვეყნა “Princess in Love” და მილიონები იშოვა…

რამდენი ადამიანისათვის გაუკეთებია სიკეთე, რამდენ ოჯახს დახმარებია,
შემდეგ კი მათ ეს ისტორიები პრესისთვის მიუყიდიათ დიდი ფულის საფასურად… არსებობს ერთი, ქრისტიანული თვალსაზრისით ცოტა მკრეხელური ანდაზა: „თუ სიკეთეს არ გააკეთებ, ცუდიც არ იქნები!“

ვინ იცის, რამდენჯერ შეჯახებია დაიანა ამ ფიქრებს, მაგრამ მიუხედავად სულისშემძვრელი უმადურობისა, მაინც არ აუღია ხელი კეთილის ქმნაზე.

გველი გარედან არის ჭრელი,
ადამის მოდგმა კი – შიგნიდან…

self-confident winner

ასეთი დიდი პიროვნული ტკივილის ფონზე დაიანამ იპოვა თავისი ადგილი. მან ნახა ის სამწყსო, რომლისთვისაც საკუთარი თავი უნდა მიეძღვნა. ეს მასავით დაჩაგრული ადამიანები იყვნენ:
სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად დაავადებულები,
შიდსით თუ სხვა უკურნებელი სენით შეპყრობილები,
კონფლიქტების ზონებში ნაღმებზე აფეთქებით დასახიჩრებულები…

იგი ამ ადამიანებთან მიდიოდა გულწრფელი, ვინაიდან თვითონ ცხოვრებისაგან ნაცემს, კარგად ესმოდა სხვისი ტკივილი.
იგი მიდიოდა მათთან ნამდვილი, და არა იმ ნიღბით, ნაძალადევი „ქველმოქმედებისათვის“ რომ აქვს ზოგს მორგებული.

იგი ხალხთან მიდიოდა როგორც ერთი იმათთაგანი,
არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი…

ალბათ ამიტომაც უჭირისუფლეს „ჩვეულებრივებმა“ სამეფო კარის ამპარტავნებზე უფრო წრფელად.

ასობით საქველმოქმედო საზოგადოების მეურვე და მფარველი იყო. მისი ხელშეწყობით დიდძალი თანხები გროვდებოდა საავადმყოფოების დასაფინანსებლად, სხვადასხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო პროექტების განსახორციელებლად…
პირადად პასუხობდა ათასობით გაჭირვებული ადამიანის წერილს…

ხშირად მიფიქრია, რა საჭირო იყო სამეფო ოჯახები თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში.

დაიანას ფენომენმა დამანახა, რომ სამეფო ოჯახების არსებობა ერთგვარი საპირწონეა პოლიტიკოსებისა, რომლებიც ხალხზე, სამწუხაროდ, ნაკლებად ფიქრობენ.
სამეფო ოჯახების დანიშნულება სწორედ
საკუთარ ხალხზე ზრუნვა და მისი ქომაგობაა,
გაჭირვებულთა და უპოვართა დახმარებაა,
უბედურთა და სასოწარკვეთილთა გამხნევებაა…
საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მოვლა-პატრონობაა.

ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მორალური მემკვიდრეობა, რაც დაიანამ მსოფლიოს დაუტოვა.

დაიანა 1997 წლის 30 აგვისტოს დაიღუპა.
მე სექტემბრის ბოლოს ჩავედი ინგლისში.
თავად ვარ მომსწრე და მოწმე იმ ენით აღუწერელი გლოვისა, რაც ამ ახალგაზრდა ქალს გაჰყვა.
უზარმაზარი მოედანი ბუკინგემის სასახლის წინ ყვავილებს ვეღარ იტევდა.

Queen of Hearts „გულების დედოფალი“, ასეთი იყო ინგლისის უგვირგვინო დედოფლისათვის ხალხის მიერ სიყვარულით შერქმეული სახელი.

ინგლისში ყოფნისას უამრავი წიგნი და ჟურნალი ვიყიდე, რომელიც დაიანას გარდაცვალებას მიეძღვნა და იმ პერიოდში გამოქვეყნდა…
ჟურნალებიდან ულამაზესი ქალი შემოგვყურებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად აღიარებული.

ერთ-ერთი ჟურნალიდან ამოვიკითხე:

„ამ დაკომპლექსებული არსებისგან,
მოტყუებული ცოლისგან,
ადამიანისგან, რომელსაც ბევრჯერ უღალატეს და ატკინეს…
საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებული
გამარჯვებული ქალი იშვა“

Candle in the Wind

And it seems to me
you lived your life
like a candle in the wind.
Never knowing who to cling to
when the rain set in.

ეს სიმღერა ელტონ ჯონმა და ბერნი ტაუფინმა მერილინ მონროს მიუძღვნეს.
ეს ლეგენდასთან გამოსათხოვარი სიმღერა იყო.
წლების შემდეგ, ელტონ ჯონი სიმღერას ადრესატს უცვლის და ამჯერად იგი დაიანასთან გამოსათხოვარი სიმღერა ხდება.
სიმღერამ ელტონ ჯონის შესრულებით დაიანას დაკრძალვის დღეს გაიჟღერა ვესტმინსტერის სააბატოში.
დაიანა ხომ ყველა დოგმას არღვევდა,
გარდაცვლილმა კიდევ ერთი დაარღვია,
სამეფო სამგლოვიარო ცერემონიალის პირობითობა…

დიახ, მისი ცხოვრება წააგავდა სანთელს ქარში,
რომელმაც არ იცოდა ვის მიყრდნობოდა,
როცა წვიმა იწყებოდა…
ტრაგიკული, ტკივილით აღსავსე,
მყიფე, მსხვრევადი სულის პატრონი,
და მაინც სხვათა გამამხნევებელი,
ბედს შეურიგებელი,
და გამარჯვებული.

ასეთია ჩემთვის დაიანა,
ქალი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close