
მუსიკოსი დათო ევგენიძე თავისი ცხოვრებიდან ერთ ძალიან სევდიან ამბავს იხსენებს თავის პროდიუსერ ფრედერიკ დელივიატიზე. მუსიკოსი „კვირის პალიტრასთან“ ყვება:
.
– ჩემი ბოლო პროდიუსერი ფრედერიკ დელივიატი იყო. ის საქართველოში გარდაიცვალა და ჩემი ოჯახის სასაფლაოზეა დაკრძალული.
როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, მორის ფოცხიშვილი გარდაიცვალა. პანაშვიდზე წავედი და წამომყვა, იქ უამრავი ხალხი რომ დაინახა, მკითხა, გარდაცვლილი ვინ არისო? ვუთხარი, რომ პოეტი იყო. გაუკვირდა, ჩვენთან დე-გოლი რომ გარდაიცვალა, ამის ნახევარი ხალხი არ იყოო. ავუხსენი, რომ საქართველოში გარდაცვლილებს დიდ პატივს ვცემთ, საზოგადოებისთვის ცნობილია თუ არა, ვინც იცნობდა, დასამშვიდობებლად ყველა მიდის.
მაშინ მითხრა, მეც მინდა, საქართველოში მოვკვდე და დაკრძალვას ამდენი ხალხი დაესწროსო. ისე მოხდა, მართლა ამ ქვეყანაში გარდაიცვალა და ეს სიტყვები გამახსენდა. ვიფიქრე, ანდერძიც ხომ არ დაუტოვებია-მეთქი და მის მშობლებს დავურეკე, გრაფები არიან. ანდერძს თუ ნახავთ და საჭიროდ ჩათვლით, სურვილი აუსრულოთ, ჩამოგიყვანთ საქართველოში და ჩემი ოჯახის სასაფლაოზე, სადაც ჩემი დაა დაკრძალული, იქ დავკრძალავ-მეთქი. დედამ მოსაფიქრებლად ერთი საათი ითხოვა… შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ფრედერიკის საქართველოში დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შემდეგ ვთქვი, მე პროდიუსერი აღარასდროს მეყოლებოდა.