საზოგადოება

მაღალ ტემპერატურაზე მტვრის კონცენტრაციის მატება საშიშია ჯანმრთელობისათვის _ საგანგებო განცხადება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

,,მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი; გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა.
მაღალი ტემპერატურის დროს შესაძლებელია მოხდეს მტვრის მასების გავრცელება. ნაერთები, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მტვრის კონცენტრაციების მატების პროცესში წარმოიქმნება, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის:
  • გოგირდის ორჟანგი იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ამთებით პროცესს, ხველას, ასევე გავლენას ახდენს ფილტვებზე, იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს და სხვ.
  • ორგანული ნაერთებიდან ბენზოლი ყველაზე ყურადსაღებია, რადგან იგი კანცეროგენულია, იწვევს ლეიკემიას და სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს;
  • ნახშირჟანგი, აზოტის ოქსიდები იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს, ალერგიას, იმუნური სისტემის დაქვეითებას და სხვა;
  • მტვრის ნაწილაკების მოხვედრა სასუნთქ გზებში იწვევს ქოშინს, ხველას, ბრონქიტს, პნევმონიას, ასტმის პროვოცირებას და სხვა.
მტვრით ექსპოზიციის შემთხვევაში შესაძლეველია შემდეგი სიმპტომები:
· ალერგიული რეაქციები და ასთმის შეტევები;
· სუნთქვის პრობლემები;
· გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამწვავება
მაღალი ტემპერატურა და მტვრის მასები გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:
· ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები;
· ასაკოვანი მოსახლეობა;
· ადამიანები სასუნთქი სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით;
· დიაბეტის მქონე პირები.
რეკომენდაციები:
· მოერიდეთ გარე საქმიანობას და შეეცადეთ მცირე დრო დაჰყოთ გარეთ; განსაკუთრებით თუ გაქვთ ასთმა, დიაბეტი ან სუნთქვის უკმარისობა, რომელიმე ქრონიკული დაავადება;
· დაიფარეთ ცხვირი და პირი ნიღბით ან ნესტიანი ქსოვილით, რათა შეამციროთ მტვრის ნაწილაკებით ექსპოზიცია;
· დარჩით შენობაში, სადაც ფანჯრები და კარები დახურულია;
· თუ თქვენ ხართ დაავადებული ასთმით ან გაქვთ სხვა სახის რესპირატორული დაავადება და გამოგივლინდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ხველა, ხიხინი, ან გულმკერდის ტკივილი, დაიცვათ დანიშნული მკურნალობის გეგმა. თუ სიმპტომები კვლავ გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close