მარნეულში, სადაც გუშინ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების მოთხოვნით აქციას მართავდა, დღეს 8 სატვირთო მანქანა შევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერი ზაურ დარგალი ესაუბრა. როგორც დარგალი აცხადებს, მოსახლეობის დახმარების საკთხში სოფლის მეურნეობის სამინისტროც აქტიურადაა ჩართული და ეს ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

„მოსახლეობას მოსავლის გატანაზე აქტიურად ვეხმარებით, დღეს სოფლებში მინიმუმ, 8 ათტონიანი მანქანა შევა, რათა პროდუქციის გატანა მოხდეს. ამ ყველაფერში, რომ მოსახლეობის პროდუქცია რეალიზაციაში გავიდეს, მაქსიმალურად ვართ ჩართულები. ეს პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროც აქტიურადაა ჩართული, რომ ხალხს მოსავლის გატანის პრობლემა არ ჰქონდეს“, – განაცხადა დარგალმა.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვდნენ.

კომენტარები