პოლიტიკა

აპრობირებული სცენარი, რომლითაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სახელმწიფო ფულს იჯიბავენ

,,ის, რაც გააკეთა ქობულეთში მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბადრი რომანაძემ, უცნაური, მაგრამ საკმაოდ აპრობირებული სცენარია ჩვენს მუნიციპალიტეტებში: ჯერ იმუშავა საჯარო სამსახურში, შემდეგ კი გადავიდა ბიზნესში, გახდა კომპანია “ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი და 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ამ კომპანიამ 18 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. რომანაძის დირექტორობამდე ამ კომპანიას მხოლოდ ერთი მუნიციპალური ტენდერი ჰქონდა მოგებული მხოლოდ 18 ათას ლარზე. “რომანაძის ფორმულა” გულისხმობს იმას, თუ როგორ იყენებენ ყოფილი საჯარო მოხელეები საკუთარ კავშირებსა და გავლენებს საკუთარი ბიზნესის კეთილდღეობისთვის” _ წერს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი” შეასრულებს. მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 18 მარტს გააფორმა. აუქციონის გარეშე გამართული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ დაიწუნა შპს “Award”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კომპანია ტენდერს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა. კომისიამ უპირატესობა მიანიჭა შპს „ჯორჯიან სტოუნს”, რომლის შეთავაზება – 4,637,636 ლარი – მცირედით ჩამორჩებოდა ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (4,773,769 ლარი).

ჯორჯიან სტოუნი”, რომლის დირექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა, ამავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. 2019 წელს სწორედ ამ კომპანიამ შეასრულა ქობულეთის სანაპირო ზოლის ზღვისპირა პარკის 2,770,077 ლარის ღირებულების პირველი ეტაპის სამუშაოებიც.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს სავარაუდოდ არგებს „ჯორჯიან სტოუნის” ინტერესებს, რაც ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის  საგანი უნდა გახდეს. საყურადღებოა, რომ კომპანიამ სსიპ „ბათუმის ბულვარის” შესყიდვებში ასევე კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

„ჯორჯიან სტოუნის” შესყიდვები და კავშირები ქობულეთის მუნიციპალიტეტთან

„ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძეა. იგი 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. ბადრი რომანაძის კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე „ჯორჯიან სტოუნმა” მხოლოდ ერთ (ბათუმის მერიის გამოცხადებულ) ტენდერში გაიმარჯვა 2013 წელს. გაწეული სამუშაოებისთვის კომპანიამ 18,000 ლარამდე მიიღო.

სწორედ რომანაძის საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო „ჯორჯიან სტოუნის” გამარჯვება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „ჯორჯიან სტოუნმა” 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 27 ტენდერში გაიმარჯვა, ამასთან, გაუფორმდა გამარტივებული შესყიდვის (755,374 ლარის ღირებულების) ერთი ხელშეკრულება და ჯამში 18,809,434 ლარი მიიღო, რომლის 38%-ზე მეტი უკონკურენტო ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 6,184,705 ლარის ღირებულების 7 ტენდერში კომპანია უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ხოლო 5 ტენდერში „ჯორჯიან სტოუნმა” კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

ჯამში, კომპანიამ ბოლო 6 წლის განმავლობაში სამშენებლო მასალების მიწოდებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის შემსყიდველი ორგანიზაციებიდან 27,031,328 ლარი მიიღო. ამ თანხის 70% (18,809,434 ლარი) „ჯორჯიან სტოუნს” ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აქვს მიღებული.

გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ბადრი რომანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო, ამავდროულად, მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძისა და ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად რომანაძის ნათესავია. მინდია და ზვიად რომანაძეები ძმები არიან. მინდია რომანაძე 2018 წლის მაისში ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოდან მივიდა, მანამდე კი 2011-2015 წლებში ქობულეთში კახი კალაძის კუთვნილი სასტუმრო „კოლხეთის” დირექტორი იყო.

საყურადღებოა ცხრილში მოცემული პირველი სამი შესყიდვის პირობები: ტენდერებში მონაწილე კომპანიას ორ შემთხვევაში უნდა ჰქონოდა 1,5 მილიონი ლარის, ხოლო ერთ შემთხვევაში – 2,5 მილიონი ლარის ღირებულების დეკორატიული ფილების დაგების გამოცდილება. ტენდერის ერთადერთი მონაწილე „ჯორჯიან სტოუნი” დეკორატიული ფილებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სხვა მასალების მწარმოებელი საწარმო „ლეგის” შვილობილია, რაც მას სამშენებლო პროდუქციასთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. პირობებში ამ პუნქტის დამატება სხვა პოტენციური მონაწილეებისთვის ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობას ზღუდავდა.

ასევე, ცხრილიდან ჩანს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი 7-დან 6 შემთხვევაში ტენდერში კონკურენტის გარეშე მონაწილე „ჯორჯიან სტოუნის” მიერ შეთავაზებული ფასით აფორმებს ხელშეკრულებას მიმწოდებელთან.

„ჯორჯიან სტოუნთან” დაკავშირებული კომპანიების სარგებელი მთავრობისგან

„ჯორჯიან სტოუნი” 2011 წელს დაფუძნდა. მის 100% წილს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეკორატიული ფილების და სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებელი, 2011 წელს რეგისტრირებული საწარმო „ლეგი” ფლობს. „ლეგის” 100% წილი შპს „ნეოსტარის” საკუთრებაშია, თავის მხრივ კი „ნეოსტარის” მესაკუთრე უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ეზიკია.

საქართველოს მთავრობამ „ნეოსტარს”, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, 2017 წლის 24 იანვარს, 88-ე განკარგულებით, ლილოს დასახლებაში 1 ლარად 97,470 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაეხსნა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და პროექტში 3,508,920 ლარის ინვესტირება მოეხდინა. იმავე წლის სექტემბერში კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა, აღებული სესხის დასაფარად კი „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში საბანკო სესხის დასაფარად ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.

ეს არ არის ერთადერთი ქონება, რომელიც ლეონიდ ეზიკის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა მიიღეს. 2011 წლის 18 ივლისს, შპს „ლეგიმ” აჭარის მთავრობისგან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ასევე 1 ლარად, 32,382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიიღო. სიმბოლურ ფასად ქონების პირდაპირი მიყიდვის სანაცვლოდ, კომპანიამ ვალდებულებად აიღო ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის მშენებლობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

„ლეგი” სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობს: 2011 წლიდან დღემდე, ძირითადად, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებული იურიდიული პირების შესყიდვებში იმარჯვებს, ჯამში კი ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 250,000 ლარზე მეტი აქვს მიღებული.

„ჯორჯიან სტოუნის” მონაწილეობა ბათუმის ბულვარის შესყიდვებში

შპს „ჯორჯიან სტოუნი” მონაწილეობდა სსიპ „ბათუმის ბულვარის” მიერ ფილების დასაგებად, ქვეითთა ბილიკების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებულ შესყიდვებშიც. კომპანიამ ასეთ ტენდერებში მონაწილეობა 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო. ბულვარის ადმინისტრაციამ ბოლო 5 წელში ამ  ტიპის სულ 10 ტენდერი გამოაცხადა, რომელთაგან 2 უშედეგოდ დასრულდა, 3 მოიგო სხვა კომპანიამ, 5 კი – „ჯორჯიან სტოუნმა”. აღსანიშნავია, რომ 5-დან 4 ტენდერში კომპანიამ კონკურენტი შპს-ების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა, ერთი კი დაბალი ფასის შეთავაზების გამო მოიგო. მაგალითად, 2017 წლის 27 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში (NAT170001975), რომელშიც 3 კომპანია და 1 ფიზიკური პირი მონაწილეობდა, სატენდერო კომისიამ სხვადასხვა მიზეზის გამო ყველა მონაწილე დაიწუნა „ჯორჯიან სტოუნის” გარდა და ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზების მიუხედავად, უპირატესობა სწორედ ამ კომპანიას მიანიჭა.

შპს „ჯორჯიან სტოუნმა” 2017-2018 წლებში „ბათუმის ბულვარის” 5 შესყიდვიდან  2,648,428 ლარი მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დროულად დაიწყოს მოკვლევა ბოლო წლებში  ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სადაც „ჯორჯიან სტოუნი” უკონკურენტოდ ან ტენდერებში სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებს. ასეთი სატენდერო პოლიტიკა  კორუფციის რისკის შემცველია, თუ  იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე წლების განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი იყო.

წყარო: transparency.ge

Related Articles

Back to top button
Close