საზოგადოება

“ლეოგრანდის” მფლობელი ბოდიშს იხდის

სასტუმრო “ლეოგრანდის” მფლობელი ეროლ ავგორენი სასტუმროს ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ძალიან ძნელია შევარჩიო სიტყვები, რომლებიც გამოხატავს ჩემს მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით. სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტის თითოეული წარმომადგენელი მზად ვართ მივიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა სრულად დადგინდეს ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. კომპანია მზადაა, გარდაცვლილთა ოჯახების თანხმობის შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ მატერიალური მხარდაჭერა, იზრუნოს გარდაცვლილთა შვილების განათლებაზე თუ მათი ოჯახის წევრების დასაქმებაზე. გვესმის, ეს მათ ვერ აუნაზღაურებს ახლობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, თუმცა სხვა სახით თანადგომის გამოხატვა შეუძლებელია. ამ მწუხარების ჟამს, მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფო სამსახურების თითოეულ თანამშრომელს და სასტუმროს პერსონალის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იხსნეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ტრაგედიის დროს მე თავად ვიმყოფებოდი სასტუმროში და ჩემი თვალით ვნახე მათი თავდადება. ვნახე ნამდვილი გმირობის მაგალითები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო განმარტება მიმდინარე წლის 27 ნოემბერს თურქულ პრესაში ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ ძვირფასი წამები დაიკარგა, ვინაიდან მე-6 სართულზე მყოფი სტუმრების ნაწილი სავარაუდოდ გაემართა გასახდელისკენ. ერთი წამითაც არ მქონია აზრად ვინმესთვის, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი სტუმრებისათვის პასუხისმგებლობის გადაბრალება. ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა დატოვა ამგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, 11-ვე ოჯახს ვუხდი ბოდიშს იმისათვის, რომ ჩვენთან მოსული სტუმრების სიცოცხლე ვერ შევინარჩუნეთ”,- წერია ეროლ ავგორენის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close