,,ქართული მარში”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლადო სადღობელაშვილმა ციხიდან  წერილი გამოგზავნა. გთავაზობთ უცვლელად:

,,საღამო მშვიდობისა მეგობრებო,
მეც ძალიან მომენატრეთ ყველა!

ადამიანი უნდა ისჯებოდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის. დანაშაულის გარეშე არ უნდა არსებობდეს სასჯელი. და თუ ადამიანს ემუქრება სასჯელი, ის ზუსტად უნდა შეესატყვისებოდეს იმ ქმედებას, რაც მან ჩაიდინა.

რა ჩავიდინე მე 2018 წლის 19 მარტს ?

მინდა ცივი გონებით შევხედოთ ამ ყველაფერს და დავაფიქსირო მხოლოდ ფაქტები, რომელთა გადამოწმება, ინტერნეტის მეშვეობით, შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
– მივედი რ2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი აზრის გამოსახატავად;
– გამოვიდა გიორგი გაბუნია მანქანით;
– არ ვაძლევდი წინ წასვლის საშუალებას (15 წუთში მანქანა უკან შეიყვანეს რ2-ის ტერიტორიაზე და ამაში ხელი არავის შეუშლია);
– ვითხოვდი გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას;
– ვაგინებდი;
– მოვიდა პოლიცია. მე ვემორჩილებოდი მის მოთხოვნებს (ეს კარგად ჩანს თუნდაც იმ ატვირთულ პატარა ვიდეოში, რაც დევს ჩემს სისხლის სამართლის საქმეში);
– დამაკავეს.

ეს არის მშრალი ფაქტები, რეალობა, რაც მე ჩავიდინე 2018 წლის 19 მარტს.

სახელმწიფომ გადაწყვიტა ჩემი დასჯა. კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს ორი გზა: მე უნდა დავისაჯო ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული – „წვრილმანი ხულიგნობისთვის“ ან სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული – „ხულიგნობისთვის“.

მინდა ისევ გავაგრძელო საუბარი ფაქტებზე, ამიტომ მოვიყვანოთ ზემოთხსენებული ორი მუხლის დეფინიცია:

მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა
საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

მუხლი 239 ხულიგნობა
სსკ-ის 239-ე მუხლიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ხულიგნობად, მას უნდა ახასიათებდეს შემდეგი ნიშნები:
1. ამ ქმედებით უხეშად უნდა ირღვეოდეს საზოგადოებრივი წესრიგი;
2. ეს ქმდება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობას;
3. აღნიშნული ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

კანონმდებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 239-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები არის კუმულაციური, რაც იმას ნიშნავს, რომ ხულიგნობის არსებობისთვის ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ნიშანი სახეზე უნდა იყოს ერთდროულად. თუნდაც ერთ-ერთი ნიშანის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას.

ძალადობა ან ძალადობის მუქარა – ეს არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი წვრილმან ხულიგნობასა და ხულიგნობას შორის; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის.

ვერავის დედამიწის ზურგზე ვერ დადებს ვერც ერთ მტკიცებულებას, რომ მე ვლადიმერ სადღობელაშვილმა ჩავიდინე ძალადობა ან ძალადობის მუქარა. სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურას არ აქვს არც ერთი ასეთ მტკიცებულება და ვერც ექნება, რადგან მე არ ვარ მოძალადე.

ამიტომ აგერ უკვე ორი თვე და 11 დღეა ვარ უსამართლო ქვეყნის უკანონო პატიმარი.

ადვოკატი,
ლადოს თხოვნით”.

კომენტარები