კომპოზიტორი გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია, მათ შორის – “საბჭოთა ოსკარად” წოდებული პრიზის, “ნიკას”, მფლობელი. 1987 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირმა გია ყანჩელი საუკეთესო კომპოზიტორად დაასახელა. იმხანად მას 30-მდე ფილმისთვის ჰქონდა მუსიკა დაწერილი. თუმცა პრიზი გია დანელიას “ქინძაძასთვის” გადასცეს. 1967 წელს ელდარ შენგელაია “არაჩვეულებრივი გამოფენის” გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, პირველივე ფილმებში გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მაინც არ იყო კმაყოფილი – როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას სჭირდებოდა კომპოზიტორი, “დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით”… “არაჩვეულებრივ გამოფენაზე” მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის, გია ყანჩელის, პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა “კინემატოგრაფიულია”.

გია ყანჩელისთვის ორგანულად უცხოა პათეტიკა. იგი სიამოვნებას ღებულობს იქ, სადაც ყოფითი, ადამიანური ჭარბობს და შეუძლია შექსპირის დრამატურგიაც კი ცირკად, ბალაგანად აქციოს. ამ მხრივ, ბედმაც გაუღიმა, რობერტ სტურუასთან ერთად რომ შეძლო თანამშრომლობა თეატრში…

გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით, ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა “შერეკილებზე” მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა – ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც, მართლაც რომ, ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის “ფოლკლორული თემა”, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში, ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი (“ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა”). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, “შერეკილების” იდეას გამოხატავს, – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, – მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის – კინომუსიკაში.

ამის მაგალითად გია დანელიას “არ იდარდოს” გახსენებაც საკმარისია. ფილმში, რომელიც “არაჩვეულებრივი გამოფენის” დასრულებიდან ერთი წლის შემდეგაა გადაღებული, მუსიკა ქმნის დინამიკურ პულსაციას და განსაზღვრავს კიდეც სურათის ტრაგიკომიკურ ჟანრს. გაიხსენეთ თუნდაც ფსევდოქელეხი, რომელშიც გარდასახვა მიცვალებულის მოხსენიებიდან ცეკვა-თამაშამდე გამოიხატება…

მერე სისტემა დაინგრა, საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო. გია ყანჩელი ბერლინში გაემგზავრა.

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება:
ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.გია

 

კომენტარები