,,ისევ ძალაშია გადასახადი და შეცდომაში არ შეხვიდეთ!”_ ხელისუფლების ერთადერთი პირობა, პირობად რჩება
,,გახსოვთ ალბათ გახარიას ანტიკრიზისული გეგმა. ხოდა ამ გეგმიდან საშუალო ფენაზე და წვრილ ბიზნესზე ერთადერთი პუნქტი იყო გათვლილი, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება კონკრეტული კრიტერიუმებით.
ხოდა, ეს ერთადერთი პირობაც კი პირობად რჩება და არ სრულდება !!!
ჯერჯერობით ისევ ძალაშია გადასახადი და შეცდომაში არ შეხვიდეთ” _ განაცხადა ადვოკატმა მარიკა არევაძემ.
როგორც ვიცით, პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად უნდა მომხდარიყო ყველა იმ ადამიანისა და კომპანიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, 6 თვის განმავლობაში, ვინც შეინარჩუნებდა სამუშაო ადგილს.
მოხდა თუ არა დაპირების შესრულება, ამ საკითხზე euronews.ge ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა.
_ რა ხდება დაპირებულ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით ?
_ ყველას გვახსოვს, რომ 24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მნიშვნელოვნად ქვეყნის საშუალო ფენა და მცირე ბიზნესი დაზარალდა, სამწუხაროდ, ამ გეგმაში ბიზნესისა და საზოგადოების ეს ნაწილი პრაქტიკულად უგულვებელყოფილი იქნა. გეგმის ნათელი წერტილი, რომელიც შეიძლებოდა ამ ნაწილს შეხებოდა იყო დაპირება საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება. იმისათვის, რომ მთავრობის დაპირებული ეს ცვლილება, კერძოდ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და შეღავათიანად დაბეგვრა კონკრეტული კრიტერიუმიების შემთხვევაში რეალობად იქცეს, აუცილებელია, რომ ცვლილება ჩაიწეროს საგადასახადო კოდექსში. რადგან საშემოსავლო გადასახადის, ისევე როგორც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სხვა გადასახადების შემთხვევაში – გათავისუფლების ან სხვაგვარი შეღავათის გაწევის ან ცვლილების შესახებ სწორედ კოდექსში უნდა იყოს ჩაწერილი. ამ კოდექსში ბოლო ცვლილება შესულია 2020 წლის 17 მარტს და ეს ცვლილება არავითარ კავშირში არ არის საგადასახადო შეღავათთან. 24 აპრილის შემდეგ კი, ანუ იმ დღის შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა საგადასახადო შეღავათები დააანონსა, კოდექსს ცვლილება არ განუცდია.
_ აღნიშნულმა მდგომარეობამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ბიზნესზე?
_ ეს დაპირება თუ დაპირებად დარჩა, ვფიქრობ, დიდი პრობლემის წინაშე დადგება ბიზნესი და თვითდასაქმებული ფიზიკური პირები, ვინაიდან ბევრმა შეიძლება ისე გასცეს ხელფასები, რომ სჯეროდეს, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან და სამომავლოდ, ამის გამო დაჯარიმდეს. ასევე, ზოგი შეიძლება ელოდება ცვლილებას და ამის გამო, ამ დროისათვის არ/ვერ გასცემს ხელფასებს – რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ შემოსავლის გარეშე რჩებიან. ამასთან, თუ რაიმე ცვლილებას მართლა აპირებენ, ეს დროულად უნდა მოახდინონ, სანამ პანდემია და ხალხი თუ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, თორე ეს კრიზისი თუ გადალახა ხალხმა ან გადაყვა პრობლემებს – მერე რაღა აზრი აქვს ცვლილებებს ?
_ რას ურჩევთ ხალხს ?
_ ვურჩევ, შეცდომაში არ შევიდნენ და სანამ ცვლილება არ განხორციელდება, იცოდნენ, რომ დაბეგვრის იგივე წესი მოქმდებს. ასევე ვურჩევ, რომ ერთხმად მოსთხოვონ მთავრობას ამ დაპირების დაუყოვნებლივი შესრულება.