ირაკლი ჟვანია: ბიძო, ქვეყანა კუბიკ-რუბიკი არაა, ხელში ატრიალო და მერე ვერ ააწყო
ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:
_ ყოველგვარი სარკაზმის გარეშე –
წინა წლების თავდაჯერებული გამოსვლებისგან განსხვავებით, ძალიან დიდ პრობლემაში მყოფი კაცის გამოსვლა ვნახეთ გუშინ. კაცის, რომელმაც დაინახა და შინაგანად გრძნობს, რომ ვერ ახერხებს ქვეყნის ფეხზე დაყენებას, მიუხედავათ მისი შესაძლებლობებისა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მოიძებნოს დამნაშავე და ის მოიძებნა: კვირიკაშვილის სამეული+ქართველი ბანკირები, რომლებმაც გადაჭამეს ქვეყანა, რაც ისედაც ვიცით დიდი ხანია. ეხლა ამათ დაეცემა მეხივით “სამართალდამცავი სისტემა” და ხალხიც გახარებული იქნება, რომ რამოდენიმე მილიონერი დაისჯება სახალხოდ. მერე რა?
როგორი არასერიოზულია ეს ყველაფერი…
სამ კაცს დაუქცევია თურმე მთელი სახელმწიფო…მგონია, რომ თვითონაც იცის რომ ეს ასე არაა. ოდნავ ჯანსაღ სისტემასაც კი ერთი და ორი კაცი ვერ დაშლის, მითუმეტეს პარტიულ გუნდს. რომლის დაშლის საშიშროება თურმე არსებობდა, როგორც თვითონ სთქვა. აუცილებლად იარსებებდა, იმიტომ რომ არ შეიძლება დროს გაუძლოს გუნდმა რომელიც ერთი კაცის ტაშის კვრითაა მოტივირებული და ნიჭის ნასახიც კი არა აქვს, არც იდეაა აქვს და არც მეგობრობა ერთმანეთში, ერთ ან ორ გამონაკლისს თუ არ ჩათვლი.
კაცი, რომელიც სოფლიდან წამოვა და მილიარდებს იშოვის, სულელი ვერ იქნება უთუოდ. მაშინ რატომ უშვებს ეს კაცი ასეთ საბედისწერო შეცდომას – რატომ იღებს მის თავზე ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში?! სტალინიც კი არ აკეთებდა ამას და ყველა გადაწყვეტილებას პოლიტბიუროს და ცკ სახელით ახმოვანებდა, ისტორიამ იცის. რომ მხოლოდ ის არ ყოფილიყო პასუხისმგებელი. ბიძო, მიეცით ხალხს საშუალება აირჩიოს ვინც უნდა და ხალხმა ატაროს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდება! ეგ იქნება დემოკრატიაც და თქვენც წყნარად იქნებით პატივცემულო. რატომ ცვლით ერთპიროვნულად კუბიკ-რუბიკივით ამ სახეებს ხალხის უკითხავად და ამით საკუთარ თავს აყენებთ დარტყმის ქვეშ? რის ევროპას აოცებთ და რომელი დემოკრატიით, ბრეჟნევის დროს არ ყოფილა ასეთი ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში? მაშინ პასუხის გაცემაც ერთ კაცს მოუწევს. ქვეყანა კუბიკ-რუბიკი არაა, ხელში ატრიალო და მერე ვერ ააწყო. მილიონობით ადამიანის ბედზეა საუბარი, ხალხზეა საუბარი. რომელიც ითმენს მაგრამ ერთხელაც იქნება პასუხს მოითხოვს. არასოდეს არ თქვა არასოდეს, ნათქვამია. ეს მილიარდელებსაც ეხებათ, ისევე როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს.