რელიგია

თბილისში, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელზე ხუთი ეკლესიაა აგებული

წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელზე თბილისში ხუთი ეკლესიაა აგებული:
ქინძმარაულის ქუჩაზე, ნავთლუღის სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ეკლესია VIII საუკუნეში აუშენებიათ. ის ერთნავიანი ბაზილიკური ტიპისაა და ქვითკირითაა ნაგები. ეტყობა, მრევლის მრავალრიცხოვნობის გამო, სუმბათაშვილებს მოგვიანებით ტაძარი დასავლეთით გაუფართოებიათ. ეს გვარი მუდამ ზრუნავდა ეკლესიის გამშვენებაზე. 1834 წლის 20 სექტემბერს სუმბათაშვილის ქვრივმა მელანიამ თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს, დაევალებინა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ნიკიფორესთვის, ეკურთხებინა ნავთლუღის წმინდა ბარბარეს განახლებული ტაძარი. 1834 წლის 26 ოქტომბერს ტაძარი აკურთხეს წმინდა ბარბარეს სახელზე, რის შესახებაც არქიმანდრიტმა ნიკიფორემ, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა გაბრიელ ქართველოვმა და დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა აცნობეს ეგზარქოსს.

1835 წლის გაზაფხულის წვიმებმა თურმე ტაძარი ისე დააზიანა, რომ იქ წირვა-ლოცვა შეწყვეტილა. იმავე წლის ივნისში სოლომონ, ასლან, ალექსანდრე და მიხეილ სუმბათაშვილებმა ეგზარქოსისგან ეკლესიის აღდგენის ნებართვა ითხოვეს. მალე ტაძარი კვლავ განახლდა. ეკლესიის პატარა გუმბათი გვიანდელია.

საბჭოთა პერიოდში ტაძარს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, წირვა-ლოცვა 1990-იან წლებამდე მიმდინარეობდა საეკლესიო სლავურ ენაზე. ტაძარს ჰყავს მგალობელთა გუნდი. 2001 წლის აგვისტოში შეიღება სახურავი, განახლდა ტაძრის ეზოში დაკრძალული ეკლესიის ძველი წინამძღვრის, სქემმონაზონ კირილეს (1906-1967წ.წ.) საფლავი. წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ეკლესიაში დასვენებულია წმინდა ბარბარეს XVII ს-ის სასწაულთმოქმედი ხატი, ყოველთა წმიდათას ხატი, XVI საუკუნის აღდგომის ხატი და სხვა.

ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო ეკლესია ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზეა. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის პირად ფონდში დაცული ამ ტაძრის შემოსავალ-გასავლის წიგნით ირკვევა, რომ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია შედიოდა დეკანოზ პეტრე არდაზიანის საბლაღოჩინოში. ეგზარქოსი ყოფილა ყოვლადუსამღვდელოესი იონა (ვასილიევსკი). ეკლესიის გარშემო ყოფილა სასაფლაო. დღევანდელი საყდარი აშენებულია დამწვარი ძველი ხის ეკლესიის ფუძეზე.

მშენებლობა დაუწყიათ 1827 წელს. წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო ეკლესია თავად ჩიჯავაძეთა საგვარეულო სალოცავი იყო. სხვადასხვა დროს ამ ტაძარში მოღვაწეობდნენ მღვდლები: იოსებ და თეოფანე ჩიჯავაძეები, ეფრემ სიდამონიძე – შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, რომელიც, გადმოცემით, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად ამ ტაძარში მოსულა და ჩოქვით შემოუვლია ტაძრისთვის გარს, შემდეგ ტაძარში შესულა და ულოცია. ამავე ტაძარში მოღვაწეობდა დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი, რომელმაც ეკლესიას ქვითკირის გალავანი შემოავლო. დეკანოზმა საბა დურდიაშვილმა მეხის დაცემის შედეგად გაბზარულ ეკლესიას სალტეები შემოარტყა.

ეკლესია აგურით ნაშენი ერთნავიანი გუმბათიანი ბაზილიკაა სამრეკლოთი. ტაძრის მთავარი სიწმინდეა წმინდა დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილი, რომელიც 1883 წელს კიევიდან ჩამოაბრძანა მამა გიორგი რაზიკაშვილმა, უკრაინის იმდროინდელი ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ლოცვა-კურთხევით.

წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო ეკლესია საბჭოთა პერიოდშიც ფუნქციონირებდა. 1970 წლიდან 1980 წლამდე ამ ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი ამირან შენგელია, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვის დამკვიდრებაში. ეკლესიაში წლების მანძილზე გალობდა ქართულ-რუსული გუნდი. 1980 წლის 4 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში წირვა ჩაატარა ურბნელმა მთავარეპისკოპოსმა კონსტანტინემ. წირვა-ლოცვა ჩატარდა ქართულ-რუსულ ენაზე. საღამოს მრევლი დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

1981 წლიდან დღემდე ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე. 1982 წელს მისი თაოსნობით ტაძარი გარემონტდა, კედლები შეიღება, თუნუქით გადაიხურა, ხოლო ტაძრის დასავლეთით გადაღობილი ნაწილი გაიხსნა, შეიძინეს ეკლესიისთვის საჭირო ნივთები. ტაძრისთვის დაიწერა წმინდა ბარბარეს, წმინდა დარიას, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა თამარ მეფის, წმინდა ქეთევან წამებულის, წმინდა დავით აღმაშენებლის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები.

1993 წლის 1 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბავშვთა ფედერაციის სასახლეს ესტუმრა. უწმინდესმა სურვილი გამოთქვა, სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა მფარველი წმინდანის, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია დაარსებულიყო.

პატრიარქის სურვილის განხორციელება ითავეს საქართველოს ბავშვთა ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლაშა კიკალიშვილმა და ფედერაციის თავმჯდომარემ კობა გილაშვილმა.

მხარდაჭერის ნიშნად, უწმინდესმა და უნეტარესმა 1993 წლის 17 დეკემბერს ბავშვთა ფედერაციას ტაძარში დასაბრძანებლად გადასცა წმინდა ბარბარეს ხატი წმინდა ნაწილებით.

ტაძრის მშენებლობას დიდად შეეწია სააქციო საზოგადოება “რუსთავცემენტი”.

დარბაზული ტიპის ეკლესიის პროექტი უსასყიდლოდ შეადგინა არქიტექტორმა არჩილ მინდიაშვილმა.

2000 წლის 17 დეკემბერს ტაძარი აკურთხა ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა. ამავე დღეს ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

ტაძარი მოხატულია. მისი წინამძღვარია დეკანოზი ზაზა (ბეჟანიშვილი).

სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის აშენების იდეა 1998 წელს საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმებს: მერაბ ჯოხარიძეს, კახა ბუბაშვილს, მარინე ინწკირველსა და თინათინ ქორიძეს დაებადათ. ექიმები თვლიდნენ, რომ ტაძრის სიახლოვე გააიოლებდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პატარა პაციენტთა მონათვლასა და ზიარებას. გარდა ამისა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ტაძრის აშენება საბოლოოდ აღკვეთდა დაინტერესებულ პირთაგან ტერიტორიის მითვისებისა და პირადი მიზნებისთვის გამოყენების მცდელობას. ექიმები დაუკავშირდნენ მამა ბესარიონ მენაბდეს, რომელმაც ისინი პატრიარქს წარუდგინა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით საავადმყოფოში შეიქმნა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი მერაბ ჯოხარიძის ხელმძღვანელობით, მაგრამ ფონდმა ვერ შეძლო სამშენებლო თანხის შეგროვება.

ტაძრის აშენება გადაწყვიტა ბატონმა დევი ქუთათელაძემ. სამოქალაქო ომის პერიოდში მას დაეღუპა მეუღლე (ქალბატონი ირმა დუნდუა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა). მერე ვაჟიც გარდაეცვალა. ამ უბედურებით სასოწარკვეთილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გარდაცვლილი ცოლ-შვილის სულის საოხად ეკლესიის მშენებლობის დაწყება ურჩია.

ეკლესიას 1999 წლის 12 აგვისტოს – ბატონი დევის ვაჟის – ვიტალის დაბადებისა და გარდაცვალების მეორმოცე დღეს ჩაეყარა საფუძველი.

მშენებლობის პროცესში ბატონ დევის მხარში ედგა სულიერი მოძღვარი, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე), ხოლო მატერიალურად დაეხმარნენ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე ბატონი გია ჭანტურია და ბატონი ვლადიმერ გურგენიძე.

დარბაზული ტაძრის პროექტი უსასყიდლოდ შეადგინა არქიტექტორმა ლერი კუპრაშვილმა. 2002 წლის 17 დეკემბერს მეუფე დანიელმა ტაძარი აკურთხა.

ტაძარი აიგო ანანურის, ნიჩბისის, ზაჰესის კლდის ქვებითა და ძველი ქართული წითელი აგურით. იატაკი დაგებულია ხარაგაულის კირქვით. ტაძრის კანკელი, კარები და ხის სამუშაოები შეასრულა გია მუზაშვილმა. ტაძარს წმინდა ბარბარეს დიდი ხატი შესწირა ტარიელ მენაბდემ.

ტაძარს აქვს დასავლეთის და სამხრეთის შესასვლელები. ეკლესიაში მოწყობილია ქორედი მგალობელთათვის. დასავლეთის შესასვლელის ხის ჩუქურთმოვანი კარების თავზე გამოყვანილია ბოლნური ჯვარი ორი წარწერით: “შეიწყალე, უფალო, მხევალი ღვთისა ირმა”, “შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა ვიტალი”. ტაძარი გადახურულია წითელი კრამიტით და აგვირგვინებს ლამაზი ჯვარი. ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ილია წერეთელი.

ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირზე (კინოთეატრ “საქართველოსთან”) მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მშენებლობა 1999 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ავტორია არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი. დარბაზული ტიპის ეკლესია მთლიანად შემოწირულობით აშენდა. ტაძრის აგების იდეა წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ეკლესიის მოძღვარს, დეკანოზ კახაბერ ნათაძეს ეკუთვნოდა. ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო და ქვემო ეკლესიების შემდეგ ეს პირველი ეკლესიაა თბილისში, რომელიც წმინდა ბარბარეს სახელზე აკურთხეს 1999 წლის 17 დეკემბერს. იგი აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა. იმავე დღეს ტაძარს ესტუმრა და წმინდა ბარბარეს სავედრებელი პარაკლისი აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

წყარო: http://karibche.ambebi.ge

 

Related Articles

Back to top button
Close