საზოგადოება

თანამდებობის პირები დეკლარაციებს არასრულად ავსებენ და ქონებას მალავენ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

კვლევის ფარგლებში 30-მდე დეკლარაცია იქნა შესწავლილი, რომელთაგან 4 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების, 2 შემთხვევაში კი შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს სათანადო დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.

არადეკლარირებული ქონება

კახაბერ მახათაძე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი

კახაბერ მახათაძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი არის შპს “იმერეთი 777” 34% წილის მფლობელი, მან ასევე არ ასახა დეკლარაციაში, რომ მისი მეუღლე ნატო შავლაყაძე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

შპს MATO – 50 % იანი წილი;

შპს “მწვანე კონცხი” 10% წილი;

შპს “თბილისის ტაქსი” – 50 წილი.

აღსანიშნავია, რომ კახაბერ მახათაძე დეკლარაციის მიხედვით ფლობს შპს “იმერეთი 2011”-ის 65% წილს, აღნიშნულმა კომპანიამ 2012-2015 წლებში გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე 9 ხელშეკრულება გააფორმა, აქედან 2 ხელშეკრულება გაფორმდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან, რომელთა საერთო ღირებულებამ 3446 ლარი შეადგინა.

კახაბერ მახათაძემ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2016 წელს 50 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს – 40 000 ლარი შესწირა.კობა გოჩელეიშვილი – ზესტაფონის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე

 

კობა გოჩელეიშვილმა 2018 წლის იანვარში დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ალმაკოს” 33% წილის მფლობელი.ტენდერები

დავით მესხიშვილი – ზესტაფონის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსის მ/შ 2017 წლის ნოემბრიდან

დავით მესხიშვილის მიერ 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ მამამისი – ნოდარი მესხიშვილი არის შპს “ზესტაფონპროექტის” დირექტორი და 30%-იანი წილის მესაკუთრე.

აღსანიშნავია, რომ შპს “ზესტაფონპროექტმა” 2015-2017 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული 20 ტენდერი მოიგო, რომელთა საბაზრო ღირებულებამ, დაახლოებით, 87 000 ლარი შეადგინა.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close