სიღნაღის ამბები

ვინ იბრძოლებს თბილი სკამებისთვის ოცნებიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში

როცა გვეყოლება დამოუკიდებელი სამართალდამცავი სისტემა, მის ცოდვა-ბრალს თაროდან ჩამოიღებს, მტვერს გადააცლის და გოგიას იმას მაინც ჰკითხავს, ხალხი ხან ,,ბნელ გოგიას" რატომ გეძახდა და ხანაც ,,დამშრალ გოგისო"?

არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ, თუმცა მანძილი ამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში უფრო და უფრო მცირდება და სულ არჩევნების რეჟიმში ვართ, მუდმივად ბრძოლაში.

ვის ვებრძვით? არა, ნამდვილ მტერს _ არა, ერთმანეთს ვებრძვით. მტერი გვიყენებს და თეატრალური თოჯინებივით გვაომებს, თავად კი გაბადრული და მიზანმიღწეულია, რომ აგვრია, დაგვაპირისპირა, ფსკერთან მიგვაახლოვა… საქართველო ერთ დიდ ფსიქიატრიულს რომ დაამსგავსა, თეთრი ხალათებისა და გისოსების გარეშე. ყველა რაღაცაზე ჩხუბობს _ ცხადია, ერთმანეთთან და ვინმეს  როცა ჭკუა გადაუბრუნდება, ხოცავს კიდეც. მტერი? მტერი ხელშეუხებელია…

მოკლედ, ვახარებთ ლუციფერს, მაგრამ საფლავებში ვაბრუნებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც ტრადიციებსაც ღირსეულად ინარჩუნებდნენ და მტერსაც მთელი ღირსებით იგერიებდნენ. მათ აღარაფრით ვგავართ, ჩვენ უფრო მარიონეტების თეატრის გმირებს დავემსგავსეთ, რომლებიც მალავენ, რომ მარიონეტები არიან და თავგამოდებულები გვიმტკიცებენ, ნამდვილი ადამიანები ვართ, რასაც ვამბობთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აზრია და ნიშანი კიდევ ღვთისგან მოგვეცაო.

რაღა ბევრი გავაგრძელო და, შემოდგომას შიშით ვუახლოვდებით, რადგან რეალური არჩევნები გვიახლოვდება _ სკამებისთვის ბრძოლა. სამწუხაროდ, უკვე ხალხმაც იცის, რომ ეს სკამი ძალიან ბევრს მხოლოდ იმიტომ უნდა, დაძველებული ავტომანქანა გამოცვალოს, გაურემონტებელი ბინა გაირემონტოს, საქართველოს, ანდაც უცხოეთის რომელ წერტილშიც სახლი არ აქვს, იყიდოს და საკუთარი შთამომავლობა ნეტარებაში აცხოვროს. ისეთი ,,ფხა“ გამოიჩინოს, რომ მთელ გვარში მასზე ლეგენდები დადიოდეს _ კარგი, ალალი, კეთილი, პატიოსანი კაცი იყოო, ეს კი არ თქვან, მაგრად იცხოვრა, ტრ… ჰქონდა და დიახაც, ჭამა, ცოლი დედოფალივით აცხოვრა, შვილებს სორბონი დაამთავრებინა, მშობლებს საფლავებზე ძეგლები დაუდგაო და ა.შ.

მოკლედ, 99 პროცენტს, სკამი საკუთარი კეთილდღეობისთვის სურთ, არადა  თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობისთვის  უნდა უნდოდეთ და დაპირებებს ყოველდღიურად დღის სინათლეს უნდა აჩვენებდნენ და ასრულებდნენ.

ხალხმაც გაიგო, რომ არჩევნები ბლეფია, მათთან მისული კანდიდატები ხშირად იტყუებიან და ჰპირდებიან უამრავ რამეს, მერე კი ავიწყდებათ ვის რას დაჰპირდნენ… მაგრამ ხალხიც სცოდავს ამ საერთო ვაქხანალიაში, რადგან შიშს ვერ ძლევს, ჰგონია, რომ საარჩევნო ოთახში უთვალთვალებენ და თუ იმას არ შემოხაზავს, ვისიც ეშინია, მერე, ცუდ დღეში ჩავარდება ან ფულს სთავაზობენ და ისიც დღევანდელ კვერცხს ირჩევს, ხვალინდელ ქათამს კი წიხლს ჰკრავს, რადგან ფიქრობს, რომ ხვალ ის ქათამი ან იქნება და ან _ არა.

სიტყვა გამიგრძელდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყოველმხრივ ცოდვის ტრიალია და ამ ცოდვებით მძიმდება ჩვენი ქვეყანაც. ბოლო რა იქნება, ეს ღმერთმა იცის.

ნათქვამია, შორი გზა გაიარე და შინ მშვიდობით მიდიო. შესავალი ვრცელი გამოვიდა, თუმცა მინდა, მოგიყვეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, როგორ სურს ,,ქართულ ოცნებას”, რომ კვლავ  ,,კომპეტენტური” კადრებით დააკომპლექტოს მერია და საკრებულო.

უტყუარ წყაროს დავეყრდნობი. მოკლედ, ქალაქის მერად  ,,ქართული ოცნება” თურმე გოგია გოგილაშვილს აღარ წარადგენს. ეყო, რაც ჭამა და შეირგოსო, უთქვამთ. მეც ტრადიციას გავითვალისწინებ და გეტყვით, რომ წასულ ადამიანებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან _ არაფერს. მე არაფერი მირჩევნია, რადგან თუ დავიწყე, საუბარი დაუსრულებელი იქნება და დაგღლით. თუმცა ვფიქრობ, რომ, როცა გვეყოლება დამოუკიდებელი სამართალდამცავი სისტემა, მის ცოდვა-ბრალს თაროდან ჩამოიღებს, მტვერს გადააცლის და გოგიას იმას მაინც ჰკითხავს, ხალხი ხან ,,ბნელ გოგიას” რატომ გეძახდა და ხანაც ,,დამშრალ გოგისო”.

მერობის კანდიდატად თურმე მის მოადგილეს უპირებენ წარდგენას. აი, იმას, გასულ ზაფხულს რომ ჩამოვიდა ვაქირში და პირადად მითხრა: ,,როგორ, ამ საუბნო წყლით თქვენს ბოსტანს რწყავთ, გაგიჟდით?! სადაა ამდენი წყალი!”. ის დაავიწყდა, რომ სახელმწიფო უწყების დასკვნა გვეჭირა, სადაც ხაზგასმით წერია, რომ წყლის სასმელად გამოყენება დაუშვებელია. მერის მოადგილემ ვერ გვითხრა, რაში უნდა გამოვიყენოთ წყალი, რომელიც 8 დღეში 4 საათი მოგვეწოდება და მიუხედავად უწყლობისა, მაინც თვეში 6 ლარს ვიხდით. ვის ვუხდით კონკრეტულად ან რატომ 6 და არა 15, ჯერ ვერავის გაურკვევია.  წასვლის წინ ბეგიაშვილმა ბოდიშიც მოგვიხადა. რას ემსახურებოდა მისი ბოდიში, ბოლომდე ვერ გავიგეთ, მაგრამ მისგან ესეც არაჩვეულებრივი ჟესტი იყო და ამის გამო, მერობა ნამდვილად ეკუთვნის. ცხადია, ვხუმრობ, თუმცა, რა მეხუმრება…

ახლა ბეგიაშვილის ბიოგრაფიასაც გადავხედოთ, რომელიც, სავარაუდოდ, მალე სიღნაღის მერი უნდა გახდეს.

აი, ისიც: 1994-1996 წლებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, 1998-1999 წლებში –  საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე კახეთში, 1999-2001 წლებში – სიღნაღის რაიონის გამგებელი, 2003-2004 წლებში  იკავებდა  საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული მართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით  ,,ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები”, ასევე იყო აგრარულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (2004 წელს), 2004-2007 წლებში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

ჰოდა, ვინმე ოცნებისტის სუსი არ იყოს ნაციონალებზე და არც ის მკითხოთ, რატომო?!

თურმე მერის მოადგილეობას უპირებენ ყველასთვის ცნობილ ვანო მირიანაშვილს, რაიონმა მეტსახელად ,,ასხინკალა” რომ შეარქვა. ის იყო ,,ქართული ოცნების” ლიდერი საკრებულოში, საპარლამენტო არჩევნებში კი  შტაბსაც ხელმძღვანელობდა და დამატებითი შემოსავლის წყაროც ჰქონდა, თუმცა მასზე მედიაში ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდა. ვანოზეც საინტერესო ამბები ვრცელია, მაგრამ არჩევნებზე სანამ წახვალთ, მაინც გადაიკითხეთ:

,,ივანე მირიანაშვილი (იგივე ასხინკალა ვანო) არის სიღნაღის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე. მისი  ხელფასი 1300 ლარია. ასევე არის სიღნაღის რაიონული ორგანიზაცია ,,ქართული ოცნების” შტაბში აღმასრულებელი მდივანი _ ხელფასი

მთელი წლის განმავლობაში 700 ლარი, საარჩევნო პერიოდში 1000 ლარი აქვს. ამჟამად დაინიშნა ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსად სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე,  მალხაზ ხუციშვილი პარტიაში არის აქტივის კოორდინატორი.

კიდევ ერთი ,,შედევრი” _ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტს 20 000 ლარი დაუჯდა, შედეგად მივიღეთ …   (ანაგის ე.წ. სკვერად წოდებული)

სად წავიდა ბიუჯეტის ფული? ასხინკალა ვანოს კომპანიაში!

ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს?!” _ წერდა სამოქალაქო მოძრაობის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი, ნინო გოგოლაშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის ახალგახსნილი სკვერის ფოტოს აქვეყნებდა.

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზმა გამოკვეთა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ივანე მირიანაშვილისა და მისი გარემოცვის კერძო ინტერესები: მისი შვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ჯამში, 5,375,427.64 ლარის ღირებულების 44 ტენდერი  და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს.

ივანე მირიანაშვილი 2017 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა. მანამდე იგი იკავებდა პარტია „ქართული ოცნების“ სიღნაღის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს. 2013 წელს ივანე მირიანაშვილი იყო პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა გელაშვილის შტაბის წევრი.

ივანე მირიანაშვილის საოჯახო კომპანიები

ივანე მირიანაშვილის შვილი, დავით მირიანაშვილი სწორედ მაშინ იღებს გამარტივებულ შესყიდვებს და ელექტრონულ ტენდერს, როდესაც მისი მამა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე  ხდება. შპს ,,სეივონმა” (ს/კ 404544365), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი დავით მირიანაშვილია, სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან 43,910.16 ლარის ღირებულების 1 ტენდერი მიიღო 2019 წლის 15 მაისს, რომლითაც უნდა გაერემონტებინა ნუკრიანის მე-2 და წნორის პირველი საჯარო სკოლები (ელექტრონული ტენდერი NAT190009590,  15.05.2019,  ხელშეკრულება N100).

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრული იყო 37 212 ლარი (დღგ-ის გარეშე). შპს „სეივონმა“ შესთავაზა  37 212 ლარი, ხოლო შპს ,,ჯეოლიზ ინვესტმა”, რომელიც მისი ერთადერთი კონკურენტი იყო, განახორციელა შეთავაზება 29 000 ლარის ოდენობით. სატენდერო კომისიამ შპს ,,ჯეოლიზ ინვესტს” მოსთხოვა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ.

სატენდერო კომისიამ შპს ,,ჯეოლიზ ინვესტს” დაუწესა 5 (ხუთი) სამუშაო დღე ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად მაშინ, როცა დაჩქარებული წესით მსგავსი დოკუმენტის გაცემა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მხოლოდ 10 (ათი) სამუშაო დღეში შეუძლია. შპს ,,ჯეოლიზ ინვესტმა” ვერ დაადასტურა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაბამისად, სატენდერო კომისიამ განახორციელა მისი დისკვალიფიკაცია.

მეორე დღეს, 2019 წლის 16 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან შპს ,,სეივონმა” ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო. დავით მირიანაშვილთან 10 წუთის ინტერვალით გაფორმდა 2 ხელშეკრულება (CMR190095011, 16.05.2019, 09:49, ხელშეკრულება N61; CMR190095019, 16.05.2019,  09:59,  ხელშეკრულება N62).

თითო ხელშეკრულების ღირებულება 20 000 ლარია. ეს გამარტივებული შესყიდვები შპს ,,სეივონმა” მიიღო, რათა გაკეთებინა სკვერები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში _ ანაგასა და ნუკრიანში.

თავად ივანე მირიანაშვილსაც აქვს ბიზნესი _ იგი არის კომპანია შპს ,,მ.ს. შენის” (ს/კ440392004) დამფუძნებელი. ამ კომპანიამ 18,510 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა სიღნაღის მუნიციპალიტეტში (CMR150106565) 2015 წელს მიიღო, როდესაც ივანე მირიანაშვილი იკავებდა პარტია „ქართული ოცნების“ სიღნაღის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციას.

,,არაძირითადი” კომპანიების ძირითადი შემოსავლები

ივანე მირიანაშვილს დეკლარაციაში, სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში ,,არაძირითად საწარმოდ” მითითებული აქვს ორი კომპანია _  შპს „ინტერ პლიუსი“ და შპს „ორბა 7“, რომლებშიც თავად მირიანაშვილი წილობრივად არ მონაწილეობს. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის” ცნობილი გახდა მათი მფლობელებისა და ივანე მირიანაშვილის მეგობრობის ფაქტი. დეკლარაციაში მოცემულმა ინფორმაციამ ფაქტობრივად დაადასტურა ამ კომპანიებსა და მამა-შვილ მირიანაშვილების კომპანიებს შორის არსებული კავშირი, რაც გახდა ამ კომპანიების საქმიანობის შემდგომი შესწავლის საფუძველი.

შპს „ინტერ პლიუსი“ (ს/კ 240420193, რეორგანიზაციამდე _ შპს „ქიზიყი 2008“) მითითებულია ივანე მირიანაშვილის დეკლარაციაში, როგორც არაძირითადი საწარმო. აღნიშნული შპს-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე 2019 წლის 23 იანვრამდე იყო ოთარ ბიძინაშვილი, რომელიც მითითებულია პარტნიორად არაძირითად საწარმოში. შპს ,,ინტერ პლიუსმა” 2013-2015 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიიღო 883,360 ლარის ღირებულების 49  გამარტივებული შესყიდვა.

2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე  შპს „ინტერ პლიუსმა“ მოიგო 41 ტენდერი, ჯამში, 3,619,174.5 ლარის ღირებულების. 41 ტენდერიდან 20-ში შპს „ინტერ პლიუსი“ იყო ერთადერთი მონაწილე და გაიმარჯვა უკონკურენტოდ. ოთარ ბიძინაშვილის კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან, ჯამში, 4,502,534.5 ლარზე მეტი მიიღო.

2019 წლის 23 იანვარს ოთარ ბიძინაშვილმა კომპანიის საკუთარი 100% წილი გადაუფორმა ლალი ბიჩნიგაურს. შპს ,,ინტერ პლიუსმა” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეწყვიტა, თუმცა საწარმოს ლიკვიდაცია არ მომხდარა.

შპს „ორბა 7“ (ს/კ 206308501), რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ვიქტორ ორდინიძე, ივანე მირიანაშვილის დეკლარაციაში მითითებულია არაძირითად საწარმოდ, რომელიც უკავშირდება შპს „სეივონს“. შპს ,,სეივონი”, თავის მხრივ, დავით მირიანაშვილის კომპანიაა.

შპს „ორბა 7“-მა 2019 წლის აგვისტოში გაიმარჯვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (NAT190015681), სადაც ის იყო ერთადერთი პრეტენდენტი. ტენდერში კონკურენტების არარსებობა დამატებით კითხვებს აჩენს. აღნიშნული ტენდერის ღირებულება შეადგენს 341,367 ლარს. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა.

ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ 2018-2019 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან 386, 461.98 ლარის ღირებულების 4 გამარტივებული შესყიდვა მიიღო შპს „თი ენ სიმ“ (ს/კ 440393021), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ლევან ბიძინაშვილი, შპს „ინტერ პლიუსის“ დირექტორის, ოთარ ბიძინაშვილის შვილი.

ლევან ბიძინაშვილის საკუთრებაშია შპს „ცოტნე“ (ს/კ 440389296), რომელმაც 2019 წლის 16 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან მიიღო 42,647 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა.

საჯარო მონაცემების ანალიზისას აღმოვაჩინეთ, რომ ივანე მირიანაშვილს დეკლარირებული აქვს ბინა თბილისში, ჯანაშიას ქუჩა 21-ში, რომელიც რეგისტრირებულია მისი მეუღლის, ქეთევან ქართველიშვილის სახელზე. აღნიშნულ ბინაზე იპოთეკური ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია 2016 წლის 26 დეკემბერს განახორციელა ოთარ ბიძინაშვილმა, დაინტერესებულ პირად კი მითითებულია შპს ,,ინტერ პლიუსი” _ სწორედ ის  კომპანია, რომელსაც ივანე მირიანაშვილი თავის დეკლარაციაში არაძირითად საწარმოდ აცხადებს.

მოცემული ინფორმაციების საფუძველზე შეგვიძლია,  გამოვთქვათ დასაბუთებული ვარაუდი, რომ ივანე მირიანაშვილის სამოხელეო და სამეწარმეო საქმიანობაში არსებობს გარემოებები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს შესწავლას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. იკვეთება კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისა და სახელმწიფო რესურსთან მიმართებით კერძო, მერკანტილური ინტერესების არსებობის ნიშნები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს  „სეივონის”, შპს ,,მ.ს.მშენის”, შპს „ინტერ პლიუსის”, შპს “ორბა 7”-ის, შპს ,,თი ენ სის” და შპს ,,ცოტნეს” მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს ტენდერები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული.

წერდა ორგანიზაცია ,,გამჭვირვალობა საქართველო” საკუთარ ვებგვერდზე :transparency.g

რაც შეეხება საკრებულოს, ,,ოცნებაში” თურმე ვეღარ ვიხილავთ ვერც მის თავმჯდომარეს, რომლის კარიერაც ნაციონალური მოძრაობიდან მოდის და ვერც მის მოადგილეებს. ალბათ  ფიქრობენ, რომ ოპოზიციაში გადაბარგებული გახარია ძალიან გაიხარებს კორუმპირებულთა ჩახუტებით.

ახლა არ დაიწყოთ, ჟურნალისტი იტყუებაო, თორემ ისეთებს წამოგიშლით, თქვენ რომ გგონიათ, დავივიწყე ან ვერ დავამტკიცებ. ასე რომ, თქვენი სუსი არ იყოს. ეს ყველაფერი კი, ვთვლი, რომ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს.

ინფორმაცია აქ არ მთავრდება და განგრძობად-განახლებადია.

ნელი ვარდიაშვილი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close