საზოგადოება

,,ექიმებმა საქალწულე აპკი მაკრატლით ჩამიჭრეს…” – ქალის უმძიმესი ისტორია

13 წლის, დედ-მამამ იძულებით გამათხოვა 27 წლის წლით უფროსს მამაკაცზე. მას საყვარლები ჰყავდა და არ უნდოდა ცოლის შერთვა. ამიტომაც, მისი ოჯახის წევრების დაჟინებული ჩარევით, ჩემზე იქორწინა. ჩემი ოჯახის წევრები კი, მიკიჟინებდნენ, მდიდარი კაცია, ჩვენც გვეშველება და შენცო და ფაქტობრივად, გამყიდეს. ჩემი ქმარი, ქორწილის პირველივე ღამეს საყვარელთან წავიდა და ორი კვირა არ გამოჩენილა. მე კი, თოჯინებთან ვთამაშობდი. შემდეგ, ძლივს მიაგნო დედამ და სახლში დააბრუნა. მეშინოდა მისი. ჩემთვის, ბაბუას ხნის იყო. მაიძულებდა სქესობრივ კავშირს. ვერ ვაცნობიერებდი, რა უნდოდა ამ კაცს ჩემგან, ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს… რამდენიმე ღამე მაწამა. მისმა ოჯახის წევრებმა დაასკვნეს, რომ მე ქალიშვილი არ ვიყავი და აწიოკდნენ, დედ-მამას შეატყობინეს და სირცხვილის ბოძზე გამაკრეს. ვტიროდი და ვამტკიცებდი, რომ ქალიშვილი ვარ, რომ სხვა  მამაკაცთან არ დავწოლილვარ, მაგრამ ვინ მიჯერებდა…

წამიყვანეს გენოკოლოგთან. მან დაადასტურა, რომ ისევ ქალიშვილი ვიყავი და მამაკაცის ბრალი იყო, რომ ვერ დაამყარა ჩემთან ურთიერთობა. ექიმებმა საქალწულე აპკი მაკრატლით ჩამიჭრეს. ამის შემდეგ გაგრძელდა წამებული ცხოვრება. უმოწყალოდ მცემდა, დაუნდობლად მირტყამდა. შემეძინა შვილი, მაგრამ არც ამან შეცვალა ქმარი. მეზობლები ჩემი საცოდაობით იწვებოდნენ, ისე ვეცოდებოდი. ამასობაში, იქვე მცხოვრებ სოფლელ ბიჭს შევყვარებივარ. მისი დედაც ახლობლობდა ჩემთან. ერთ დღესაც მითხრეს, რას აკვლევინებ თავს შენს ქმარს, აგერ, ამ ბიჭს უყვარხარ, გამოიპარე სახლიდან და გათხოვდი, ადამიანურად იცხოვრეო. მეც, ყველასგან გამწარებულმა, ვიფიქრე, იქნება თავი დავიხსნა ამ ჯოჯოხეთიდან-თქო, ჩვილბავშვიანი გავიპარე და მივთხოვდი იმ ბიჭს. ატყდა ვაი-უბედურება. ოჯახი როგორ დაანგრიე, როგორ გაბედე, თავი მოგვჭერი, შეგვარცხვინე, ბოზი ხარ, ჩათლახი ხარ, ჩვენთვის მკვდარი ხარო…

მოკლედ, ასე გავიდა რამდენიმე წელი. ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავები ახლოს არ მეკარებოდნენ. გამიჩნდა შვილები. თუმცა, მეორე ქმარმაც, პირველის მსგავსად დამიწყო ცემა-ტყეპა. გადაბმულად ალკოჰოლით გაბრუებული იყო და საშინლად მექცეოდა. წასასვლელი აღარ მქონდა. არ მეღირსა მშვიდი ცხოვრება. მერე, მასწავლეს, რაღაც წამალია, ალკოჰოლს აზიზღებსო. დავალევინე… მაინც არ დაადგა საშველი.

ხუთი შვილი მყავს, რით ვარჩინო? დღედაღამ ვირივით გაგდებული ვარ და ხან სად ვმუშაობ და ხან სად, რომ მშიერი არ მყავდეს ბავშვები. ვიცი, ბევრი გამამტყუნებს, მაგრამ მეც ადამიანი ვარ. ვერავისგან სითბო, სიყვარული და მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი, ვერც ოჯახის წევრებისგან და ვერ ქმრებისგან. არცერთი ქმარი არ მყვარებია. ორივე ქორწინება იძულებითი იყო. ახლა კი, შემიყვარდა ერთი მამაკაცი და დამალულად მაქვს მასთან ურთიერთობა. როგორც შეუძლია, ისე მეხმარება ეკონომიურად, რომ ბავშვების გაზრდაში დამეხმაროს. მისმა ოჯახის წევრებმაც იციან ჩვენი რომანის შესახებ. მეც მინდა ქალად ვიგრძნო თავი, მეც მინდა სითბო და სიყვარული. ხომ არ შეიძლება, მთელი ცხოვრება ყველაფერი იძულებით ვაკეთო და ჩავეფლო ჭაობში? თუმცა, ოჯახი ვერ დავანგრიე და ვერ გავშორდი მეორე ქმარს… ვიცი, ამ ისოტრიის გამო, ჩამქოლავენ, მაგრამ ეს არის ჩემი ერთგვარი პროტესტიც ყველას მიმართ. ერთი დღე არ მქონია ბედნიერი, გარდა იმისა, რომ შვილების გაჩენამ გამაბედნიერა. ასეთი ტანჯვით გავიარე ბავშვობა და ყმაწვილქალობაც. ნუთუ, არ მაქვს უფლება, ვიყო ბედნიერი იმ ადამიანთან, ვინც მიმიღო ასეთი, როგორიც ახლა ვარ…

წყარო: სოლიდარობის სახლი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close