ეს მიუთითებს, რომ გრიპი ანთებით გართულდა
ალექსანდრე გოგინავა: „ასეთ დროს ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ და საჭირო კვლევები ჩავიტაროთ“

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მშობლები.ჯი-სთან საუბრობს, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ახლა ქვეყანაში და როგორ შეგვიძლია, თავი გართულებებისაგან დავიცვათ:
.
– ამ ეტაპზე დომინანტი გრიპის ვირუსია. მას სხვა სეზონური ვირუსების მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებს – ცხელება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, სახსრების, კუნთების ტკივილი და ასე შემდეგ. თუმცა გრიპისათვის, სხვა რესპირაციული ინფექციებისაგან განსხვავებით, მაღალი ტემპერატურა და ტემპერატურის გახანგრძლივება მეტად დამახასიათებელია. მაგალითად, თუ სხვა რესპირაციული ინფექციების დროს სიმპტომები 3-4 დღის განმავლობაში გრძელდება, გრიპის დროს შეიძლება 7-8 დღემდე გახანგრძლივდეს. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ სიმპტომები ხანგრძლივდება, გრიპზე უნდა ვიფიქროთ.
– ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ გრიპი ფილტვების ანთებით გართულდა. რა შემთხვევაში რთულდება გრიპი ფილტვების ანთებით. როგორ შეგვიძლია, ფილტვების ანთება ამოვიცნოთ?
– სახლის პირობებში რთულია, მაგრამ თუ სიმპტომები 5 დღეზე მეტხანს გახანგრძლივდა, თუ ხველას შეტევითი ხასიათი და მზარდი ტენდენცია აქვს, გვაქვს პროდუქტიული, ანუ ნახველიანი ხველა, ან თუ გვაქვს სუნთქვის გაძნელება, მკერდის არეში დისკომფორტი – ეს არის ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ შესაძლოა, ქვედა სასუნთქი გზები დაზიანებული იყოს. ასეთ დროს ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ და საჭირო კვლევები ჩავიტაროთ, რადგანაც პნევმონიას სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება.
– გრიპის შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ გართულებები თავიდან აირიდოს?
– რა თქმა უნდა, კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. მაგრამ, პირველი, რაც შეგვიძლია, ვიკვებოთ ჯანსაღად და მივიღოთ სითხეები. თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გვაქვს, ეს დაავადება უნდა იყოს მართვადი. ვეცადოთ, ზომიერი ფიზიკური აქტივობა გვქონდეს და დავაკვირდეთ სიმპტომებს. თუ მკურნალობა სიმპტომების შემცირებას არ იწვევს, ექიმს უნდა მივმართოთ.
მშობლები.ჯი