საზოგადოება

ემზარ კვიციანი: სერიოზული მოქმედების დროა…

,,მეგობრებო, ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას არ ვიცი, მაგრამ არანაირი უწყება მე არ მომსვლია პროკურატურიდან. ეს არის ხალხის დაშინების მცდელობა ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით. დამირეკა შსს თანამშრომელმა და მთხოვა შეხვედრა და გასაუბრება ჩემ დაწერილ პოსტთან დაკავშირებით. დავთქვით შეხვედრა. დანარჩენს შეხვედრის შემდეგ მოგიყვებით.
ამ ქვეყანაში, როგორც ყოველთვის, სამართალი შერჩევითია. ვაკვირდები ,,ქართული მარში”-ს წინააღმდეგ შავ პიარს და ეს პიარი მიმდინარეობს ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით. გაფაციცებით უფრთხილდებიან, ბუზი არ აუფრინდეთ ნაციონალ ფაშისტებს. ირგვლივ კი თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილიყოსო. თითქოს ინსულტი ჭირს ჩვენს ქვეყანას, გაშეშებული აქვს ცალი მხარე და მკურნალი არა ჰყავს, პირიქით, ვიღაცა ცდილობს, არც მოკლას და არც გადაარჩინოს, რათა გაუგრძელოს წამებაში ცხოვრება.
ალბათ ცოდვა რომელიც თვითოეულ ჩვენთაგანს გვაწევს კისერზე, ისაა გამოსასყიდი. მხედველობაში მაქვს ეკლესიის დანგრევა და მღვდლის სახალხოდ დაჭერა. ჩვენ ამას ტელევიზორებით ვუყურებდით და არ დავუდექით სათანადოდ, როგორც ეკადრება მართლმადიდებელ მრევლს.

  ვფიქრობ, ყველა ქართული სულისკვეთების ლიდერი ვინც არის, თუნდაც 10 კაცი ყავს მხარდამჭერი და აღელვებს საქართველო, ინსულტური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა უნდა შევიკრიბოთ სწორედ იმ დარბეულ ეკლესიაში. შეკვეთილი წირვა ჩავატარებინოთ. უფალს პატიება ვთხოვოთ სისუსტისთვის და შევკრათ პირობა, როგორც ამას დაღუპვის წინ აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. შევფიცოთ ერთმანეთს ერთგულება და დავიწყოთ გონივრული მოქმედება. ფბ რაინდობა გადავაბაროთ ქალბატონებს. დროა, სერიოზული მოქმედების, ვიღუპებით! უფლის სახელით უნდა ვიმოქმედოთ, მარშები “საქართველოს გაუმარჯოს”ძახილით არაფრის მომტანი არაა. ამ ძახილით მოვდივართ 27 წელია და მხოლოდ უკან მივდივართ, აიღეთ რომელიმე ახალგაზრდამ საკუთარ თავზე ლიდერობა და ჩვენ გამოგყვებით. გლდანის ეკლესიასთან ვინცა ხართ ახლოს, შეუთანხმდით მამაოს , როდის მივიდეთ.დანარჩენი გადავწყვიტოთ ლოცვისა და ფიცის შემდეგ. დიდება ღმერთს! ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერზე პარლამენტი წევრი  ემზარ კვიციანი.

 შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ემზარ კვიციანმა  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა პოსტი, რომელშიც რუსთავი 2–ს და ვანო ჯავახიშვილს მოიხსენიებდა. ამ პოსტს მოჰყვა რუსთავი 2-ის მხრიდან ის, რომ ვანო ჯავახიშვილმა კვიციანს პოლიციის სამმართველოში  უჩივლა. ჯავახიშვილი ადვოკატთან ერთად დიღმის სამმართველოში მივიდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ემზარ კვიციანის პოსტში საუბარია მის სავარაუდო ლიკვიდაციაზე.

ვანო ჯავახიშვილის თქმით, ემზარ კვიციანის პოსტში მხოლოდ მასზე არ იყო საუბარი და, ზოგადად, „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს ეხებოდა. მისი აზრით, ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ მსხვერპლი შეიძლება ვანო ჯავახიშვილი იყოს.

”მუქარის შემცველი სტატუსი იყო ყველა ჟურნალისტზე, ვინც მუშაობს „რუსთავი2“-ში. რეაგირება იყო დროული. იმედი მაქვს, რომ გამოძიება თუ დაიწყო, რაღაც შედეგს მივიღებთ. დღეს დამიბარა გამომძიებელმა. რამდენიმე შეკითხვა აქვს. ეს გამოკითხვის ფორმატია”, – განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, რაც აღნიშნულ მუქარას ტელეკომპანიის, საზოგადოების მხრიდან რეაქცია მოჰყვა, შეიცვალა მუქარის მიმართულება და ისე გამოიყვანეს, თითქოს ემზარ კვიციანმა იხუმრა. „მას შემდეგ, რაც ასეთი რეაქცია მოჰყვა ტელევიზიის და საზოგადოების მხრიდან, უცებ შეიცვალა მუქარის მიმართულება, ვითომ ეს გადაიყვანეს იუმორში. თითქოს ემზარ კვიციანს ასეთი იუმორი აქვს. ასე აანონსებს ადამიანების ლიკვიდაციას. ვურჩევ, ისწავლონ იუმორის ფორმულები”, – განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ემზარ კვიციანს ვანო ჯავახიშვილის ხუმრობები არ მოსწონდეს და ამით იყოს აღნიშნული პოსტი გამოწვეული, ვანო ჯავახიშვილმა უპასუხა: ”შესაძლოზე არ არის ლაპარაკი. არ მოეწონა, დადასტურებით ვიცი”.

ვანო ჯავახიშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ შსს-ს მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. ”საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყეს რეაგირება, თუ რამდენად ეფექტურად იმოქმედებენ, მომავალში გამოჩნდება”, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close