საპროგრამო სიტყვა მწერალთა კავშირის 25-ე ყრილობისთვის
   თანამედროვე ქართული მწერლობა ღრმა კრიზისშია. ისიც ფაქტია, რომ ეს კრიზისი ხელოვნურადაა შექმნილი. მწერალთა კავშირის ყრილობის თარიღის კიდევ ერთხელ გადატანამ (ახლა უკვე მესამედ), ცხადი გახადა, რომ პრობლემები არამარტო ობიექტური, სუბიექტურიც საკმარისადაა…
 ჩემს საპროგრამო სიტყვაში ამჯერად კრიტიკულ პათოსს მოვერიდები და პირდაპირ საქმეზე გადავალ; დღევანდელ საქართველოში მწერალს თუ სხვა შემოსავალი არა აქვს – შიმშილით სიკვდილი ემუქრება. ფიზიკური არსებობისთვის მებრძოლ ადამიანს კი სულიერებისთვის ნაკლებად სცალია. საქართველოს ისტორია დღემდე ქართული მწერლობის ისტორიით ამაყობს. ქართული მწერლობა რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ქართული სახელმწიფოც. ამიტომ დღევანდელი და ნებისმიერი ხელისუფლება არამარტო ვალდებულია იზრუნოს ქართველ მწერლებზე – ის ვალშია ქართულ მწერლობასთან, ის ვალშია იმ დედაენასთან, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა ეს სახელმწიფო. მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა კი თვეში ერთხელ მაინც უნდა მართავდეს საქველმოქმედო საღამოებს გაჭირვებული და ჯანმრთელობა შერყეული მწერლების დასახმარებლად. აუცილებელია ისეთი ჟურნალის დაფუძნებაც, სადაც მასალები წამოვა საქართველოს ყველა რეგიონიდან და ყურადღება მიექცევა პროვინციებში მბჟუტავ კულტურის კერებს. უნდა აღსდგეს მჭიდრო კავშირი მწერლობასა და თეატრს შორის. სასურველია, ერთბლივი წამახალისებელი პრემიით დაფინანსდეს საუკეთესო ნაშრომები დრამატურგიასა და ხელოვნებათმცოდნეობაში. უნდა შეწყდეს პრემიებადწოდებული ფარატინა ქაღალდების დარიგება საარჩევნო ელექტორატის გაზრდის მიზნით. ნებისმიერი პრემია უნდა იყოს შესაბამისი თანხით დაფინანსებული და კომპეტენტური კომისია უნდა განიხილავდეს, ვის მიანიჭონ და რა დამსახურებისთვის, ესა თუ ის პრემია. განსაკუთრებულ ყურადღეას საჭიროებს მთარგმნელობითი საქმიანობა.
  ახლა, როცა სამყარო ასე გახსნილია და კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ წრეებთან პრობლემას არ წარმოადგენს, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ერთბლივი ბიზნესპროექტების პოტენციალი. ამისთვის მჭიდრო, მეგობრული კავშირები უნდა დამყარდეს უპირველესყოვლისა ჩვენს ქვეყანაში არსებულ საელჩოებთან და მათი მეშვეობით – საზღვარგარეთის ქვეყნებთან. უნდა მოინახოს გზები ისეთი ფესტივალების და ღონისძიებების ჩასატარებლად, სადაც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლები.
  მწერალი არ ნიშნავს მარტო კარგ რომანს ან კარგ ლექსს – ის თავის ცხოვრების წესით უნდა იყოს თავისუფლად მოაზროვნე, სიმართლის მთქმელი და მოუსყიდველი მსაჯული. წარმოუდგენელია მწერლობის განვითარება მომავალ თაობაზე ზრუნვის და მათთან სიახლოვის გარეშე. ყველა შესაძლო შემთხვევაში გზა უნდა მივცეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათი ენერგია უნდა მოხმარდეს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების აღსრულებას. აუცილებელია უახლესი ტექნოლოგიების ათვისება და მათი სათანადოდ გამოყენება.
  მწერალთა კავშირი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სკოლებთან, ინსტიტუტებთან და ზოგადად – განათლების სისტემასთან. უნდა აღსდგეს ხელმძღვანელობის განახლების სავალდებულო სისტემა და არ შეიძლება, სანამ ადამიანი გასატანი არ გახდება, სავარძელს იყოს ჩაფრენილი ყველა მეთოდით და ნებისმიერი საშუალებით. 21-ე საუკუნეში მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს არ უნდა ირჩევდნენ ინდიელთა ბელადივით – კანდიდატურის დარბაზიდან წამოძახებით და მერე სცენაზე ავარდნა-ჩამოვარდნებით. ყველა კანდიდატი წინასწარ უნდა გადიოდეს რეგისტრაციას, წარმოადგინოს პროგრამა და მწერალთა საზოგადოების განხილვის შემდეგ უპირატესობა მიენიჭოს ღირსეულს. ამომრჩეველს კი მოკრძალებით და პატივისცემით შევახსენებ – ჩვენ ვირჩევთ იმას, ვისაც ვიმსახურებთ. პეტრეს, პავლეს ან ივანეს მერე ნურაფერს გადავაბრალებთ.
პოეტი თემურ ცერცვაძე _ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატი.
კომენტარები
Загрузка...