საზოგადოება

დოდონა კიზირია: მოაწერეთ ხელი მოთხოვნას, უცვლელი დარჩეს ვარდების რევოლუციის მოედნის სახელი

,,ვარდების რევოლუციის მოედანთან დაკავშირებით ერთი რამ გამახსენდა. კარგა ხნის წინ დავწერე სტატია ქალაქის სემიოტიკის შესახებ. ქალაქი თავისი ქუჩებით, შენობებით, ძეგლებით, მთელი თავისი ლანდშაფტით და განსაკუთრებით მათი დასახელებებით, არის ხელოვნური სივრცე და ამიტომ წარმოედგენს ერთგვარ ტექსტს, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ ქვეშეცნებით და, როგორც წესი, არ ვფიქრობთ იმაზე,თუ რატომ ვაძლევთ ამათუიმ ადგილს გარკვეულ მნიშვნელობას.

აი, მაგალითად, როცა ვამბობთ, – „ვაკელები არიან და რა გინდა, რომ სთქვა,“ – ამით მხოლოდ ვიღაცეების საცხოვრებელ ადგილს მივუთითებთ, თუ რაღაცას უფრო მეტს, ვგულისხმობთ? გახსოვთ, ვანოს შოუშის შესანიშნავი მსახიობი, მიშა ანდღულაძე ქალს რომ თამაშობს, როგორი ინტონაციით ამბობს – „ჩვენ, ვაკელები…“ არ განვმარტავ იმ ქვეტექსტს, რასაც ვაკე და ვაკელები ნიშნავს, თქვენც კარგად იცით. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ყველა სხვა ადგილზე, დასახელებაზე, შენობაზე და ასე შემდეგ.

ამიტომ ქალაქის დასახელების შეცვლა, განსაკუთრებით ასეთუ ისე ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ადგილებში, უბრალო რამ არ არის. ეს არის ერთი ტექსტის შეგნებულად და მიზანმიმართულად წაშლა, გაბათილება და ახალი ტექსტის შექმნა. ასეთი რამ არის თავისთავად აგრესიული აქტი და, როგორც წესი, ხდება მაშინ, როცა საზოგადოებაში მკვეთრად იცვლება ფასეულობები სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველაზე ხშირად კი ამის მიზეზი პოლიტიკურია და მოყვება რევოლუციურ და მსგავს გადატრიალებებს.

ამიტომ იყო, რომ ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ მოხდა სახელების მასიური შეცვლა, ქალაქთა სახელების ჩათვლით. გაქრა რუსეთის იმპერია და დაიწყო ახალი რეალობის შენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბევრი ძველი დასახელები აღადგინეს, რაც მინიშნებაა იმისა, რომ მათი ძველი სახელის შეცვლა იყო შეცდომა, არასწორი ნაბიჯი, დანაშაულიც კი. ცოტა ხნის წინ პუტინმა განაცხადა, რომ ყველგან (ალბათ მთელ მსოფლიოსაც გულისხმობდა) უნდა აღსდგეს სხვადასხვა ადგილების რუსული დასახელებებიო. თვითონ ეს განცხადება უკვე არის აგრესიიის ერთერთი ფორმა – სახელი ერთგვარი სიმბოლოა, რომელსაც პრეტენზია აქვს ესათუის ადგილი „მიითვისოს“, მასზე თავისი ნება გაავრცელოს. არ გამიკვირდება, თუ პუტინის ქვეშევრდომები აღმოჩენენ, რომ პარიზი, ლონდონი და ვაშინგტონი რუსებს დაუარსებიათ და მაშასადამე რაღაც, თუნდაც სიმბოლური უფლებები აქვთ მათზე.

ეს დიდი თემაა და არ გავაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, უკვე მიხვდით რისი თქმა მინდა. ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევა არის დღევანდელი ბანდიტური მთავრობის სურვილი ამორეცხოს მოსახლეობის მახსოვრობიდან იმ საამაყო მოძრაობის სახელი, რაც დაკავშირებულია შევარდნაძის მათივე მსგავსი ბანდიტური ხელისუფლების დამარცხებასთან, დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის სახელთან. მათ უნდათ, გააბათილონ და მოსპონ ეროვნული ერთიანობის სულისკვეთება, რამაც ის იტორიული მნიშვნელობის გამარჯვება შესაძლებელი გახადა.

ნუ დაუშვებეთ ამას, მეგობრებო. გაავრცელეთ პეტიცია მაქსიმალურად! მოაწერეთ ხელი მოთხოვნას, უცვლელი დარჩეს ვარდების რევოლუციის მოედნის სახელი” _ წერს სოციალურ ქსელში დოდონა კიზირია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close