პოლიტიკა

,,ოპოზიციაში იმიტომ ვარ, რომ ხელისუფლების ოპონენტი ვარ და არა მისი მელაკუდობის მომწონებელი”

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი:

_ მგონი, ყველა საღადმოაზროვნე ხვდება, რა უპირატესობა აქვს მხოლოდ პარტიული სიით წარმოებულ, იგივე პროპორციულ არჩევნებს. შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ერთმა პარტიამ მიიღოს, ვთქვათ, ხმების 40- 45%, მერე დაიმატოს 73 მაჟორიტარი (რომელიც ამავე პარტიის იქნება) და გამოვა, რომ პარტია, რომელსაც ამომრჩევლის ნახევარი მხარს არ უჭერს, მოვა უმრავლესობის უმრავლესობაში. საქართველოს სწორედ ამგვარი გამოცდილება აქვს შერეული საარჩევნო სისტემიდან. მუდმივად დგება გამარჯვებულის ლეგიტიმაციის საკითხი. ეს კი, სახელმწიფოს მუდმივი რყევის რისკებს უჩენს.

დღეს კიდევ ერთხელ გადავიკითხე “ქართული ოცნების” 2012 წლის საპროგრამო დოკუმენტი და იქ ხაზგასმით წერია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, რადგან არსებული სისტემა მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების საშუალებას არ იძლევა. აღარ გავიხსენებ იმას, რომ სწორედ “ქართული ოცნება” იბრძოდა 2011-2012 წლებში პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებისთვის, მაგრამ მოვიდა ხელისუფლებაში და ყოველი საპარლამენტო არჩევნების წინ უარს ამბობდა და ებრძოდა სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ის, რომ ამ სისტემის ამოქმედება 2024 წლისთვის გადადო, სულაც არ იძლევა საიმედო გარანტიას. რასაც დღეს თვალს ვადევნებთ, ვინ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციის შეცვლას მარადიული მაჟორიტარები მომავალშიც არ შეეცდებიან და კვლავ უკან არ დაგვაბრუნებენ?! ხოლო “ქართული ოცნება” ჯერ იტყვის, რომ გულდაწყვეტილია, ხოლო მოგვიანებით დიდი მგზნებარებით დაგვიმტკიცებს, რა სიკეთე მოაქვს შუბლზეოფლდასხმულ მაჟორიტარს რაიონისთვის, რომლის მოსახლეობასაც ამ მაჟორიტარისთვის თვალიც არ მოუკრავს. ხელისუფლების სიტყვას სანდოობა და წონა დიდიხანია დაეკარგა. ყველას ატყუებენ. ტყუილი მათი საფირმო ნიშანი გახდა.

წესით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ შერეული, პარტიულ-მაჟორიტარული სისტემა ჩვენი ტიპის, ნედლი დემოკრატიის სახელმწიფოში, სადაც ყოველ ხელისუფლებას მარადიულად დარჩენის პრეტენზია უჩნდება, არჩევნებს საერთოდ უკარგავს აზრს. აი, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი სისტემის შეცვლა.

ის, რომ ჩვენ სწორედ შერეული საარჩევნო სისტემით შევედით პარლამენტში, არ ნიშნავს მომწონდეს ის, რა მანკიერება და უსამართლობაც პრაქტიკულად, ცოცხალ პოლიტიკურ პროცესში ვნახე. მკაფიოდ ვამბობ: 73 მაჟორიტარულ ოლქში მხოლოდ ერთი პარტიის კანდიდატებს იხილავთ, რაც არანორმალურ და არაადეკვატურ სურათს ქმნის. პიარსვლისთვის რამდენიმე ოლქი ოპოზიციონერ კანდიტატებსაც რომ არგუნონ, ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობას მაინც თავად ჩაიგდებენ ხელში. აი, ამას არ უნდა შეეგუოს საზოგადოება. ეს ნიშნავს ხელისუფლების მითვისებას. ესაა სამართლიან არჩევნებზე ჩვენი უფლების წართმევა.

ამიტომ “იმედის” ინტერაქტივი საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილს ჰგავს და არ ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობას. ხელისუფლება ცდილობს გაამართლოს მის მიერ კანონპროექტის ჩაგდება. ცდილობს, შექმნას აზრი, რომ ხალხს მოწონს მაჟორიტარიზმი, ხალხი ვერ გაძლებს მაჟორიტარების გარეშე, რაც დემაგოგიაა.

ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში თვალშისაცემია ტენდენცია, რომ თუ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებებს არ იწონებ,- ვიღაცის წისქვილზე ასხამ წყალს. ესეც პიარპოლიტიკის ნაწილია და საკმაოდ სუსტია, სხვათა შორის. ოპოზიციაში იმიტომ ვარ, რომ ხელისუფლების ოპონენტი ვარ და არა მისი არასწორი ნაბიჯების მომწონებელი. მითუმეტეს, ტყუილის, სპექტაკლის და მელაკუდობის მომწონებელი, ამიტომ არაა საჭირო ზედმეტი მგზნებარება. რაც შეეხება ვიღაცის წისქვილს, ნაცები ჩემთვის არაა ოპოზიცია, არ ყოფილა და არ იქნება. ისინი კრიმინალები არიან. ამიტომ სულ არ მაინტერესებს, ვისი წისქვილი ვის ხორბალს ფქვავს.

“ქართულ ოცნებას” მოვუწოდებ,- მხარი დაუჭიროს და მიიღოს ჩვენი რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს, თორემ წინასაარჩევნოდ ნაცების ფაშისტებად მოხსენიება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კვლავ არ თამაშობთ ნაცებთან (სააკაშვილი იქნება, თუ ბოკერია). დიდიხანია აღმოვაჩინეთ, რომ ფაშისტების დასჯა კი არ გინდათ, ფაშისტები გჭიდებათ.

თორემ თუ ნაცების დესტრუქციული ქმედება არ მოგწონს, როგორ ახერხებ, რომ ისინი მუდმივად დღის წესრიგს გიქმნიან და შენც გადასარევად მანევრირებ ამ დღის წესრიგის ფარგლებში. ისევ ვამბობ: ორივეს, სამივეს ერთმანეთი გჭირდებათ. ერთმანეთით ცოცხლობთ და არსებობთ. ერთმანეთით ინარჩუნებთ პოზიციებს და, რაც ბოლო პლენარულ სხდომაზე გითხარით, ახლაც იგივეს გეუბნებით: ერთს მარადიულად ხელისუფლებაში ყოფნა გინდათ, მეორეს- “მთავარი ოპოზიციონერობა” და მერე კვლავ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. არც არჩევნები, არც ხალხი და არც ქვეყანა არაა თქვენთვის მთავარი. მთავარი სპექტაკლებია.

Related Articles

Back to top button
Close