დაღუპულია ოჯახის სამი წევრი
„როგორ უნდა გაუძლოს იტალიიდან ჩამოსულმა დედამ, რომელსაც მონატრებული შვილები და მეუღლე სახლში აღარ დახვდება“

სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა გურჯაანში, კერძოდ, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე. ბარჯისხევთან ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა.
.
ადგილზე გარდაიცვალა 4 ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი – რომან ოსიტაშვილი და მისი ორი ვაჟი, დავით და ნიკა ოსიტაშვილები, ასევე გარდაცვლილია რომანის ქვისლი, დავით ჭუაძე.
როგორც ახლობლები ამბობენ, ისინი გურჯაანში მიდიოდნენ, როცა ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. საჭესთან დათო ჭუაძე იჯდა და მას მიჰყავდა ქვისლი, რომან ოსიტაშვილი გურჯაანში საოპერაციოდ. სწორედ ამ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია.
„რა უნდა ვთქვათ ასეთ დროს, ძალიან განადგურებულები ვართ. სიტყვები უძლურია. რომან ოსიტაშვილი სამაჩაბლოდან დევნილია, ზნაურიდანაა, სოფელ თიღვადან. ეს ოჯახი სურამში ცხოვრობდა, სახელმწიფომ იქ მისცა ბინა. რომანს და ხათუნას სამი შვილი ჰყავდა, ამ საშინელ ტრაგედიას ნიკა და დათო შეეწირა, ერთი გოგონა დარჩა ხათუნას. თვითონ რომანის მეუღლე არის ახმეტის სოფელ ახშნის ველებიდან. როგორც მითხრეს, ბოლო წლები გადავიდა ოჯახი ახმეტაში საცხოვრებლად, ნათესავის სახლში.
ხათუნა ოთხი წელია ემიგრაციაშია, იტალიაში მუშაობდა და იქ გაიგო ეს საშინელი ამბავი. დღეს უნდა ჩამოვიდეს და ასეთი სულისშემძვრელი მწარე რეალობა დახვდება. შოკში ვართ ყველანი.
ბიჭები დაოჯახებულები არ იყვნენ. პატარები, 22-23 წლისები არიან. რომანის ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან კარგი ადამიანი იყო. შესანიშნავი ოჯახი ჰქონდათ და ეს უბედურება დატრიალდა.
რომანის მშობლები ზნაურში არიან, ახლაც იქ ცხოვრობენ. როგორც ვიცი, მამამისი ვერც ახერხებს იქიდან გამოსვლას და შვილის და შვილიშვილების დატირებას. ის წითელმა ჯვარმა უნდა გამოიყვანოს და ამბობენ, მერე უკან ვეღარ შეიყვანენო. ხომ იცით, რუსეთს დაწყევლილი კანონები აქვთ. სავარაუდოდ, მხოლოდ ბებია გადმოვა საზღვარზე და ის დაიტირებს თავის შვილს და შვილიშვილებს.
სული მეწვის და ვუსამძიმრებ მის ყველა ახლობელს, მისი ოჯახის ყველა წევრს ამ საშინელ ტრაგედიას. როგორ უნდა გაუძლოს დედამ, რომელსაც მონატრებული შვილები და მეუღლე სახლში აღარ დახვდება?..
ხათუნა ემიგრაციაში წავიდა და ალბათ იფიქრა, რომ მის კუთხეში, სადაც ცხოვრობენ მისი ნათესავები, მისი დედმამიშვილები უკეთესად იქნებოდა მისი ოჯახი და აგერ, მოულოდნელმა ტრაგედიამ გაანადგურა მთელი ოჯახი”, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ერთ-ერთი ახლობელი.
სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანია სტატუსებით. ყველა შეძრულია ამ ფაქტით და განიცდის.
„ეს იყო მეხის გავარდნა, თავი სიზმარში მგონია. ჩვენო ტკივილო, ჩემო დათო, ჩემო ძმაო, რა მწარე ხარ ბიჭო, შემოგევლე, როგორი თბილი, როგორი გულიანი გვყავდი”, – წერს დავით ჭუაძის დეიდაშვილი.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
„კვირის პალიტრა”