შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შსს-ს წარმომადგენლები, დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გმირი პოლიციელის ღირსეული ცხოვრება და საქმიანობა. ბექა მარგიშვილის შვილმა – ოთარ მარგიშვილმა კი პრეზენტაციაზე მამის ლექსი წაიკითხა.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო შსს-ს მიერ მომზადებული, დაღუპული პოლიციელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი. ბექა მარგიშვილის ლექსების კრებული შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და პირადი სახსრებით დაიბეჭდა. შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 2015 წლის 4 აპრილს, საღამოს, თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილთან”, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც დამნაშავემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით
ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ორივე სამართალდამცველი დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გთავაზობთ ბექა მარგიშვილის რამდენიმე ლექსს:

გადამირჩინე სული, ძვირფასო, გადამირჩინე,
რომ გაზაფხულის ცაზე შევისხა ნარ~ნარი ფრთები.
ჩემი ბორკილი დედამიწაა,ვერ შევეჩვიე!
გადამირჩინე სული, ძვირფასო, და გავფრინდები…

ო,ფრთები,ფრთები…მხოლოდ ეს მინდა, მერე კი ვნახოთ…
აღარ დავეძებ იასამნებში მიმქრალ ოცნებას.
მიწის და ზეცის გასაყართან დროებით ვსახლობ,
რომ შევეგებო მარადისობის გასხივოსნებას!
/ბექა მარგიშვილი/

“madame”

დრო როგორ გარბის… დრო როგორ გარბის… წლები დაღალეს ურჩმა ქარებმა.

ვერ მოვასწარი თქმა სერენადის, ასე რომ მთხოვეს შენმა თვალებმა.

როგორ მახარებს წუთისოფელი… როგორ მაღონებს მასში ოცნება.

მიიკლაკნება გველივით დროის მშვენიერება და საოცრება.

თუ გარდავიდა წყეული ღამე, მზით ნაფერები ნაპირებიდან,

გეტყვი,რომ შენ ხარ ჩემი “madame”, გაზაფხულთათვის–აპრილებიდან.

/ბექა მარგიშვილი/

დავიკარგები,წავალ და წავალ… ნეტავ იცოდე,რარიგ ვეწამე…

თუ მეტყვი, კარგო,დღეს რისთვის დავალ, ხვალაც ვიცოცხლებ წუთის მესამედს.

ნუ მეტყვი ნუგეშს, მაინც არ მჯერა ადამის მოდგმის ფერისცვალების.

გაზაფხულს ველი, ჩემო, ამჯერად, რომ დავიბადო გარდაცვალებით!

არც ისე ცუდად, არც ისე კარგად, არც ისე ძლიერ ხმაურობს სისხლი.

მე საიდუმლოდ გაგიმხელ ამბავს, როს მთაწმინდაზე დაწვება ნისლი.

როს მშობიარე ხეების ტანში დაიბერება ვნება აპრილის,

დაიყვავილებს…და მერე ქარში, ხარჭა ქალივით, ბაღებს დაივლის.

როს მომღიმარი მზეები ციდან, გადმოაფრქვევენ ფერებს სიცოცხლის

და ამოხეთქავს დედამიწიდან მწვანე სიმბოლო მარადისობის!

გაზაფხულისთვის მეცოცხლა მსურდა… და ახლაც მოვალ,მოვალ წვალებით.

მე ნარიყალას გავცქერი მუდამ, ძველი მეტეხის ვგმინავ ზარებით.

/ბექა მარგიშვილი/

მშვიდია, მშვიდია ღამე… კრთება, ფოთოლცვენის ჩქამით, ფიქრის მდუმარება…

და მე ვნებდები,ვნებდები წამით. (ცაზე დაძარღვულა ელვა).

სიზმრებმაც ხომ ცხადლივ ნახეს მთების შემზარავი ნგრევა

და ჩემი ნამდვილი სახე. ო,სულით გაჭრილი კვალი

მთვარის ველებს მოინატრებს! სამყარო__ღმერთების თვალი

ამწვანებს, ბნელ, ფოლიანტებს. და…თითქოს და… თითქოს მჯერა,

სხივებს შემორჩენილ ფერის, რომ ფიქრშია, ბედისწერა,

რომ ფიქრია, ყველაფერი! ზღვების უსიცოცხლო ღელვა…

მთებში ჩაძირული ნისლი… ცაზე დაძარღვულა ელვა,

როგორც უფერული სისხლი. მშვიდია,მშვიდია ღამე…

სიზმრებმაც ხომ ცხადლივ ნახეს ფიქრის მდუმარება და მე და ჩემი ნამდვილი სახე.

ბექა მარგიშვილი

მტრედი

ჩემს წინ ჩამომჯდარა ,
საფირონის მტრედი
ღმერთმა სამშვიდობოდ,
ფრთები უწყალობა.
ჩემი უჩვეულოდ
დაწერილი ბედი…
ჩემი ტკივილების ,
თავგასული თრობა.

და…თუ ვერ გავუგებთ,
ვერ ამოვხსნით წარსულს
თუ სიმშვიდე გულებს
ვერ დაეუფლება,
მაშინ ნუ მოელით
უპირობო დასტურს,
რომ არ მქონდა პოეტს
ღრეობის უფლება.

ვხედავ ჭადრებს, მძინართ,
და თებერვლის ამინდს,
ბნელი გადიფერა
მზისგან, საიმედოდ!..
ჰოდა, მეც ვიმღერებ
და დავთვრები მაინც
მსურს,მსურს, აღდგომამდე
სული გავიმეტო.

ჩემს წინ ჩამომჯდარა
საფირონის მტრედი…
ვხედავ, ჭადრებს მძინართ
და თებერვლის ამინდს!..
ჩემი უჩვეულოდ
დაწერილი ბედი,
მე გავთავისუფლდები
და ვიმღერებ მაინც.

/ბექა მარგიშვილი/

Ave..

ნუ იგვიანებთ, მეგობრებო,გათენდა,,AVE,,
მე ერთი გროშიც არ მაბადია ბოლო იმედად,
ო,არ იდარდოთ, დაგიბრუნებთ დახარჯულს ხვალვე,
ვერ ხედავთ,დარდი როგორ მოსჩქეფს მღვრიე დინებად?!.

ნუ გეღიმებათ, მეგობრებო,მე ლოთი არ ვარ!..
მინდა,რომ მზერა ცივი დილის ვნებით გავათბო.
ერთიც დამისხით ამ ფიალაში და მერე წავალ…
ერთიც დამისხით და მერე წავალ უმისამართოდ.

ჩემი ტკივილი და ჩემი ურვა არის ნამდვილი.
მე მიყვარს ღმერთი და სამშვიდობოს გასული ფიქრი…
ხანდახან რთული და ხანდახან ალბათ ადვილი
ეს აღმაფრენა….ჩემი გრძნობები ზეცისკენ მიქრის.

ნუ იგვიანებთ მეგობრებო,გათენდა,,AVE,,
/ბექა მარგიშვილი/

 

კომენტარები