საინტერესო

დააჩქარებს თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი კლიმატურ ცვლილებას?

რა შეუძლია ერთ ადამიანს გლობალური, კლიმატური ცვლილების შესაჩერებლად

ბირთვული ომივით გამანადგურებელი

თუ შენ ოდესმე მაინც გიფიქრია იმაზე, თუ რა დაემართა ამინდს ან გაგიგია, რომ ადრე ყველაფერი სხვანაირი იყო, ახლა კი ზამთარი ზამთარს ჰგავს და ზაფხული-ზაფხულს, ესე იგი შენც დედამიწელი ხარ და ყოველგვარი კვლევის გარეშე შეგიძლია, მარტივ ჭეშმარიტებას დაეთანხმო, რომ ჩვენ ირგვლივ ყველაფერი იცვლება. მათ შორის ამინდიც, რომელიც კლიმატის გლობალური ცვლილების შემადგენელი ნაწილია. თუმცა გავრცელებული მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილება მხოლოდ ამინდის ცვლილებას ნიშნავს – არასწორია. კლიმატის ცვლილება ის მიმდინარე პროცესია, რომელიც თითქმის ყველაფერზე აისახება, იმდენად ,,ყველაფერზე“, რომ შეუძლებელია სრული ჩამონათვალის გაკეთება.

გადახურება

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გლობალურ კლიმატურ ცვლილებას საზოგადოების ნაწილი ცალკეული მეცნიერების წარმოსახვად მიიჩნევდა, შემდგომ კი იგი პრაქტიკულად ყველამ აღიარა.  თუ აქამდე იმაზე კამათობდნენ,  რომ ეს ყოველივე მხოლოდ „ბუნებრივი ციკლურობის“ ნაწილი იყო და ამ, ძირითადად უკიდურესად ნეგატიური შედეგების მომტან პროცესში კაცობრიობას და მის მასშტაბურ ინდუსტრიულ საქმიანობას ბრალი არ მიუძღვოდა, დღეს უკვე ამაზეც თითქმის არავინ დავობს. გარდა ულტრალიბერტარიანელური შეხედულებების მქონეებისა და სხვა მცირე ჯგუფებისა, რომელთა ნაწილს ცოდნა არ ყოფნის, ნაწილს კი გარკვეული ინტერესები აქვს, მაგალითად, ნავთობმომპოვებელი და სხვა წარსულის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების მიერაა დაქირავებული.

კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ვერ გაექცა იმ მოცემულობას, რომ დედამიწა მართლა „გადახურდა“ და ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად არ მომხდარა. ამის მიზეზი ჭარბი რაოდენობის სათბური აირების, პირველ რიგში კი, CO2-ის  დაგროვებაა, რომელიც ნახშირბადოვანი საწვავის (ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი და ა.შ.) გამოყენების შედეგად წარმოიქმნება და დედამიწიდან კოსმოსში ვეღარ აღწევს. შესაბამისად, ისინი პლანეტის ირგვლივ ერთგვარ გარსს (ეკრანს) ქმნიან, რომელიც ხელს უშლის დედამიწის მიერ სითბოს გაცემას, მის გაგრილებას და  სათბურის ეფექტს იძლევა, რის გამოც პლანეტაზე ტემპერატურა განუხრელად მატულობს.

მარტივად რომ ვთქვათ, სათბური გაზები – უმეტესად ნახშირორჟანგი, მეთანი და აზოტი – ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოიყოფა. კლიმატის ცვლილების დაჩქარებული ტემპიც, სწორედ ადამიანთა არაგონივრული, არარაციონალური მოქმედებების შედეგია.

ეს შენც გეხება

ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსების კლება, მყინვარების დნობა, მდინარეების დაშრობა – ეს ყოველივე სწორედ კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებილი. მიუხედავად შენი ფიქრისა, რომ შეიძლება ის სადღაც შორს ხდება და შესაძლოა, შენ არც შეგეხოს – ეს შეცდომაა. კლიმატის ცვლილება ყველას ეხება და იგი თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი (თუ არა უდიდესი) გამოწვევაა. ამის მაგალიათია ის, რომ გასულ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ეს წელი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის წლად გამოაცხადა და $2,25-ტრილიონიანი გეგმა წარადგინა, რომლის მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.  აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა მომდევნო ათი წლის განმავლობაში ქარის, მზისა თუ სხვა განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს.  დღეს მსოფლიო ცდილობს, 2050 წლამდე იმოქმედოს ისე, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ 1.5-2 გრადუსზე მეტად არ მოიმატოს. ამისთვის გაჩნდა ერთობლივი ძალისხმევა კლიმატის ცვლილების შესახებ – ,,პარიზის შეთანხმა“, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები – ,,17 მიზანი მსოფლიოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად“ – აქედან  მე-13 მიზანი კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებია. ამ შეთახმებების მხარეა საქართველოც. ვინაიდან, როგორც ვახსენეთ კლიმატი იცვლება ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.

ომი და კლიმატი

და ახლა, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომისკენაა მიმართული, რა თქმა უნდა, აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა – დააჩქარებს თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი კლიმატის ცვლილებას?

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ერთიანად გვიჩვენებს იმ გამოწვევების ერთობლიობას, რომელიც ასე ლოკალურია და ამავე დროს, ასე გლობალურიც. თანამედროვეობაში, უკრაინის ომამდე, ერაყსა და სირიაში მიმდინარე ომმა დაგვანახა, სამხედრო მოქმედებების შედეგად, თუ როგორ ხდება გარემოს დაბინძურება. ეს კი თავისთავად კლიმატის ცვლილებაზე აისახება.

გარემო და ეკოსისტემები ომს მუდმივად ეწირებოდნენ. ბუნების მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გამო გაჩნდა ტერმინი „ეკოციდი“, რომელიც იმ სასტიკ დანაშაულებებს აღნიშნავს, რომელსაც რუსეთი ახლა უკრაინის ტერიტორიაზე სჩადის, როგორიცაა: ტყის მასივების მიზანმიმართული გადაწვა, რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის დროსაც მოხდა; ასევე ჰაერის ქიმიური დაბინძურება; ნავთობის საცავების,  საწვავის გასამართი სადგურების, ქიმიური წარმოებების აფეთქება და თვით ატომური სადგურების დაბომბვაც კი, რაც, ,,ბირთვული ტერორიზმის“ სახელითა ცნობილი და დღეისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ ითვლება, რომელმაც შესაძლოა სრული ეკოლოგიური კატასტროფა  გამოიწვიოს.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ომი კლიმატის ცვლილებას ამძაფრებს. ცხადია, ეს ომიც თავის მხრივ, კლიმატის ცვლილების დაჩქარებაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს. თუმცა ამის გაზომვა, ალბათ, მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

და მაინც, როგორ უნდა ვიცხოვროთ ომის დროს და ომის შემდეგ

თუ ომები, გარდა ფიზიკური დანაკარგისა, ადამიანებს მიგრაციას აიძულებს, ღარიბი ადამიანების რიცხვს უფრო მეტად ზრდის, ჰაერისა და წყლის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს – კლიმატის ცვლილებაც ზუსტად იმავეს იწვევს და თუ ამ პროცესის შეჩერებას  არ შევეცდებით, იგი შესაძლოა ზუსტად ისეთივე გამანადგურებელი აღმოჩნდეს, როგორიც ბირთვული ომი.

და ახლა თუ  შენ თვლი, რომ ამ სამყაროს ნაწილი ხარ და სავარაუდოდ, ასეა, რადგან სხვაგვარად ამ ნაწერს ვერ წაიკითხავდი, ესე იგი შენ შეგიძლია ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში შენი წვლილი შეიტანო.

მაგალითად, დაზოგო წყალი – აქამდე შესაძლოა არასდროს გიფიქრია, რომ შხაპის მიღებას, რაც უფრო მეტ დროს უთმობ, მით უფო მეტი წყალი იკარგება. მაშინ როცა სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის ფუფუნება მსოფლიოს ბევრ ქვეყანას და მათ შორის საქრთველოს ზოგიერთ სოფელსა თუ ქალაქს უკვე აღარ აქვს.

დაზოგო ელექტროენერგია – ალბათ ფიქრობ, რომ კომუნალურების დაზოგვის მიზნით ამას მაინც აკეთებდი, მაგრამ შესაძლოა დამტენის გამოერთება გავიწყდებოდა, არც ტელევიზორს ტოვებდი სრულიად გამორთულ მდგომარეობაში ან ელექტრო ჩაიდანი ავტომატურად გამორთულ, მაგრამ დენის წყაროზე მაინც შერთებული გრჩებოდა. ექსპერტები გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს, რომ მაგალითად, საკუთარი სახლის ენერგოეფექტურად გადაქცევა, მათ შორის ენერგოეფექტური ნათურების გამოყენება, იზოლირება, ბევრად ნაკლები ენერგიის დანაკარგისა და ნაკლები კომუნალური გადასახადების საწინდარია.

არ ჩაყარო ნარჩენი ნაგავში – მეორეული ნივთების გამოყენებას ან გაჩუქებას თუ ვერ ახერხებ, განცალკევება მაინც არ დაგავიწყდეს.  თუ ნაგვის ურნები ხელს არ გიწყობს, სახლიდან ნაგვის გატანისას, მათ განცაკლევებას მაინც ეცადე, რადგან შენ მიერ გამოუყენებელი ნივთები შეიძლება სხვამ გამოიყენოს, საჭმელი შესაძლოა ქუჩაში მცხოვრებმა ცხოველებმა შეჭამონ; ბოთლებს, რომლებსაც ყრი, შესაძლოა ვიღაც აგროვებს და ა.შ.

იარე ფეხით, უფრო შორ მანძილზე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ფეხით სიარულს ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, ამით გამონაბოლქვის მოცულობის შემცირებაში შენ შენი წვლილი შეგაქვს.

ხის დარგვაზე და გადასახადების ონლაინ გადახდაზე არაფერს ვიტყვი. ალბათ, ეს უკვე ყველა ჩვენგანმა გავაცნობიერეთ, ისევე როგორც მაღაზიაში პოლიეთილენის პარკებისა და ერთჯერადი ჭურჭლის ნაცვლად,  მრავალჯერადი ნაჭრის ჩანთების, ჭიქებისა და თევშების გამოყენება.

და კიდევ, შესაძლოა ოდნავ გაუგებარი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საკუთარი კვების რაცონიდან ხორცის ამოღება. ესეც გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია, მორალურადაც მისასალმებებელი, ამით შენ ხელს შეუწყობ კლიმატური ცვლილებების პროცესის შეფერხებას. როგორ? -სასოფლო სამეურნეო ცხოველები დიდი რაოდენობით მეთანსა და ნახშირორჟანგს გამოყოფენ. პრობლემაა მათ მიერ დიდი ოდენობით მცენარეულობის მოხმარებაც.  მაგალითად, დაახლოებით 1 კგ საქონლის ხორცის მისაღებად 200 კგ მცენარეული საკვებია საჭირო. ასევე მათი განთავსებისა და საკვები ბაზის შესაქმნელად ტყის უზარმაზარი მასივები უმოწყალოდ იჩეხება. ცნობილია, რომ ამაზონის გაუტყეურების უმთავრესი მიზეზიც სწორედ ხორცპროდუქტების ინდუსტრიაა.

და კიდევ, როგორც მარტო, ასევე თანამოაზრეთა შემოკრებით, ინფორმაციის გავრცელებით, შენ შეგიძლია, უფრო მეტიც, ვალდებული ხარ, საიმისოდ იბრძოლო, რომ ხელისუფლებებმა და ბიზნეს წრეებმა  ადეკვატურად იმოქმედონ, რათა მოკლევადიან, ხშირად პირად–ეგოისტურ ფინანსურ ინტერესებს ადამიანები, მოსახლეობა, ქვეყანა და სრულიად კაცობრიობა არ შეეწიროს.

და თუ შენ, საკუთარი თავისთვის არასდროს დაგისვამს კითხვა – რა შემიძლია მე გავაკეთო? – ის ადამიანი ხარ, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის ან იმდენად სუსტი ჰგონია საკუთარი თავი და შესასაძლებლეობები, ფიქრობს, რომ მაინც ვერაფერს შეძლებს – ასე არ არის. უკვე დიდი ხანია უამრავი ადამიანი ფიქრობს და აკეთებს ამას და მათ იციან, რომ  ერთ ადამიანსაც კი, გლობალური, კლიმატური ცვლილებების შესაფერხებლად და საბოლოოდ შესაჩერებლად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

ავტორი: სოფიო ძიგუა

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close