სიღნაღის ამბები

,,მეამაყება, რომ სოფელში ბევრ კაცს ვჯობნი”- როგორია წნორელი ფერმერი ქალის ცხოვრება

,,ქალურ სინაზეს ცხოვრებამ ჩამომაცილა. ჩემს გარდერობში კაბებს შარვლები სჭარბობს"

წნორელი ახალგაზრდა ქალის ფერმის მოსანახულებლად ცივგომბორის კალთაზე შეფენილ ტყეში, ვიწრო გზას მანქანით შევუდექით. ლალი ქემაშვილი აქ ყოველდღე დადის. სანამ სოფელი გაიღვიძებს, უკვე ფერმაშია- საქონელს წველის, უვლის და სახლში რძით სავსე ჭურჭლით ბრუნდება. აღმართიანი გზის ფეხით  ავლა-ჩამოვლა ქალს საღამოს, სიბნელეშიც უწევს.

ლალის მეუღლე ექვსი წლის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ მარტო ეჭიდება რთულ ცხოვრებას. ეამაყება, რომ ქმრის დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს- ცხოველები შეიყვარა და მათზე ზრუნავს. შეიძლება ჩემთვის წამალი რომ ვუყოდო ფული არ გამემეტოს, მაგრამ ძროხებს რაიმე თუ უჭირთ, ბოლო გროშსაც გავიღებ და დავეხმარები. რაიმე თუ სტკივათ ისეთი თვალებით გიყურებენ, შეუძლებელია, დახმარების ხელი არ გაუწოდო, გვითხრა ლალიმ.

ფერმერ ქალზე სოფელშიც ლეგენდებს ჰყვებიან- ,,იგეთია, იგეთი, მგელსაც კი არ უშინდება“, ,,ღამით ქაჯის ქალივით დაიარება და თავის საქონელს არაფერს აკლებს“ ….

ლალი ქემაშვილი:

_   ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარდა  შინაური ცხოველები. თავდაპირველად ღორების მოშენება დაიწყო. ქალაქ წნორში ვცხოვრობთ და ეზოში მოწყობილ სპეციალურ ფერმაში 70-მდე ღორს ვუვლიდით. 2007 წელს აფრიკული ჭირი გაჩნდა და ერთ საღამოს 64 ღორი მოგვიკვდა. გადარჩენილი ღორები გავყიდეთ და ერთი ძროხა ვიყიდეთ.  რძე-მაწონს ოჯახში ვიყენებდით და კიდევაც ვყიდიდით. მეუღლე ტრაქტორზეც მუშაობდა. ცოტა ხანში, კიდევ შევძელით, დანაზოგით  რამდენიმე ძროხის შეძენა. შემდეგ გაგვიჩნდა სურვილი, ტყეში გაგვეკეთებინა ფერმა და საქონელი იქ გადაგვეყვანა. წნორის ზემოთ, კვენაკელის დაუსახლებელ მთაზე მეზობელს ტერიტორია ჰქონდა და ვთხოვეთ, დროებით ეთხოვებინა ჩვენთვის. რამდენიმე წელში მის გვერდით ჩვენც შევიძინეთ ნაკვეთი. კომფორტული ფერმის ასაშენებლად ფული არა გვქონდა, ამიტომ ძროხებისთვის უბრალო, ხის თაშესაფარი გავაკეთეთ. 20-მდე ძროხას ვუვლიდით, ბევრ მათგანს ხბოც ჰყავდა. იქვე პატარა ოთახი ჩავდგით, დროებითი დასარჩენი რომ გვქონოდა. ჩემი მეუღლე ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა და დიდი მიზნები ჰქონდა. მოულოდნელად ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჯანმრთელი კაცი გულის შეტევით გამოგვეცალა ხელიდან. 41 წლის ასაკში, ორი შვილით დავრჩი მარტო. ბავშვები სკოლაში სწავლობდნენ და ცხადია, ვერაფერში მომეხმარებოდნენ. იმის გამო, რომ ჩემს შვილებს უმამობა, გაჭირვება არ ეგრძნოთ, გადავწყვიტე, ქმრის დატოვებული მეურნეობისთვის თავად მიმეხედა და მისი წამოწყებული საქმე გამეგრძელებინა.

    _ ძროხების მარტო მოვლა არ გაგიჭირდა?

_ მეუღლეს მეურნეობის გაძღოლაში ვეხმარებოდი. ყოველთვის ძროხებს  მე ვწველიდი. ბევრჯერ ყოფილა, რომ ძროხას რძით გავსებულ ვედროში ფეხი ჩაუდგამს და ის რძე გადამიქცევია, რადგან საკვებად აღარ ივარგებდა. მთაში ბალახობენ ჩემი ძროხები და ძალიან ნოყიერი რძე აქვთ. წნორში ბევრი პატარა გაიზარდა ჩვენგან წაღებული რძე-მაწვნით.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სამი კვირის განმავლობაში ახლობელი მეხმარებოდა და ფერმაში მანქანით მივყავდი. ცხადია, დიდხანს სხვას ვერ შევაწუხებდი და ერთხელაც, დილაადრიანად, ფერმისკენ მიმავალ გზას მარტო შევუდექი. ჩემი სახლიდან ფერმამდე კილომეტრი და შვიდასი მეტრია. 6 წელია ამ გზას სახლიდან ფერმისკენ და პირიქით, ფეხით ოთჯერ გავდივარ, დილით და საღამოს. თუ საქონელს რაიმე სჭირდება, შეიძლება შუადღესაც ამოვიდე. სახლიდან ფერმაში ამოსასვლელად 45 წუთი მჭირდება. ზამთარში გზა იყინება და აღმართზე ამოსვლა მირთულდება, მაგრამ უკან არასდროს გავბრუნებულვარ. ზოგჯერ ღამეც მიწევს ამ ტყეში სიარული.

_ მერე, არ გეშინია ნადირი რომ გადაგეყაროს?

_ ჩემი ,,იარაღი“ ჯოხია, რომელიც გზაზე მიკავია ხელში. ზამთარში ხშირად გადავყრივარ  ტურებს. დავუყვირებ ხოლმე და გარბიან. რამდენიმე ძაღლი მომყვება და ისინი რომ ყეფით გარბიან, ვიცი, რომ სადღაც ახლო ნადირია. ერთხელ ძაღლების გარეშე წვიმასა და ქარში ფერმიდან სახლში ვბრუნდებოდი და გზაზე მგელი გადამეყარა. ქვა ვესროლე, მაგრამ გარკვეული მანძილი ჩემს წინ ირბინა. მივყვებოდი და ფოტოებსა და ვიდეოს ვუღებდი. მერე მონადირეებს ვაჩვენე და მითხრეს, მგლის ლეკვიაო. რამდენიმე წლის წინ, ჩემი ფერმის წინ, დღისით დაუგლიჯეს მგლებმა მეზობელს ცხვრები. პატრონიც იქვე იყო, გამოეკიდნენ, მაგრამ ორ ცხვარს მაინც გამოღადრეს ყელი.

ისე მივეჩვიე ტყეში მარტო ყოფნას, ყოველგვარი შიში გამიქრა. ამას წინათ ძროხები ტყიდან გვიან დაბრუნდნენ და მეც სახლში წამოსვლა ღამის 12 საათზე მომიხდა. მეზობლის მოხუცმა ქალმა ეს რომ გაიგო, მითხრა, იმ ქვეყნად რომ წავალ, შენს ქმარს აუცილებლად ვეტყვი, რომ ძალიან წვალობ და ტყეში მარტო დადიხარო. ზოგჯერ საოჯახო საქმეში ვერთობი და ფერმაში ასვლა სიბნელეში  მიხდება. ასეთ დროს მეზობლები ვიშვიშებენ, ქაა, ამ შუაღამეს მარტო სად მიდიხარ, როდის უნდა ახვიდე ამხელა გზაზეო, მაგრამ ორ კილომეტრამდე გზა ჩემთვის ჩვეულებრივ რუტინად იქცა. ყველანაირ ამინდში მიწევს სიარული და აღარ ვფიქრობ, რომ დიდ მანძილს ვფარავ.

რამდენიმე კვირის წინ, ქარიშხალი დაატყდა ქიზიყს. ტყეში, საღამოს  საშინელება ხდებოდა. ფერმაში ვიყავი და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, მთები თავზე მემხობოდა. საქონელიც შეშინდა და ყველა ერთად ბღაოდა. გადავწყვიტე, არ წავსულიყავი სახლში და ჩვენს პატარა ქოხში გამეტარებინა ღამე. შვილებს დავურეკე, არ შეგეშინდეთ, ფერმაში უნდა დავრჩე მეთქი. ისე შემიყვარდა აქაურობა, ძროხები რომ არ მყავდეს, მაინც ხშირად ვივლიდი. ყველა გაოცებულია, მაგრამ გასაოცარს ვერაფერს ვხედავ- გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ანდაზა რომ არის, ჩემი საქმე ისეა. მეზობელი ფერმის პატრონი მეუბნება, ამ მთის დედოფალი ხარო.

_ მკითხველს შენი ერთი დღე აღუწერე…

_ დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვარ, ზურგჩანთას ვიკიდებ და ფერმაში მოვდივარ საქონელს რომ მივხედო. ისეთ დროს ამოვივლი ხოლმე სოფელს,  ხალხს ჯერ რომ სძინავს.  ძროხებს საბალახოდ ვუშვებ და დატვირთული ვბრუნდები სახლში. საღამომდე ოჯახის საქმეებს ვაგვარებ, მაწონს ვადედებ, ყველი ამომყავს და მოხუც, ავადმყოფ მამას ვუვლი. ზოგჯერ მეზობლები მეძახიან, ლალი, ყავა დავლიოთო, მაგრამ მეზობელთან გადარბენასაც ვერ ვახერხებ. ვჩქარობ, რადგან საღამოს ისევ ტყის გზას უნდა გავუდგე. 7-8 საათზე ზურგჩანთაში ისევ ვდებ რძის ბალონს და საქონლის მისახედად  ტყეში მოვდივარ. საღამოსაც  ვწველი ძროხებს და რძით დატვირთული სოფლისკენ მივუყვები გზას. 10-15 ლიტრი რძეც ჩამიტანია ზურგით ტყიდან სოფელში. ექვსი წლის განმავლობაში ასეთი რუტინით ვცხოვრობ და ,,წესები“ არასდროს დამირღვევია, არ მიღალატია ჩემი ცხოველებისთვის. ხშირად ღამის 2-3 საათზე ვიძინებ.

ჩემი ქმარი  ცოცხალი იყო, ერთხელ, საღამოს, ორი დეკეული რომ არ დაბრუნდა ფერმაში. ჯერ მანქანით წავედით საძებნელად, მერე კი ტყეში, ფეხით გავაგრძელეთ ძებნა. ღამის 2 საათზე სიღნაღამდე ავედით და იქ ვიპოვეთ. მარტოც მიძებნია ტყეში ძროხები. როცა ღამდება და საქონელი ფერმაში არ ბრუნდება, ვერ ვისვენებ და სახლში ვერ მივდივარ. ჯოხს ვიღებ და ღამე დავდივარ საძებნელად.  ბროწლიანშიც გადავსულვარ და სიღნაღის მისადგომებთანაც ავსულვარ. სამი წლის წინ ერთი ძროხა არ დაბრუნდა ფერმაში. მთელი ღამე ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მეორე დღეს ხევთან, ბარდებში ვნახე მკვდარი. ჯანმრთელი ძროხა იყო და ვერ მივხვდი რამ მოკლა. ვეტერინარებმა მითხრეს, ალბათ გველმა უკბინაო. ჩვენს ტყეებში ბევრი ქვეწარმავალია. რამდენჯერმე შემხვდა, მაგრამ მოვკალი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძროხის მშობიარობებსაც მე ვიღებ. პროფესიით ბებიაქალი ვარ, თუმცა ერთი დღეც არ მიმუშავია სამშობიაროში. მეხუმრებიან ხოლმე, შეძენილი ცოდნა მესაქონლეობაში გამოგადგაო.

ცხოველები ძალიან გონიერი არსებები არიან. ძროხა რომ მშობიარობს, ჩუმად წევს და ისეთი თვალებით გიყურებს, შეუძლებელია არ დაეხმარო. ხშირად, როცა ნაყოფს გამოსვლა უჭირს და წინა ჩლიქები აქვს გამოყოფილი, ხელს ვკიდებ და ვეწევი, რომ გამოვიყვანო. ერთხელ ისე გართულდა საქმე, ვეტექიმის მოყვანა დამჭირდა. მან თოკი ჩლიქებზე მოაბა ნაყოფს და ისე გამოსწია. ეს წესი მეც გამოვიყენე და მარტომ ვამშობიარე ძროხა. სხვა მეძროხეებმა იციან, რომ ასეთ დროს საქონლის დახმარება კარგად შემიძლია და მთხოვენ, მათი ძროხებიც ვამშობიარო.  ზოგჯერ ახლადდაბადებულ ხბოს პირზე აპკი აქვს გადაკრული და ყველამ არ იცის მისი მოცილება. სასწრაფოდ თუ არ მოაცილე, მოიგუდება. ძალიან მიხარია, როცა ასეთ დროს ცხოველს ვშველი. ახლად დაბადებულ ხბოს ფეხზე წამომდგარს რომ დავინახავ, ასე მგონია, ჩემზე ბედნიერი არავინაა. დედა გრძნობს, რომ მისი შვილი სიკვდილს გადავარჩინე. ბევრჯერ შემინიშნავს, ძროხას როგორ ჩამოგორებია ცრემლი. ასეთ დროს ემიციას ვერც მე ვმალავ და მასთან ერთად ვტირი. ცხოველებმა ლაპარაკი არ იციან, მაგრამ თვალებით, ქცევით გაგრძნობინებენ ყველაფერს. ძროხებს სხვადასხვა სახელებს ვეძახი და ჩემს დაძახილზე მაშინვე მორბიან. ტყეში რომ დავდივარ საძებნელად, სახელებს ვყვირი- თეთრაა, ლამაზოოო, ნიკორააა… თუ გაიგონეს, ბღავილით მეხმიანებიან.

ძროხას ისე ვწველი, რომ რძეს ხბოსაც ვუტოვებ. შვილს დედის ძუძუზე როცა მივაგდებ, წოვის დროს ძროხა ხბოს ლოკავს. ხშირად მეჩქარება სახლში წასვლა და მინდა, ხბო მალე მოვაცილო, მაგრამ ისეთი ლამაზი საყურებელია დედა რომ შვილს ეფერება, მათ სასიყვარულო ურთიერთობაში ვერ ვერევი. ვუყურებ და ვტკბები ამ სანახაობით. ისე შემიყვარდა ცხოველები, შეიძლება მედიკამეენტი მჭირდებოდეს და ფული არ გამემეტოს, მაგრამ მათ წამალში არასდროს არაფერი დამიზოგავს. ერთხელ, დილით რომ ამოვედი, ძროხა საკვების დიდ გობში ჩავარდნილი და გაჭედილი დამხვდა. ზოგჯერ ბალახისთვის ძროხები ერთმანეთს ეჩხუბებიან. როგორც ჩანს, ამჯერადაც იჩხუბეს და რქებით ერთ-ერთი გობში ჩააგდეს. გობზე ფიცრები ავყარე, რომ ძროხა გამეთავისუფლებინა, მაგრამ ფეხზე ვერ წამოვაყენე- ფერდი და ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ექიმები მოვუყვანე, თოკებით აწიეს, წამლები მოვიტანე, მაზები წავუსვი… ერთი თვე ვიწვალე და მაინც დავაყენე ფეხზე.

_ ზამთარში საქონლის გამოკვებას როგორ ახერხებ?

_ რამდენიმე ჰექტარზე მოგვყავს ქერი, რომელსაც საქონლის საკვებად ვიყენებთ. დაპრესილი საკვები ფერმაში ტრანსპორტით მომაქვს. 200-300 ტუკს ზოგჯერ მარტო ვეზიდები ტრანსპორტიდან საფარში. გული საგულეში მაქვს, როცა ვიცი, რომ ზამთრისთვის ჩემს საქონელს საჭმელი აქვს და მათი კვება საწუხარი აღარ მექნება.

თავდაუზოგავი შრომითა და წვალებით გავზარდე შვილები. ქალიშვილი უკვე გავათხოვე, ახლახანს ბიჭმაც მოიყვანა ცოლი და რამდენიმე თვის შვილიშვილიც მყავს. ჩემი ვაჟი მთელ დღეს სამსახურშია და ჩემს დასახმარებლად ვერ იცლის.

მეამაყება, რომ სოფელში ბევრ კაცს ვჯობნი საქმეში. ძლიერი ქალის იმიჯი მომწონს და მას პუდრსა და პომადაზე ვერ გავცვლი. პრანჭია გოგო არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ცხოვრებამ ქალურ სინაზეს სულ ჩამომაცილა. ჩემს გარდერობში კაბებს შარვლები სჭარბობს. დიასახლისობა კი მეხერხება- ნატურალური რძე-მაწონი მაქვს და კარგ  ნამცხვრებსაც  ვაცხობ.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

.

.

.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close