როგორ წარიმართა სიღნაღის საკრებულოს პირველი სხდომა
,,ჩემმა ახლობელმა როცა გაიგო, რომ საკრებულოს წევრი გავხდი, ძალიან გულახდილად მირჩია: აბა, შენ იცი, პატიოსნება არაფერს მოგიტანს, ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება და შენს თავს მაინც უშველეო"
მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, პირველი სხდომა ჩატარდა. სიღნაღის საკრებულო არავის ჩამორჩენია და ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, ლეგიტიმაცია, ბოლოს და ბოლოს მისცა. იმედია, ამის მერე მაინც გააცნობენ ხალხს იმ ადამიანებს, ვისაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა და საკრებულოში, საკუთარ წარმომადგენლად მიავლინა. ახლა არ ვაპირებ იმაზე დავას, ადამიანები, რომლებიც 3 დეკემბერს საკრებულოს სხდომას დეპუტატების მანდატებით ესწრებოდნენ, ნამდვილად ხალხის სურვილით გახდნენ მათი რჩეულნი თუ დიდი მაქინაციებით, აფიორებით, იძულების მეთოდების გამოყენებებით, დაშინებებითა თუ მოსყიდვებით. არჩევნების გაყალბება რომ მოხდა, თან დიდი დოზით, ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს. ასეა თუ ისე, ისინი იქ არიან და ხალხის მანდატი უკავიათ ხელში, აქვთ პრივილეგიები, ძალაუფლება და რაც მთავარია, აბარიათ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ბიუჯეტზე ანუ ხალხის მიერ შეგროვილ ფულზე კონტროლი, თუმცა მალე გამოჩნდება, ბიუჯეტს გააკონტროლებენ თუ, საკუთარ ჯიბეებს. მალე მივხვდებით, როგორ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობასა და ქვეყნის აღმშენებლობაზე დანაპირებს ხალხის რჩეული ადამიანები საკრებულოებში. ჩვენ მათი საქმიანობის მონიტორინგი უკვე დავიწყეთ.
ჩვენი რესპონდენტი სიღნაღის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, პროფესიით ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა, ნონა ნინიაშვილია. 3 დეკემბერს, ნონა, ცხოვრებაში პირველად დაესწრო საკრებულოს სხდომას და პირველად ჩაება ხალხის კეთილდღეობის ფერხულში. სწორედ ამიტომ, იმ საკრებულოს წევრის შეხედულებებით დავინტერესდით, რომელმაც საქმიანობა ,,სუფთა ფურცლიდან” დაიწყო. სიღნაღის საკრებულოს პირველი სხდომის ამბებიც, სწორედ მას ვკითხეთ.
_ნონა, გუშინ, 3 დეკემბერს, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომები უცნაურ გარემოებებში ჩატარდა. ზოგან ოპოზიცია საერთოდ არ მოვიდა, ზოგან მივიდა, საკუთარი თავი დააფიქსირა და არჩევნებს არ დაესწრო. სიღნაღის საკრებულოს სხდომაზე რა ხდებოდა?
_ სიღნაღში საკრებულოს სხდობა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ყველამ ვიცით, როგორ გაიფორმა უმრავლესობა მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, ამ ეტაპზე, რადიკალური ზომებისაგან თავი შევიკავეთ. თუმცა მონაწილეობა არ მიგვიღია საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების კენჭისყრის პროცესში.
_ არჩევნები ყალბდება- დიდი ხანია გვესმის და ვხედავთ გაყალბების უამრავ ფაქტსაც, თუმცა პარლამენტისა და საკრებულოების შემადგენლობები, მერის კანდიდატები, მაინც ლეგიტიმურად ითვლებიან. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოებში მხოლოდ სამმა პარტიამ მიიღო ხალხის მანდატი- ოცნებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და ახლადშექმნილმა გახარიას პარტიამ. სიღნაღის საკრებულოშიც ასე მოხდა. თვლით, სხვა პარტიებს ხალხი მართლაც არ ენდო და მხოლოდ სამ პარტიაზე დადო ფსონი?
_ ფაქტიურად ჩვენ ვცხოვრობთ არალეგიტიმური მთავრობის ანუ მიტაცებული ხელისუფლების პირობებში, რაზეც თანხმდება გაერთიანებული ოპოზიცია და რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური მთავრობაც და ადგილობრივიც, გასულია კანონის ჩარჩოებიდან ძალმომრეობით, ტოტალური მოსყიდვის შედეგად. საკრებულოებს, ცხადია, ლეგიტიმურს ვერ ვუწოდებთ იმ ყველაფრის ფონზე, რაც მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე ხდებოდა, მაგრამ ოპოზიცია, ხალხთან ერთად ვიბრძვით სამართლებრივი გზებით და მეთოდებით, რათა შევასრულოთ მოსახლეობის მოთხოვნა- დავუბრუნოთ მიტაცებული ხელისუფლება ხალხს და ერთხელ და სამუდამოდ დავდგეთ კანონიერ რელსებზე. ზოგადად, ადგილობრივი არჩევნები ხასიათდება ნაკლები აქტიურობით და გასათვალისწინებელია მოსახლეობის ინფორმირებულობა. ლოგიკურია, ამომრჩეველში უპირატესობით სარგებლობს დიდი პარტიები და ამიტომ, გადასახედია გამსვლელი ბარიერი.
_ სიღნაღის საკრებულოს შემადგენლობის სრული სია, არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, პირველად სწორედ ჩვენმა სააგენტომ, ,,სიღნაღის ამბებში” გამოაქვეყნა. არჩევნებიდან ორი თვის მერეც არ იცოდა ხალხმა, ვინ აირჩია. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სია ხომ სწორი აღმოჩნდა?
_ დიახ, თქვენს მიერ გამოქვეყნებული სია სწორი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, არც ახლა ჩქარობენ გასაჯაროებას.
_ როგორც ვიცი, გუშინ საკრებულომ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები. ვინ არიან ისინი და რა დამსახურებით მოხვდნენ ამ თანამდებობებზე?
_ დიახ, გუშინ აირჩიეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები, რომლის კენჭისყრაში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა არ მიუღია. რაოდენობიდან გამომდინარე, არჩეულია საკრებულოს თავმჯდომარის 5 მოადგილე. დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია და 5 მოადგილიდან ერთიც არ გაემეტათ ოპოზიციის კანდიდატისთვის, თუმცა გვახსოვს ე. წ. „სისხლიანი 9 წლის“ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, სწორედ მოადგილეებიდან ერთ-ერთი იყო ოპოზიციის კანდიდატი. რაც შეეხება დამსახურებას, ეს ადვილი მისახვედრია, როცა გადახედავ მათ სახელებს და გვარებს, მათ წარსულს, კავშირებს. ამაზე, როგორც გამოცდილ ჟურნალისტს შეგიძლიათ, მსუყე მასალა მოიპოვოთ, მათი ბიოგრაფიები, საქმიანობები დატვირთულია კორუფციული გარიგებები, ტენდერებით, მეტსახელებით, ბოლოს და ბოლოს.
_ საკრებულოს თავმჯდომარეს და მათ მოადგილეებს კვლავ საინტერესო მეტსახელები აქვთ? წინა მოწვევის საკრებულოს წევრებისა და ყოფილი მერის მეტსახელები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო და ახლაც ასეა? ისე, კახელებმა ზუსტად იციან, შესატყვისი მეტსახელების მოძებნა. თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დიდი ხანია ხალხს ჰპირდება, რომ ოცნების ხელისუფლებას დაასრულებს, დღეს, პარლამენტშიც და საკრებულოებშიც უმრავლესობას კვლავ ოცნება წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინიციატივის გატანა, გადაწყვეტილების მიღება, მათთვის პრობლემას არ წამოადგენს. ცხადია, ეს არ არის მათი დასრულებისკენ ნაბიჯების გადადგმა. თქვენ ერთად ხართ პარლამენტშიც და საკრებულოებშიც… ამ გადმოსახედიდან, აღნიშნულ ორგანოებში, ოპოზიციის როლს როგორ და სად ხედავთ?
_ ჯერ დავიწყოთ იმით, რომ თვითონ ,,ქართული ოცნება” მოვიდა იმ ამბიციით, რომ უნდა დაესრულებინა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, დასრულებით გვემუქრებოდა მათი პრემიერი, თუმცა ფაქტია, ენმ უფრო ძლიერდება, ყველაზე დიდი პარტიაა თავისი ასეულობით ათასი ამომრჩევლით, ერთერთი ლიდერია ოპოზიციურ პარტიებში. გვყავს ახალი სახეები, როგორც ყოველთვის, ისინი გამორჩეულები არიან განათლებით, ინიციატივებით და იდეებით.
ახლა ვისაუბროთ ქართული ოცნების დასრულებაზე. ეს ხალხის დაკვეთაა და გამოიწვია მმართველი პარტიის თავგასულობამ, ხალხთან დაშორებამ და ყველაფერმა, რაც ჩვენს თვალწინ ხდება ყველა სფეროში, ყველა ინსტიტუციაში. ფაქტიურად, თვითონვე ასრულებენ თავიანთ თავს , თავისივე უკონტროლო მოქმედებებით. გადახედეთ მათ შემადგენლობას, მათ სახეებს, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ და რით ცხოვრობენ, რა გაუკეთებიათ და რას პირდებიან ხალხს? არაფერს. მათი ინტერესი მხოლოდ მათივე პირადი კეთილდღეობაა.
დიახ, ძალადობრივი უმრავლესობა მათ ხელშია, გაგვიჭირდება ინიციატივების გატანა, თუმცა უმოქმედოდ არ ვიქნებით, რადგან ჩვენს გვერდითაა ხალხი, რომელიც ითხოვს ცვლილებებს და ელოდება ვადამდელ არჩევნებს. ვაპირებთ აქტიურად ვიბრძოლოთ საკრებულოშიც და ქუჩაშიც, ხალხთან ერთად. მითუმეტეს, ეხლა, როცა ენმ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოშია და გვაჩვენა თავგანწირვის, სამშობლოს სიყვარულის მართლაც ისტორიული მაგალითი.
_ ნონა, თქვენ ჟურნალისტი ხართ და ამ პროფესიის ადამიანებს გამბედავობა, რისკი, სიმართლის მხარეს დგომის სურვილი სხვებისგან განსხვავებული გვაქვს. კიდევ თუ არიან სიღნაღის საკრებულოში ჩვენი კოლეგები და სხვებისგან განსხვავებულს, როგორც ჟურნალისტი, რას ჰპირდებით ამომრჩეველს?
_ დიახ, ჩემი პირველი პროფესია ჟურნალისტიკაა, ბუნებითაც მებრძოლი და სიმართლის მოყვარე ვარ, არც გამბედავობა მაკლია. ეს ჩემი ცხოვრებისეული თავგდასავალიდანაც ნათლად ჩანს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყოფილი ჟურნალისტია საკრებულოს წევრი ფრაქცია ქართული ოცნებიდან სიღნაღის მერის ყოფილი მოადგილე, ქალბატონი მადონა ბატიაშვილი, რომელიც TV -9 აქტიური ჟურნალისტი იყო.
მე, როგორც პროფესიით ჟურნალისტი, ვიდგები ხალხის ინტერესების მხარეს, სიმართლის სადარაჯოზე, დავიცავ მათ ინტერესებს და აქტიურად ჩავრთავ მათაც მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.
_ ხალხს ხელისუფლების იმედი დაკარგული აქვს, მათ შორის საკრებულოს წევრებისაც. ალბათ თქვენთვისაც უთქვამთ, ,,იქ “, ყველას ავიწყდება ხალხი და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ახსოვთო. როცა გადახედეთ საკრებულოს ახალ შემადგენლობას, რა იფიქრეთ, არჩეული დეპუტატები მართლაც ხალხის ბედს გააღვიძებენ თუ საკუთარს?
_ ეს ყველაზე მტკივნეული თემაა, რომლის გამოსწორებასაც დიდი შრომა დაჭირდება. ნიჰილიზმი, რომელიც დანერგა მმართველმა პარტიამ ტერორით, დიახ, თანდათანობით გააღარიბა ხალხი, დამოკიდებული გახადა სოციალურ შემწეობებზე, მოუსპო საარსებო წყარო, საჯარო მოხელეები დაიქვემდებარა დაშინებით. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ განაცხადა, ვერ გამოვტოვებ იმ ფაქტს, რომ მასიურად გვისმენენ. ამას ემატება არაკეთილსინდისიერი საკრებულოს წევრების, მართლაც მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნვა, ხალხთან კავშირის გაწყვეტა არჩევნებიდან არჩევნებამდე.
ერთერთმა ჩემმა ახლობელმა როცა გაიგო, რომ საკრებულოს წევრი გავხდი, ძალიან გულახდილად მირჩია: აბა, შენ იცი, პატიოსნება არაფერს მოგიტანს, ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება და შენს თავს მაინც უშველეო. ეს იმედდაკარგული ადამიანის სიტყვებია და თავისებური რჩევა მომცა, თუმცა აქ სამოქალაქო განათლების ნაკლებობაცაა. მოსახლეობის უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს, რა არის ბიუჯეტი, ვინ განკარგავს მას, რა უფლებები აქვს მოსახლეობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცების და განკარგვის პროცესში.
ხალხმა არ იცის, არჩევნებში ვინ აირჩია, რატომ აირჩია, რა უფლება-მოვალეობები მიანიჭა თავისი ხმით კანდიდატს. მან, ვინც ასეთი კეთილი რჩევა მომცა, ასეთი წარმოდგენა აქვს საკრებულოზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, საკრებულოს წევრზე. ამ თემაზე ბევრის თქმა შეიძლება.
რაც შეეხება ახალი, მეხუთე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას, დამაიმედებელს ვერაფერს ვიტყვი. ეს ეხება უმრავლესობას ანუ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, მაჟორიტარი თუ პროპორციული სიით გასულ დეპუტატებს. კარგად ნაცნობი სახეები, გამობრძმედილი მრავალპარტია გამოვლილი მედროვეები, მოქკავშირის დროინდელი კადრები, არაკომპეტენტურები, უდიპლომოები (თუმცა ესეც აღარ გვიკვირს , სამწუხაროდ). ასე შემიძლია დავახასიათო მათი სახეები ძალიან მოკლედ და მოკრძალებულად. თუმცა ჩემზე კარგად მათივე ბიოგრაფიები გადისახელებთ.
_ საკრებულოს ახალ შემადგენლობაში არიან დეპუტატები, რომელთა შესახებაც, ჩვენი სააგენტო, ,,სიღნაღის ამბებში” ხშირად წერდა, რომ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართულნი. მეტიც, საკრებულოს ჰყავს წევრი, რომელიც, როგორც ცნობილია, მსგავსი ბრალდებით სასჯელსაც იხდიდა. როგორ ფიქრობთ, ისინი გამოსწორდნენ და ამიტომ მიიღეს ხალხის მანდატი კიდევ ერთხელ?
_ ამ კითხვაზე საპასუხოდ ანდაზას მოვიშველიებ: ,,არ გათეთრდების ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა”. თუმცა მოხარული ვიქნები, ვცდებოდე.
_ საკრებულოს დანიშნულებაა, გააკონტროლოს მერიის საქმიანობა, თუმცა ყოველთვის ვხედავთ, რომ ისინი ერთად ,,საქმიანობენ” და როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი მეორეს ხელებს ბანს. როგორ ფიქრობთ, ახალი საკრებულო ამ ტრადიციას გააგრძელებს?
_ რა თქმა უნდა, გააგრძელებენ, თუმცა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ფხიზლად , იქნება აქტიური და ხალხთან ერთად ვამხელთ მათ შეხმატკბილებულ „ხელის ბანვას“.
_ და ბოლოს , თქვენი თვალით, ახლოდან, პირველად დანახული სიღნაღის საკრებულოს როგორ აღგვიწერთ და პირადად თუ გაქვთ მუშაობის გეგმა?
_ მე, პირველად ვარ ხალხის მანდატით საკრებულოს წევრი. უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩემთვის ეს ნდობა, რადგან ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის მოცემული ერთი ხმის უკან დგას გმირი ადამიანი, თავისი ოჯახის წევრებით, რომელიც არ გაიყიდა, არ შეუშინდა, არ დაიზარა და კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა. როგორ შეიძლება, ეს არ დაინახო და არ დააფასო, ჩვენც ხომ მათსავით არ გავიყიდეთ, არ შევუშინდით და არ დავიზარეთ გვებრძოლა ხალხის ინტერესებისთვის. რაც მთავარია, ვგრძნობთ ხალხის თანადგომას, ფრაქცია“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმუჭად შეკრული , კვალიფიციური გუნდია ბევრი ინიციატივით და რაც მთავარია, იდეით.
დანარჩენს ეტაპობრივად , ჩვენი საქმიანობის შესახებ, დაინტერესების შემთხვევაში დაუზარებლად გაგაცნობთ.
_ ცხადია, ხშირად დავინტერესდებით…
ნელი ვარდიაშვილი, საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორი
ფოტო ს ავტორი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი