ჯანდაცვა

,,ბევრი ადამიანია ავად სასუნთქი გზების ინფექციების სიმპტომებით”

რას გვირჩევს ცნობილი ინფექციონისტი

ამ ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი ადამიანია ავად სასუნთქი გზების ინფექციების სიმპტომებით. განსაკუთრებით ხშირია ყელის ტკივილი, სიცხე, კუნთების ტკივილი. სიმპტომები გრძელდება დაახლოებით 5-7 დღე, თუმცა ზოგჯერ ხანგრძლივდება.
ბევრი შეშინებულია ამ სიმპტომებით და ამის გამო უამრავ გაურკვეველ კვლევას იტარებს და ასევე გაურკვეველ მედიკამენტებს იღებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი პერიოდულად აქვეყნებს, სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი რომელი მიკროორგანიზმებია იმ ეტაპისთვის გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში. ბოლო ინფორმაცია მაისის შუა რიცხვებისაა და ვხედავთ, რომ კვლავ ცირკულირებს სეზონური გრიპის ვირუსები (სიმპტომების მქონეთა 35%-ზე მეტს გრიპი აქვს); რინოვირუსები (რომლებიც ძირითადად სურდოს და ზემო სასუნთქი გზების სხვა სიმპტომებს იწვევენ); ადენოვირუსები (რომლებსაც ასევე შეიძლება ახასიათებდეს დიარეა და კონიუნქტივიტი); რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (განსაკუთრებით მძიმედ მიდის ჩვილ ბავშებში და ხანდაზმულებში, შეიძლება გართულდეს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებით) და სხვა ვირუსები. რეალურად ამ ინფექციების პერიოდული აფეთქებები ყოველთვის იყო და ეს ახალი არ არის, უბრალოდ, კოვიდის შემდეგ ამ ტიპის დაავადებებზე განსაკუთრებული შფოთვა და ყურადღება აღინიშნება.
ასევე რამდენიმე შეშინებულმა მშობელმა მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს ქონდა გამონაყარი, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა ხელის და ფეხისგულებზე გამონაყარი (რადგან ახლა ხშირად ისმის, რომ მაიმუნის ყვავილს ახასიათებს). თუმცა ეს სიმპტომები ახასიათებს ე.წ. ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადებას (hand foot and mouth disease), რომელსაც იწვევს კოქსაკის ვირუსი (მიეკუთვნება ენეტეროვირუსების ჯგუფს). აქვე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ენტეროვირუსებს ჩვენთან არასწორად უწოდებენ დიარეის გამომწვევ მიკროორგანიზმებს. ანუ დიარეის შემთხვევაში ამბობენ, „ენტეროვირუსი“ აქვს, რაც სრულიად არასწორია, რადგან ენტეროვირუსები სინამდვილეში სრულიად სხვა ჯგუფია.
არსებობს ცხვირ-ხახის ნაცხის PCR გამოკვლევა (კოვიდის PCR-ს არ ვგულისხმობ, ცხადია) 21 პათოგენზე, რომლითაც ზუსტად შეიძლება იდენტიფიცირება, რომელი მიკროორგანიზმი იწვევს სასუნთქი გზების სიმპტომებს. თუმცა ამ ვირუსებს შორის რომელი აქვს ადამიანს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მკურნალობა არც ერთს არ ჭირდება და რჩევები ყველა მათგანის შემთხვევაში იგივეა – მოვერიდოთ გარშემომყოფებს, მივიღოთ სითხე, საჭიროების შემთხვევაში სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩენებლი.
უკვე გაცვეთილი ფრაზაა და ყველამ იცის, მაგრამ აქტუალურია და მაინც გავიმეორებ: ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს და მათი ჩართვა მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს არის საჭირო!
ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ.
მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close