საინტერესო

ახალგაზრდა დედა, რომელმაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა_ ,,ბავშვებს დროულ გამოკვლევებს ვერ უტარებენ…”

სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ვხვდებით ინფორმაციას, როცა ძვირადღირებული მკურნალობისთვის პატარებს დახმარება სჭირდებათ.

სამწუხარო რეალობაა, თუმცა საქართველოში მძიმე დიაგნოზით არაერთი ბავშვი არის დაავადებული. ბევრი მათგანი გადარჩა, ბევრი კი ახლა ებრძვის ვერაგ დაავადებას. მკურნალობისთვის უდიდესი თანხებია საჭირო, რისი შესაძლებლობაც უმეტეს შემთხვევაში ოჯახებს არ აქვთ და ამ კუთხით დედები უდიდეს პრობლემებს აწყდებიან. ასე გახდა ქველმოქმედება ახალგაზრდა გოგონას ვიკა ჩიმჩიურის ცხოვრების ნაწილი.

წლების წინ, ვიკას შვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ახალგაზრდა დედა უამრავ პრობლემას წააწყდა, საბედნიეროდ მისი შვილი გამოჯანმრთელდა, თავს შესანიშნავად გრძნობს, ჩიმჩიურმა კი სხვა ბავშვებზე დაიწყო ზრუნვა და „დედების ფონდი“ შექმნა, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და გაჭირვებულებსაც ეხმარება.

უფრო დეტალურად ვიკამ საკუთარი ისტორია „რეიტინგს“ უამბო.
– 2015 წელს ჩემი შვილი ცუდად გახდა, საჭირო გახდა ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარება. სწორედ მაშინ წავაწყდი უდიდეს პრობლემას, მითხრეს, რომ სახელმწიფო სისტემურ დაავადებებს არ აფინანსებდა დიაგნოზის დასმის გარეშე, ეს გამოკვლევები კი ძალიან ძვირი ღირს. საბედნიეროდ ჩემი შვილის შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა, არ დაგვჭირვებია არც სახელმწიფოს დახმარება და არც სხვების, უფლის წყალობით ბავშვი კარგად გახდა, თუმცა უამრავ პრობლემას წავაწყდი და გადავწყვიტე, საკუთარი გამოცდილებას სხვა ბავშვების ოჯახების დასახმარებლად გამომეყენებინა. როდესაც ლეიკემია გაქვს, საჭიროა დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა, თუმცა ფინანსების არქონის გამო, ბავშვებს დროულ გამოკვლევებს ვერ უტარებენ და ზოგ შემთხვევაში სწორედ ამის გამო, ფატალური შედეგი დგება. სხვა ბავშვების დედებთან ერთად ჯერ პატარა გაერთიანება გავაკეთე. საავადმყოფოში გაცნობილი დედები, ყველაფერში გვერდით ვედექით ერთმანეთს, ვაგროვებდით თანხებს, მივდიოდით იმ ოჯახებში ვისაც ეს სჭირდებოდა და ამ ფორმით ვეხმარებოდით სხვასაც. დროთა განმავლობაში ჩვენმა საქმიანობამ მასშტაბური სახე მიიღო და ასე შეიქმნა აიიპ „დედების ფონდი“. ჩვენ ვიყავით ერთადერთი საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც სახელმწიფომ ოფიციალურად მიანიჭა სტატუსი.

– ეს რას ნიშნავს?
– ფონდის ჩამოყალიბება ბევრს შეუძლია, თუმცა სახელმწიფო აკვირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ყველას ოფიციალურად არ ანიჭებს საქველმოქმედო სტატუსს. ჩვენს ფონდში ჩარიცხული თანხები არ იბეგრება, გათავისუფლებული ხარ ოფიციალური გადასახადებისგან, ეს კი ბევრი ადამიანების დახმარების საშუალებას გვაძლევს. ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ, თუმცა ბევრი გულისტკივილიც შემხვდა.

– გაისხენეთ რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლე…
– ელენე დუმბაძე, მათე ხალაძე. ბავშვი, რომელიც განწირული იყო, თუმცა ჩვენი ფონდის დახმარებით, საბედნიეროდ კარგად არის და ამით ვამაყობთ. რაც შეეხება ელენე დუმბაძეს, მას ლეიკემია ჰქონდა, ზურგის ტვინის გადანერგვა მოხდა და ისიც გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც გვქონია, როცა ვერ ვუშველეთ, რადგან ჩვენს ძალებს აღემატებოდა ეს ყველაფერი. მხოლოდ ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს არ ვეხმარებით, სოციალურად დაუცველ ადამიანებსაც ვეხმარებით, რომლებიც ჩვენი ბენეფიციარები არიან და ელემენტარულად ელექტრო ენერგიის და საჭმლის ფული არ აქვთ.

– რთულია ამ საქმის კეთება ახალგაზრდა დედისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა ის სირთულეები, რომელსაც ახლა ის ბავშვები გადიან ვისაც მძიმე დიაგნოზი დაუსვეს…
– მართლა ძალიან რთულია. უამრავი ბარიერი გვაქვს, უამრავი პრობლემის წინაშე ვდგებით. საზოგადოების მიმართაც გვაქვს პასუხისმგებლობა. ბევრი უმადურებაც ვნახე, ბევრი მადლიერი ადამიანიც არის, არსებობს უამრავი კითხვებიც. ამ საქმეს ვაკეთებთ დედები, ვინც თავად გამოსცადა ეს პრობლემა, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ფონდის საქმიანობაში ჩართული არ არის და ასეთ დროს საქმის კეთება რთულია. პირადად გვაქვს ამ ოჯახებთან და ბავშვებთან ურთიერთობა, ემოციურად მძიმეა ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენ გვინდა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ და დედების ფონდი ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close