,,აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი”
„გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია. ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია. მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი დაპირება რაც იყო წინასაარჩევნოდ, ვალდებული ვარ, ეს დაპირება შევასრულო. აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებაზე უღამის ეკონომიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესს განავითარებს.
მან მუნიციპალიტეტის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე წარადგინა. კალაძის ამ ინიციატივას კი ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გამოეხმაურა:
„რა ღამის ეკონომიკა, რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების სამსახური, დილის ეკონომიკაც შედის იმაში, შუადღის ნაბახუსევზე გამოსვლაც და საღამოს დაისიც რას იგონებენ, ეს არის ხალხის აგდება და თავის თავის აგდებაც. ღამის ცხოვრების რაიმე შემაფერხებელი თუ არსებობს, კონცეპტუალურად გაწერე. თუ რესურსი არ გყოფნის ერთჯერადი შეხვედრა გააკეთე კლუბების ხელმძღვანელებთან, დაწერე რეკომენდაციები და გამოასწორე“.