ორშაბათს,  5 აგვისტოს,  17 საათზე, აკადემქალაქში განთავსებულ  უნიკალურ კომპლექს „მეფე დავითში“ (ალექსიძის 12 მე 17 სართ) გაიმართება ქვეყნის განვითარების კონცეფციის, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ შემქმნელ მეცნიერთა გუნდისა და ინტელიგენციის დიდი  შეკრება.

შეკრების ინიციატორების მიერ გავრცელებულ  მიმართვაში ნათქვამია:

„შეკრების მიზეზია ის, რომ საქართველოს განვითარების პროგრამებმა „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „ახალი განზომლიება-რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“  დიდი მხარდაჭერა მიიღეს საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც ჰქონდა საშუალება, მათ გაცნობოდა.  თუმცა ამავე დროს, მათ მიმართ აბსოლუტური უყურადღებობაა მედიისგან და სრული იგნორირება სახელისუფლებო  წრეებისგან.

პრეზიდენტისთვის, მთავრობის თავმჯდომარისა და პარლამენტისთვის  სპეციალური მიმართვებით და მეცნიერთა ხელმოწერით  გადაცემული ეს პროგრამები, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ხელისუფლებამ, მაშინ როცა მეცნიერები სწორედ ისე პროგნოზირებდნენ მოვლენების განვითარებას, რაც რეალურად მივიღეთ ქვეყანაში და რამაც საშინელი ზიანი მიაყენა სახელწიფოს  და მის ავტორიტეტს.

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას დესტრუქციულთან ურთიერთობა ურჩევნია კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. რომ ქვეყანაში მიზანმიმართულად ხდება, როგორც ეს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ბრძანა, ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა, შეგნებულად ხდება მეცნიერების და ინტელიგენციის იგნორირება.

ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ არ  ვეგუებით იმას, რომ ქვეყანა სრულიად სხვა გზით ვითარდება, ვინემ ამას მეცნიერები, სახელმწიფო მოღვაწეები ფიქრობენ, ვინემ ეს მოცემულია იმ პროგრამულ დოკუმენტებში, რაც სერიოზული ანალიზის საფუძველზე შექმნეს მეცნიერებმა, და მას ქვეყნის განვითარების კონცეფცია უწოდეს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელწოდებით: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”

ჩვენ ამ შეკრებას ვთავაზობთ თავისუფალ საუბარს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და ვთავაზობთ წინადადებას, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, არა უგვიანეს შემოდგომისა, შედგეს მეცნიერებისა და ინტელიგენციის დიდი შეკრება – კონგრესი, სადაც მოხსენებას ქვეყანაში რეალური  მდგომარეობისა და კრიზისის დაძლევის გზებზე წარადგენს, როგორც მთავრობა, ასევე მეცნიერები და ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ  კიდევ სუსტია, მაგრამ სახელმწიფოებრივია, ქართულია, ქვეყნის გარედან არ იმართება.  კონგრესი უნდა მიდიოდეს პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით და მას გაგრძელებად უნდა მოჰყვეს დიდი დიალოგი მთელ საქართველოსთან, ანუ როგორც საქართველოში დარჩენილებთან, ასევე ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან.  ეს დიალოგი უნდა დამთავრდეს ერთი წლის თავზე დიდი ეროვნული ყრილობით და მომავლის საქართველოს პროგრამის დამტკიცებით

 ჩვენ მივესალმებით ამ შეხვედრის მხარდაჭერას საინფორმაციო საშუალებების მიერ და ვიქნებით მადლიერნი, თუ რომელიმე ტელევიზიას ან რადიოს ექნება საშუალება, სრულად გადასცეს ეს შეხვედრა. ხალხმა უნდა იცოდეს არა მარტო ის, რას ფიქრობენ პოლიტიკოსები, არამედ და უპირველესად, რა განწყობებია საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, რას ფიქრობენ მეცნიერები, რა აწუხებს სახელმწიფო მოღვაწეებს, რას ფიქრობს ქვეყნის ინტელიგენცია“.

მიმართვას ხელს აწერენ პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“  მხარდამჭერი ფონდის დამფუძნებლები და დირექტორატი, ასევე პროექტის ავტორთა ჯგუფი.

 

პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის

პრეს-ცენტრი

03.08.2019წ

საკონტაქტო ტელ.: 595 41 27 72

 

 

 

კომენტარები
Загрузка...