საზოგადოება

ანზორ საკანდელიძე: თბილისში აშენებული შენობები არ შემოწმებულა 8-ბალიან სეისმომედეგობაზე

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე კახი კალაძის საპასუხო მიმართვას ავრცელებს:

,,ვპასუხობთ კალაძის მიმართვას ე.წ. „ხრუშჩოვკების“ თემაზე:
ბატონო კახა, ალბათ, მოგიწევთ მშენებლობის დარგში მრჩევლის შეცვლა. თქვენ თბილისის მერობის საარჩევნო აგიტაციას იწყებთ „ხრუშჩოვკების“ დანგრევით, რაც არასწორია. „ხრუშჩოვკები“ კი არ უნდა დაანგრიოთ, ჯერ უნდა შეამოწმოთ სეისმომედეგობაზე, ისე როგორც ყველა საეჭვო ძველი და ახალი შენობა, მათ შორის, პირველ რიგში, მაღლივი საცხოვრებელი კორპუსები. ეს კი აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან 25 წელიწადზე მეტია თბილისში აშენებული არც ერთი შენობა არ შემოწმებულა საპროექტო 8-ბალიან სეისმომედეგობაზე!
დარწმუნებული ვარ, ამ შემოწმების შემდეგ თქვენ „ხრუშჩოვკებზე“ აზრი შეგეცვლებათ. თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას, რომ 1988 წელს სომხეთში სპიტაკის ცნობილი მიწისძვრის დროს ლენინაკანში არც ერთი „ხრუშჩოვკა“ არ დანგრეულა. ეს მაშინ, როდესაც დაინგრა რკინაბეტონის კარკასული ტიპის შენობების 98%, რასაც მოყვა უზარმაზარი მსხვერპლი.
ამ ტიპის შენობები ასევე მასიურად დაინგრა 1999 წელს თურქეთში იზმიტის ძლიერი მიწისძვრის დროსაც, რის გამოც რკინაბეტონის კარკასული ტიპის შენობებს შეარქვეს „მკვლელი შენობები“. ამიტომაც იყო, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დაკანონებული სეოსმური დაპროექტების ნორმებით რკინაბეტონის კარკასული ტიპის მშენებლობების სართულიანობა შეიზღუდა 12 სართულამდე! ამ კანონიდან გამომდინარე, 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ 12-სართულიანზე უფრო მრავალსართულიანი დაპროექტებული და აშენებული ყველა ასეთი „მკვლელი შენობა“ უკანონოა და იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლე კი საფრთხეშია, რაზედაც პასუხი უნდა აგოს თბილისის მერიამ. ამ კანონის გამოყენებით ჩვენ საქართველოში პირველად მივაღწიეთ, რომ მოვიგეთ რა საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სამივე დონის სასამართლო, თბილისში. ასათიანის ქუჩა N10 მისამართზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევაჩერეთ 32-სართულიანი 6 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა!
ამჟამად ვმუშაობთ, რომ პრეცენდენტული სასამართლო პრაქტიკის გამოყენებით, ჩვენს მიერ მიღწეული სასამართლო გადაწყვეტილება პრეცენდენტულად გავავრცელოთ ასეთი სახის ყველა დანაშაულზე და თბილისში შევაჩეროთ 12 სართულზე უფრო მრავალსართულიანი რკინაბეტონის კარკასული ტიპის ყველა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
ბატონო კახა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ თბილისის მერიას უკვე გაცემული აქვს დაახლოებით 2000 ასეთი „სიკვდილის კორპუსის“ მშენებლობის ნებართვა, ადვილი წარმოსადგენია ახლო მომავალში რა უბედურებას მოუტანს თბილისსა და თბილისელებს თბილისის მერიის მიერ გაცემული ეს უკანონო მშენებლობის ნებართვები. თუ თქვენ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს, მართლაც გული შეგტკივათ თბილისსა და თბილისელებზე, მოგიწოდებთ, არჩევნებამდე დავდგეთ ერთად და ერთად ვიბრძოლოთ ამ სასიკვდილო ნებართვების სასწრაფოდ გაუქმებისათვის”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close