საზოგადოება

,,მარცვლები გატყდა და ასეთი რამ გადმოიყარა” _ ქართულ დახლებზე უცხოური, სასიკვდილო პროდუქტია!

ქართულ სამომხმარებლო დახლებზე უცხოური, სასიკვდილო პროდუქტია! რამდენიმე დღის წინ, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

მოკლედ, საკოლმეურნეო ბაზარში წავედი ლობიოს საყიდლად. ვიყიდე და საკმაოდ ძვირიც გადავიხადე – ერთ კილოგრამში 5 ლარი. ისე გამოიყურებოდა, რომ მეგონა, ქართული ლობიო იყო. გამყიდველს ფული რომ გადავეცი, მერე ვკითხე, ქართველი გლეხის მოყვანილია მეთქი? არ დამიმალა და მიპასუხა _ არა, ჩემო დაო, უცხოურია. გლეხის მოყვანილ ლობიოს ბაზარში იშვიათად შეხვდები, მაღაზიებში კი, საერთოდ ვერ ნახავო.

ღიმილი პირზე შემაშრა და შევეკითხე: ,,რატომ?” ,,იმიტომ, რომ ქართული ლობიო დიდხანს ვერ ინახება, ჭია უჩნდება. მყიდველი ამას რომ ხედავს, არ მიაქვს. ძირითადად უცხოეთიდან შემოდის ლობიო. არავინ მოგატყუოთ, ქართულიაო. საქართველოში, ბაზრებშიც და მაღაზიებშიც, მხოლოდ უცხოური ლობიო იყიდება” _ ამიხსნა თავისებურად.

ნაყიდი ლობიო ყავისფერი და ცოტა წვრილი იყო.

გასასუფთავებლად, ჯამში ჩაყრის დროს ისე ჩხრიალებდა, პლასტმასის წვრილი ბურთები გეგონება. მასთან შედარებით, ქართულ ლობიოს მყარი ხმა აქვს და უფრო მძიმეა. გარეცხვის დროს მარცვლების უმეტესობას კანი თავისით გაეცალა და დაიმტვრა. ზოგი შუაზე გატყდა და შიგნიდან თეთრი, ფხვიერი მასა გადმოიყარა. ასეთი შიგთავსი არასდროს შემინიშნავს.

დაახლოებით 8 საათი ვხარშე ეს ლობიოდწოდებული, მაგრამ მაინც ვერ მოიხარშა. მარცვლებს სირბილე არ შეეტყო და ბოლოს, გადავყარე…  ცხადია, ვიზარალე, მაგრამ უფრო მეტად შემაწუხა  კითხვებმა, რომელიც ამ შემტხვევის გამო გამიჩნდა:

რას გვთავაზობენ სამომხმარებლო დახლებიდან?  ვის ან საიდან შემოაქვს მსგავსი პროდუქტი? რატომ არ არსებობს ქვეყანაში კონტროლი, რომელიც მოსახლეობას სასიკვდილო ქიმიკატებით გაჯერებული პროდუციისაგან დაიცავს? ვინ უთხრის ძირს ქართველი გლეხის, ფერმერის მიერ მოწეულ ჯანსაღ პროდუქციას და შესაბამისად, ჯიბეს ისქელებს მავნე, უცხოური პროდუქტის გასაღებითა და მისგან გამოწვეული ერის გენოციდით? რატომ არ ვიკვლევთ, ვინ მდიდრდება ადამიანების ჯანმრთელობის განადგურების ხარჯზე?

ქვეყანაში სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი მატულობს. ბავშვები იბადებიან ან მათ უჩნდებათ უცნობი და იშვიათი დაავადებები. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ითხოვს დახმარებას, შველას და ოჯახებს იმისი საშუალებაც არ აქვთ, რომ ავადმყოფს უმკურნალონ,  გადაარჩინონ. თქვენ კი, ვინც ხალხს საწამლავს სთავაზობთ საკუთარი კეთილდღეობის საპირწონედ, არ გიფიქრიათ, რომ მათ ტრაგედიაში მთავარი დამნაშავენი ხართ და ეს ცოდვა აუცილებლად მოგეკითხებათ?    სად არიან სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, მინისტრები? რატომ არ აკონტროლებენ ქვეყანაში, სამომხმარებლო დახლებზე გამოტანილ პროდუქტს და ,,ვირის აბანოში” არ გზავნიან მის შემომტანსა თუ განსაღებელს? თვითონაც ხომ არ არიან გარეულნი ამ ბაქხანალიაში?

ხელისუფლება რატომ არ უწყობს ხელს ფერმერებს, გლეხებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა რეალურად განვითარდეს და მხოლოდ ქაღალდზე არ გვქონდეს მიღწევები? რად გვინდა შენობაში გამოკეტილი უწყება, ე.წ. ,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო”, რომლის მაღალჩინოსნებსაც სოფელი მხოლოდ ფოტოზე თუ უნახავთ? სად მიდის სახელწიფოს მიერ ამ დარგის განვითარებისთვის გამოყოფილი კოლოსალური თანხები, შემოსული დახმარებები, გრანტები… მხოლოდ საკუთარ ჯიბეს ხომ არ ეხმარება ეს ხალხი, ამის მომკითხავი რატომ არავინ არის?

და ბოლოს, ხელისუფლება რას აკეთებს იმისათვის, რომ სოფელი არ დაიცალოს და ჩვენი ბარაქიანი მიწა, ველ-მინდვრები უცხო ტომელებს არ ჩაუვარდეთ ხელში. იცის კი საკუთარ ხელფასებზე მზრუნველმა მთავრობამ, რომ სოფლები ცარიელდება და ყოველდღიურად იკეტება სახლები იმის გამო, რომ გლეხს, მის შრომას დაფასება, ხელშეწყობა  არ აქვს?

როცა დარგის მიმართ ამდენი კითხვა არსებობს, გამოდის, რომ იქ არაფერი კეთდება და პასუხებიც, თუ ის საერთოდ, ვინმეს აქვს, მხოლოდ უსარგებლო სიტყვებია. ხოდა, არ შეგრჩებათ ქვეყნის ღალატი და არც ერის გენოციდი გეპატიებათ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close