დეპრესია ამერიკელ თინეიჯერებში 2010 წლიდან 2016 წლამდე 60 პროცენტით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება როგორც იმ მოზარდთა რაოდენობაში, ვისაც დეპრესიული ეპიზოდი ერთხელ მაინც ჰქონდა, ასევე – ეპიზოდების სიხშირეშიც. 10-დან 19 წლამდე ახალგაზრდებში დრამატულად გაიზარდა თვითმკვლელობის შემთხვევები. ყველაზე დიდი რისკის ჯგუფად თინეიჯერი გოგონები ითვლებიან. ასეთია შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის და დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემები.

პრობლემა კომპლექსურია და სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობით შეიძლება აიხსნას. დღეს რუბრიკაში “გალილეო” ყურადღებას ერთ-ერთ მიზეზზე, სოციალურ ქსელებზე გავამახვილებთ, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელია მკვლევარების ყურადღება მიიპყრო. პრობლემა თითქმის უნივერსალურია და შესწავლილი ქვეყნების უმეტესობაში ფიქსირდება.

ყოველ მეოთხე 14 წლის ბრიტანელ გოგონას დეპრესია აქვს

14 წლის ასაკში ოთხიდან ერთ ბრიტანელ გოგოს დეპრესია აღმოაჩნდა, ბიჭებში – ყოველ მეათეს. გამოკითხული გოგონების 24-მა პროცენტმა დაადასტურა, რომ თავს უბედურად და უმწეოდ გრძნობს, მარტოობას და საკუთარი თავის სიძულვილს განიცდის. ამას გამოკითხული მშობლების მხოლოდ 18 პროცენტი აცნობიერებს.

კვლევა, რომელშიც 10 ათასამდე თინეიჯერი მონაწილეობდა, სექტემბრის ბოლოს გამოიცა და ის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. მისი ავტორები არიან ლივერპულის უნივერსიტეტი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი.

კიბერ-ბულინგი, რომელსაც ვერ ემალები

მოზარდები ამბობენ, რომ სოციალური მედიის მხრიდან უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან. სკოლაში გავრცელებულ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ დევნას, დაცინვას, ჩაგვრას და ტერორს, რასაც ბულინგს ეძახიან, დაემატა სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიბერ-ბულინგი. “ადრე, როცა სკოლაში სწავლობდი, ბულერებს და მათ ზეწოლას სკოლის კართან მაინც ტოვებდი. დღეს ეს უკვე შეუძლებელი გახდა, რადგან ყველა მუდმივად სოციალურ ქსელებშია” – ამბობს ექიმი ბერნადკა დუბიცკა ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯიდან.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანი ჯერემი ჰანტი პრობლემის დასაძლევად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. “კიბერ-ბულინგი ‘გარდაუვალ’ მოვლენად არ უნდა ჩავთვალოთ, ეს უნდა შეწყდეს” – წერდა ჰანტი 31 ოქტომბერს სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტი მუშაობას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, მათ შორის: კიბერ-ბულინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებით; არასრულწლოვანებისთვის სოციალური ქსელების მოხმარების შეზღუდვით, განსაკუთრებით – საღამოს საათებში და ახალ კომპიუტერულ პროგრამაზე მუშაობით, რომელსაც სოციალურ ქსელებში კიბერ-ბულინგის დაფიქსირება შეეძლება. ასევე განიხილება სოციალური ქსელების კომპანიებისთვის გადასახადის გაზრდის შესაძლებლობაც.

სოციალურ ქსელებში დეპრესიის შანსი 13 პროცენტით მეტია

ამერიკელ მოზარდებში დეპრესიის ზრდას “უზარმაზარს” და “უპრეცედენტოს” უწოდებს მეცნიერი ჯინ ტვენჯი, ფსიქოლოგიის პროფესორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 10 ოქტომბერს, ჟურნალ “თაიმთან” საუბარში, ის ამბობს, რომ “თინეიჯერს, რომელიც მეტ დროს უთმობს ახალ მედიას, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მეტი შანსი აქვს, ვიდრე მას, ვისი ყოველდღიური აქტივობები ეკრანს არ უკავშირდება”.

პროფესორ ტვენჯის თქმით, მათ შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონზე მეტი მოზარდი გამოკითხეს. იმ მოზარდებს შორის, ვინც სოციალურ ქსელებს ყოველდღიურად იყენებს, დეპრესიის შანსი 13 პროცენტით მაღალია, ვიდრე თინეიჯერებში, რომლებიც მას შედარებით იშვიათად ხმარობენ.

მოზარდებში, რომლებიც სმარტფონებთან, ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან დღეში სამ ან მეტ საათს ატარებენ, 34 პროცენტით მეტია თვითმკვლელობასთან დაკავშირებული, სულ ცოტა ერთი ეპიზოდის შანსი, ვიდრე მათ შორის, ვინც ელექტრონიკასთან ორ საათს, ან ნაკლებ დროს ატარებს. მათთვის, ვინც ხუთ ან მეტ საათს ატარებს, შანსი კიდევ უფრო მაღალია და საშუალოდ 48 პროცენტს აღწევს.

“ლაიქის” ძალა – სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება

თანამედროვე თინეიჯერი ტელეფონთან დღეში სულ ცოტა 3 საათს, ხშირ შემთხვევაში კი 6-დან 9 საათამდე ატარებს. დროის უმეტეს ნაწილს ისინი, განსაკუთრებით გოგონები, ერთდროულად რამდენიმე სოციალურ ქსელს უთმობენ. წამყვანი ადგილი უჭირავს “ინსტაგრამს”, “ფეისბუქს”, “სნეპჩეტს” და “ტვიტერს”. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სოციალური ქსელები ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს, რომლის დაძლევა იოლი არ არის.

“მოწონების ძალა მოზარდებში” – ასე ქვია კვლევას, რომელიც გასულ წელს ჟურნალში “ფსიქოლოგიური მეცნიერება” გამოქვეყნდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როცა სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ბევრ მოწონებას, “ლაიქს” ნახულობენ, თინეიჯერების თავის ტვინში იგივე ზონები აქტიურდება, რაც შოკოლადის ჭამის დროს, ან ფულის მოგებისას. კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალში ჩატარებულ კვლევაში 13-დან 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ.

ზრდასრულებში: რაც მეტად იყენებ “ფეისბუქს”, უფრო ცუდად ხარ

გაზაფხულზე, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოცემაში “ჰარვარდ ბიზნეს რევიუ” გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც ზრდასრულებში “ფეისბუქზე” დამოკიდებულება შეისწავლა. როგორც ირკვევა, რიგითი მომხმარებელი საიტზე ყოველდღიურად საშუალოდ ერთ საათს ატარებს, მისი დილა კი უმეტესად სოციალური ქსელის აპლიკაციის გახსნით იწყება და ეს ხშირად საწოლიდან ადგომამდე ხდება.

5 208 ადამიანს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ადამიანების რეალური სოციალური ურთიერთობებისგან განსხვავებით, რასაც ჯანმრთელობაზე კეთილი ზეგავლენა აქვს, “ფეისბუქზე” ურთიერთობა უარყოფით გავლენას ახდენს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ სიჯანსაღეზე და ცხოვრებით კმაყოფილების განცდაზე. კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ადამიანი “ფეისბუქზე”, მით უფრო უარესდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანალოგიურ პასუხს მიიღებდნენ სხვა სოციალურ ქსელებზე დაკვირვების შემთხვევაშიც.

მსგავსი შედეგები აჩვენა მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევამ სახელწოდებით “ფეისბუქის მოხმარება ახალგაზდების ცხოვრების ხარისხს აუარესებს”. რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივად სტუმრობდნენ “ფეისბუქის” გვერდს ექსპერიმენტის მონაწილეები, მით უფრო ნაკლებად ბედნიერები ხდებოდნენ ისინი.

პირდაპირი კავშირი დეპრესიასთან

პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 19-დან 32 წლამდე ასაკის 1 787 ადამიანი გამოკითხეს. ისინი “ფეისბუქთან” ერთად სხვა სოციალური ქსელების გამოყენებასაც აკვირდებოდნენ, მათ შორის: “ინსტაგრამს”, “სნეპჩეტს”, “რედიტს”, “ტვიტერს” და “იუ-თუბს”. მომხმარებლები მათ კვირაში საშუალოდ 30-ჯერ სტუმრობდნენ. მონაწილეთა მეოთხედზე მეტს დეპრესიის გამოკვეთილი ნიშნები აღმოაჩნდა. სოციალური ქსელების ძალიან ხშირ მომხმარებლებს შორის დეპრესიის შანსი 2.7-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მის შედარებით იშვიათ სტუმრებს შორის.

ლუი უი ლინი – კვლევის წამყვანი ავტორი ამბობს, რომ მათ ყველა სხვა ფაქტორიც გაითვალისწინეს, მათ შორის: ასაკი, სქესი, რასა, საცხოვრებელი პირობები, ოჯახური ურთიერთობები, შემოსავალი, განათლების დონე. მაგრამ დასკვნა ერთი იყო: “სოციალური მედიის ხშირ მოხმარებას დეპრესიის გამოწვევა შეუძლია, რაც თავისთავად სოციალური მედიის კიდევ უფრო მეტად მოხმარებას განაპირობებს”.

მაია ქვარცხავა

წყარო: amerikiskhma.com

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი