საზოგადოება

„ბავშვს ეუბნებოდა, სანამ გაიზრდები, გიყიდი, ისე არ მოვკვდებიო, ახლა მკვდარი გვისრულებს დანაპირებს“

22 ნოემბერს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელი ვანო გალოშვილი დაიღუპა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ვანო გოლოშვილის მეუღლე ნინო ხელაია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:

– ვანო ბუნებით მებრძოლი იყო, როგორც თავის საქმეში, ისე ცხოვრებაში. მეგობრებს თუ ნათესავებს გამორჩეულად უყვარდათ. მეშინოდა კიდეც, ყველას ასე ძალიან რატომ უყვარს-მეთქი. ყველას იმედი იყო. სულ მეუბნებოდა, მე გმირად უნდა წავიდე ამ ქვეყნიდანო. ამბობდა, რომ არ ეშინოდა სიკვდილის და ერთადერთი, რაც აშფოთებდა, ის იყო, ბავშვები როგორ გაიზრდებიან უჩემოდ, როგორი საცოდავები იქნებიანო.

– სიკვდილის მოახლოებას ასე მძაფრად გრძნობდა?
– ერთი წელია, რაც გამუდმებით ამ სიტყვებს გაიძახოდა. ჩვენი მარიამის დაბადების დღე 30 ნოემბერს არის. შარშან ამ დროც ვერ მოახერხა ბავშვის დაბადების დღეზე ყოფნა, მორიგე იყო. ბავშვი სულ ეძებდა. საბავშვო ცენტრში შევუკვეთეთ დაბადების დღის აღნიშვნა და ვუთხარი, შარშან სულ გეძებდა ბავშვი და წელს მაინც წამოდი, რომ გული არ დასწყდეს მეთქი. იცით, რა მითხრა? წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო. რას ამბობ მეთქი, გადავირიე, მაგრამ ჩაიღიმა და აღარაფერი მითხრა.

ერთხელ მითხრა, იცი, რა გიჟი ვარ, არაფრის მეშინია და სულ წინა ხაზზე ვარ, როცა რამე ხდება, მაგრამ ამ ბოლო დროს თავს ვიკავებ, რამე არ მომივიდეს და ბავშვები ისე არ დამრჩნენო. ვანო ბევრჯერ არის გადარჩენილი სიკვდილს. არაფერს ერიდებოდა, სულ წინ იდგა. არ დაიჯერებთ, მაგრამ რაც ახლა მოხდა და როგორი პატივითაც დაიკრძალა, ზუსტად ეს იყო მისი ოცნება. ოჯახზე გადამკვდარი იყო, როცა სახლში არ იყო, მუდმივად რეკავდა, რამე ხომ არ გინდათ, ხომ კარგად ხართო, იმხელა საყრდენი დავკარდეთ, რომ ორმაგად უბედურები ვართ.

– ამბობთ, ბევრჯერ გადარჩენილაო, სხვა ომებშიც იბრძოდა?
– 
დიახ, ცხინვალის პირველ ომში იბრძოდა. ოჯახიდან გაიპარა და ისე წავიდა საბრძლოლველად. ერთი პერიოდი ბიძასთან ერთად რაღაც ბიზნესი ჰქონდა. 2008-ში რომ გაიგო, ომი იყო, მიატოცა ბიძა და წავიდა. ომი მალე დამთავრდა და მშვიდობით ჩამოვიდა. ბოლო ორი კვირა უჩვეულოდ დანაღვლიანებული იყო. მგონია, იცოდა, რომ რაღაც ბრძოლაში უნდა ჩართულიყო. სახლში არასდროს არაფერს ამბობდა. ალბათ, გაფრთხილებული იყო, რომ ტერორისტების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა.

– რა იცით იმ დღის შესახებ, რა გიამბეს მისმა მეგობრებმა?
– 
ვანოს სხვა ფანჯარასთან რაღაც საეჭვო შეუმჩნევია. კადრებიც გავრცელდა ინტერნეტში, თუ როგორ გამოეყო ყველას და დაიძრა. უმიზნებს და წინ მიდის, როგორც ჩანს, უნდოდა, ის ტერორისტი ცოცხლად აეყვანა ან დაეჭირა. ამ დროს კი სხვა ფანჯრიდან ესროლეს. თავის ძვალი გაუტყდა, ჩაიფშვნა და ტვინი დაუზიანდა. რომ მოასვენეს სახლში, თავში რაღაც ჰქონდა ჩადგმული და შეხვეული.

იმ დღეს დედამთილმა დამირეკა, რაღაც ხდება ქვეყანაში და ვანო ტელეფონს არ იღებს, ვიღაც მპასუხობს და ხომ არ იცი როგორ არისო. დავაწყნარე, სულ პანიკაში ნუ ხარ მეთქი, მაგრამ თურმე რა ხდებოდა. წესად ჰქონდა, დილის 9 საათზე მირეკავდა, 5 წუთს რომ გადააცილებდა, უკვე ვღელავდი. იმ დილით არ დაურეკავს და ისე გახდა ორი საათი, ვერც შევამჩნიე. ბავშვი მყავდა წაყვანილი. ჩემს ტელევიზორში ბავშვების გამო სულ მულტფილმები გადის.

ქუჩაში მოვკარი ყური, ტელევიზორში რომ რაღაც ინფორმაციას გადმოსცემდნენ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მეგონა საზღვარგარეთ ხდებოდა რაღაც, ამ დროს დამირეკეს სამართალდამცავებმა, სადაც ხართ იქ გაჩერდით, მოვალთო. წამიყვანეს საავადმყოფოში, მაშინ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ და გული კიდევ მუშაობდა სუსტად. წინა დღეს დილით წავიდა სამსახურში და 22-ში საღამოს უნდა მოსულიყო. ღამის 11 საათზე დამირეკა, თურმე უკვე სპეცოპერაციაზე იყო. ბავშვები მოიკითხა და უცებ გამითიშა.

გული მეწვის, რომ ვეღარ მოვა სახლში და შვილებს თავის დიდ სიყვარულს ვეღარ გაუზიარებს. ვიცი მის სულს უხარია, ასე გმირულად რომ წავიდა და ეს მამშვიდებს. 42 წელი ახლა, 9 დეკემბერს უნდა შესრულებოდა.

– ითქვა, რომ ნაქირავებში ცხოვრობთ.
– აქამდე ასე მოვედით, ნაქირავებში, ნაგირავებში ვცხოვრობდით. მერე სესხი ავიღეთ და საერთო ეზოიან სახლში ვცხოვრობდით. მარიამს უნდოდა, კორპუსის ბინაში ეცხოვრა. ეუბნებოდა, აუცილებლად გექნებაო. ამბობდა, ბავშვებს კარგი განათლება უნდა მივცეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო.

– სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადმოგცეთ.
– დიახ და იმ ფულით ალბათ სახლს ვიყიდით. ასე რომ, ახლა მკვდარი გვისრულებს დანაპირებს. ბავშვს ეუბნებოდა, სანამ გაიზრდები, გიყიდი, ისე არ მოვკვდებიო. ამ ტრაგედიის მიუხედავად, მარიამს დაბადების დღეს მაინც გადავუხდით. მამამისის სული ყველაფერს ხედავს. ბავშვს რომ ეს დაბადების დღე ჩავაშხამო, ვიცი, იქიდანაც არ მაპატიებს. მარიამს ჩემი მეგობრები წაიყვანენ ცენტრში.

ჩვენი პატარა ბიჭი მამის ტანსაცმელს ეხუტება და ვანო, ვანოო, გაიძახის. მარიამთან უფრო რთულად არის საქმე. იცის, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდება. გარდაცვლილი მამა არ ვანახეთ. ვეუბნები, რომ მამა დაბადების დღეზე ვერ მოვა, რადგან სამსახურში თვითმფრინავით გაფრინდა. იქიდან კი ბევრ სათამაშოს გამოგზავნის…

ერთ დღეში განადგურდა ყველაფერი. როცა შევუღლდით, მე 20 წლის ვიყავი, თვითონ 34-ის. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი. შეუძლებელი იყო, ვანო არ შეგყვარებოდა. საოცარი გულის პატრონი იყო.

წყარო: timer.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close