რელიგია
სასწაული არჩუაძეების ოჯახში
„უშვილო ცოლ-ქმრის ლოცვას დღეში რამდენჯერ ვამბობდი, ალბათ ძილშიც კი“

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, თუ როგორ შეასრულა მამამ პირობა, თუ ოდესმე შვილი ეყოლებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩავიდოდა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორი იყო 20-წლიანი მოლოდინი, როგორ იარა 5 დღე ფეხით და რამ გააძლიერა, ამაზე ილია არჩუაძე მეუღლესთან, ირინე ფარულავასთან ერთად ყვებაგადაცემაში „დილა მშვიდობისა, საქართველო“.
.
ილია: 20 წლის განმავლობაში შვილი არ გვყავდა. დავდე ტაძარში პირობა, რომ მე და ჩემ მეუღლეს თუ ბავშვი შეგვეძინებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩამოვაბრძანებდი მამა გაბრიელის ხატს. რომ გავიგე, მამა გავხდებოდი, იმ წუთში მთლიანად გამეთიშა გონება, რა უნდა გამეაზრებინა, რა უნდა გამეკეთებინა, გავიყინე ადგილზე… სასწაულად გაგვიხარდა კი არა, მთელი სანათესაო ვტიროდით.
ყველაზე მაგრად ის მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე დამხდარიყო დედა. გული მწყდებოდა, სახლში რომ მოვიდოდი ხოლმე და რომ მეტყოდა, ბავშვი როდის გვეყოლებაო. ხანდახან ცრემლებიც წამოუვიდოდა ხოლმე, რომ რაო, დედა არ უნდა გავხდეო? მეთქი, გახდები, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით, ვირწმუნოთ უფალი და ნახე, თუ არ გახდებით-თქო… ამ დაჯერებით ურთიერთსიყვარულით მოვდივართ და მოვიყვანეთ აქამდე. აგერ, პატარა იოანეც მოგვივლინა უფალმა… სულ იმას ვფიქრობდით, რომ უფალი ისე არ დაგვტოვდა.
მოხდა ის ბედნიერება, რომ შეგვეძინა ბავშვი. მე ჩემი პირობა ავასრულე – თბილისიდან წამოვედი ფეხით, ხუთი დღე ვიყავი გზაში. მარტო მაგაზე ვფიქრობდი, რომ, უფალო, გთხოვ, მიმიყვანე იქამდე, პირობა შემასრულებინე და მერე რაც გინდა იყოს-თქო. მართლაც უფალმა შემაძლებინა და დედა ღვთისმშობელმა. მამა გაბრიელის ხატს რომ მოვაბრძანებდი, მაგან შემაძლებინა, თორემ მე ნამდვილად ვერ შევძლებდი მაგდენ სიარულს… ბევრი კეთილი ადამიანი მხვდებოდა, თითქოს უფალმა გამომიგზავნაო. ზოგი საკვებს მთავაზობდა, ზოგი წყალს მთავაზობდა. რომ ხედავდნენ, ხატს მივაბრძანებდი, მლოცავდნენ.
ირინა: სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ისეთი ემოცია იყო… ამდენი ხანი რომ არ მყავდა, თავისებურად ამიტანა ფიქმა, როგორ იქნება, ხომ ყველაფერი კარგად დამთავრდება… ისეთი ემოცია მქონდა, ვერ გადმოგცემთ სიტყვებით. მართლა საოცრება იყო ეს ჩემს ცხოვრებაში, არასდროს არ დამავიწყდება, ისეთი ბედნიერი დღე მქონდა.
ყველა ქალს ვუსურვებ, რომ იყოს დედა. არავინ გული არ გაიტეხოს, მთავარია რწმენა უფლის… შეიძლება მალე არ იყოს, მაგრამ უფალმა უკეთ იცის, ვის როდის მოგვივლინოს ეს სასწაული.
არის უშვილო ცოლ-ქმრის ლოცვა, სადაც მოხსენიებულია იოანე და ანა. ამ ლოცვას დღეში რამდენჯერ ვამბობდი, ალბათ ძილშიც კი, ისე მიყვარს ეს ლოცვა და ერთ დღეს ვიფიქრე, ღმერთო, თუ გასაზრდელს მაჩუქებ-მეთქი, თუ ბიჭი იქნება, დავარქმევ იოანეს და თუ გოგო იქნება – ანას-მეთქი. იოანე გვაჩუქა ღმერთმა. მადლობა უფალს. იმედია, მალე ანასაც მოგვივლენს…
მშობლები.ჯი




