ნელი ვარდიაშვილის სტატიები

,,ბევრი შემთხვევაა, როცა მსხვერპლად ქცეულ ცოლს მოძალადე ქმართან მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა აკავშირებს”

,,ქალები შეცდომას უშვებენ, როცა ფიქრობენ, რომ ქმარი გამოსწორდება, აღარ გალანძღავს, არ სცემს, მთვრალი აღარ მივა სახლში, ნარკოტიკის მიღებას თავს დაანებებს, აღარ უღალატებს... მათი ასეთი წარმოდგენა აბსურდი და ილუზიაა"

ოჯახური კონფლიქტები ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური თემაა, განქორწინებები კი ქორწინებების თანამდევი მოვლენა გახდა. რა ხდება ხშირ შემთხვევაში ცოლ-ქმრის განქორწინების მიზეზი? – ამ კითხვით ოჯახური დავების საკითხებზე მომუშავე ადვოკატს, კონსტანტინე­ გელ­აშვილს მივმართეთ:

– იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მეუღლეთა განქორწინების სტატისტიკა, სადაც ნათლად ჩანს, რომ წინა წლებთან შედარებით, განქორწინების რიცხვი გაორმაგებულია. აქედან გამომდინარე, ადვოკატებთან ამ საკითხებზე მომართვაც გახშირდა.

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლიენტისთვის უარი გითქვამთ?

– ხშირად, როდესაც ქალი გვეუბნება,­ რომ შეურაცხყოფა მიაყენეს მეუღლის ოჯახში და სამაგიეროს გადახდა უნდა იმით, რომ მეორე მხარეს ბავშვები არ აჩვენოს. ცხადია, ჩვენ ვუხსნით, რომ ბავშვების ინტერესები წყვილის პირად სურვილებს არ უნდა გადაჰყვეს, ამიტომ მიუხედავად ცოლ-ქმრის განქორწინებისა, მათ მშობელთან ურთიერთობა არ უნდა შეეზღუდოთ. განქორწინებულ ოჯახებში ბავშვებით მანიპულირება ხშირია.

– ბატონო კოტე, კონკრეტული შემთხვევები მოგვიყევით.

– გოგონას და ბიჭს ერთმანეთი რამდენიმე წელი უყვარდათ და დაქორწინდნენ. შეეძინათ შვილი, მაგრამ 40 დღის ბავშვით ქალი ოჯახიდან წავიდა. ქალი ქმრისთვის ალიმენტის დაკისრებას და ერთად შეძენილი ქონების გაყოფას ითხოვდა. რძალს უმაღლესი განათლება ჰქონდა და მუშაობის დაწყება სურდა, ქმრის მშობლები კი თვლიდნენ, რომ ქალი სახლში უნდა ყოფილიყო და ქმარ-შვილისთვის მიეხედა. რძალი მათ არ დაემორჩილა და დედამთილ-მამამთილის ფსიქოლოგიური წნეხიც საზღვარს გასცდა. რძალს ეუბნებოდნენ, რომ ასეთი მენტალიტეტის ქალი შვილს კარგად ვერ აღზრდიდა, ბავშვს დაუმახინჯებდა ფსიქიკას… ჩემი კლიენტის თქმით, ქმარი მშობლებზე მატერიალურად იყო დამოკიდებული და მათ ბრძანებებს უსიტყვოდ ემორჩილებოდა. მისი მთავარი საქმიანობა­ ძმაკაცებთან ეზოში ,,ბირჟის გამაგრება” იყო და ცხადია, ოჯახურ კონფლიქტში მშობლების მხარეს დადგა. ამის შემდეგ ქალი ჩვილი ბავშვით ოჯახიდან გაიქცა. მის წამოსვლას კი მოჰყვა ის, რომ ქმარმა სასამართლო დავა წამოიწყო და ითხოვდა, ყოფილ ცოლს შვილი ეჩვენებინა. ოჯახების ნგრევის მიზეზი ხშირად ხდება ქალის დასაქმების სურვილი და მასზე უარი მამაკაცის არასრულფასოვნების კომპლექსით არის გამოწვეული. მას და მის ახლობლებს აშინებთ, ქალმა არ მიაღწიოს კარიერულ წინსვლას და მათ თავი არ დაამეტოს. ამიტომ ურჩევნიათ, იჯდეს სახლში და მათი განაწესით იცხოვროს.

ცხადია, სასამართლო ასეთ დროს მამას ყოველთვის უწესებს შვილის ნახვის განრიგს, მაგრამ ხშირად ამ მოთხოვნის მქონე მამაკაცები მიაღწევენ თუ არა სასურველ მიზანს, შვილს აღარ აკითხავენ. გამოდის, მათი რეალური მიზანი ყოფილ მეუღლეზე გამარჯვება და შვილზე უფლებების შენარჩუნება ყოფილა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა – სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ კაცი შვილს თვეების განმავლობაში აღარ აკითხავდა და ალიმენტსაც არ უხდიდა.

მამები, რომლებიც განქორწინების შემდეგ წყვეტენ შვილებზე მატერიალურ პასუხისმგებლობას, ხშირად ასეთ არგუმენტებსაც იშველიებენ, ბავშვები გაიზრდებიან და ყველაფერს ავუხსნიო. თავად გაარკვევს, მე ვიყავი მტყუანი თუ დედამისი და მერე ყველაფერს გავუკეთებო. თუმცა შვილები ხედავენ, რომ მათ გაზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დედას აქვს აკიდებული, ამიტომ მათაც აღარ აქვთ მამასთან ურთიერთობის სურვილი.

მქონდა შემთხვევა, როდესაც წყვილი განქორწინდა, სასამართლომ შვილები მუდმივ საცხოვრებლად დედასთან დატოვა, მამას კი განუსაზღვრა შვილების მონახულების დრო და ალიმენტიც დააკისრა. კაცი არც შვილებს ნახულობდა და არც ალიმენტს იხდიდა. ყოფილ მეუღლეს სახლში უვარდებოდა და ბავშვების თვალწინ ლანძღავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მამას შეეზღუდა შვილებთან ურთიერთობა.

პრაქტიკაში გვხვდება განქორწინებული ცოლ-ქმრის შვილებით მანიპულირების სხვა ფორმებიც. დედას ან მამას სურს შვილი წაიყვანოს კურორტზე. არასრულწლოვანი საზღვარზე რომ გაიყვანოს, მეორე მშობლის თანხმობაც სჭირდება. ამ უფლებას ხშირად განქო­რწინებული მეუღლეები­ სათავისოდ იყენებენ და არ აძლევენ საშუალებას მეორე მშობელს შვილი სასურველ გარემოში დაასვენოს. მათ წინა პლანზე აქვთ წამოწეული ერთმანეთთან შუღლი, შვილის ინტერესებს არც ითვალი­სწინებენ. არის შემთხვევები, როცა დედას სურს კონკრეტულ სკოლაში დააწყებინოს სწავლა შვილს, მაგრამ ყოფილი მეუღლე ჯიბრით ჯიუტად ამბობს უარს და აცხადებს, რომ თუ მისი შვილი იქ ისწავლის, არ მიიღებს მონაწილეობას მასზე ზრუნვაში. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ხშირად მშობელს უფლებებს უზღუდავს და არ აძლევს ბავშვით მანიპულირების საშუალებას.

– თქვენ მითხარით, რომ ოჯახური დავების 95% ქალის მიზეზით იწყება, მაგრამ დამნაშავე მამაკაციაო. რას გულისხმობდით?

– განქორწინებისა და სასამართლოში დავის დაწყების ინიციატორი ხშირად ქალია. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, არაერთ შანსს აძლევს მეუღლეს, რომ მათი ურთიერთობა ნორმალური გახდეს. ქალები შეცდომას უშვებენ, როცა ფიქრობენ, რომ ქმარი გამოსწორდება, აღარ გალანძღავს, არ სცემს, მთვრალი აღარ მივა სახლში, ნარკოტიკის მიღებას თავს დაანებებს, აღარ უღალატებს… მათი ასეთი წარმოდგენა აბსურდი და ილუზიაა.

კაცი სასამართლოს მიმართავს მხოლოდ მაშინ, როცა რამდენიმე წელი, ფაქტობრივად, გაცილებულია მეუღლესთან და სურს ახალი ოჯახის შექმნა. ამისათვის კი აუცილებელია, ქორწინების ძველი რეგისტრაცია გაუქმდეს. ან კაცს ეჭვი აქვს, რომ ცოლი ღალატობს, თუნდაც ის ვერ ამტკიცებდეს ღალატის რეალურობას.

ერთხელ ჩემთან მოვიდა მამაკაცი და მითხრა, რომ ღალატის ფაქტზე გამოიჭირა ცოლი. ძალიან შეურაცხყოფილი იყო და სასწრაფოდ უნდოდა მასთან განქორწინება. ამბობდა, ცოლმა ჩემს მეგობართან მიღალატა, წავასწარი და ამის პატიება შეუძლებელიაო. შვილიც ჰყავდათ. შევთანხმდით, რომ დავიწყებდით განქორწინების პროცესს. მაგრამ ერთ კვირაში დამირეკა და მითხრა, რომ განქორწინება გადაიფიქრა, რადგან მეუღლეს აპატია.

ერთხელ მოვიდა სამი შვილის დედა, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი. რამდენიმე შემაკავებელი ორდერი ქმარს უკვე ჰქონდა, მაგრამ მათ მდგომარეობას ეს არ შველოდა. დამცავ ორდერს 9 თვის ვადით გასცემს სასამართლო. დავწერე, წარვადგინე სასამართლოში, მაგრამ დამირეკა და მითხრა, საჩივარი გამოიტანე, მოვალ და მიზეზს მოგიყვებიო. როცა მოვიდა, მითხრა, ფიზიკურად მაშინ ძალადობს, როცა ნასვამს სექსუალური­ ჟინის დაკმაყოფილება უნდა, ვეწინააღმდეგები და ამიტომ მცემს. გადავწყვიტე, თვეში ერთხელ ფიზიკურ ძალადობას გავუძლო, მაგრამ საყვარელი გავიჩინო, ვისთანაც თავს სრულფასოვან ქალად ვიგრძნობ. რატომ უნდა დავკარგო შემოსავალი, ბინა და ბავშვების კეთილდღეობაო? მისმა გადაწყვეტილებამ გამაოგნა, მაგრამ ერთი წლის თავზე შემეხმიანა და მითხრა, რომ კმაყოფილია თავისი გადაწყვეტილებით.

ბევრი შემთხვევაა, როცა ოჯახი მხოლოდ ფინანსურ ძალადობაზე დგას, მსხვერპლად ქცეულ ცოლს მოძალადე ქმართან მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა აკავშირებს.

ხშირია შემთხვევა, როცა კაცი ცოლზე ძალადობის გამო დააკავეს და მეორე-მესამე დღეს ცოლმა ადვოკატი აიყვანა, ქმარი ციხიდან რომ გამოეხსნა. მიუხედავად იმისა, რომ სცემდა, ქმარი მაინც ძალიან უყვარდა და არ უნდოდა ციხეში მჯდარიყო.

– ასეთ ფაქტებს როგორი ახსნა შეიძლება მოეძებნოს?

– აფექტის მომენტში ქალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ძალადობაზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, გამოიძახა პატრული, თავის დაცვა პოლიციის დახმარებით გადაწყვიტა. მერე დაფიქრდა, რომ სამსახური არ ჰქონდა, შვილებს ვერ შეინახავდა და დასკვნა გამოიტანა, რა მოხდა თუ ხელი გამილაწუნა, გამოვიყვან ციხიდან და იქნებ აღარ ჩაიდინოს მსგავსი რამეო. ზოგჯერ ქალი იმასაც ფიქრობს, მოძალადე ქმარი თუ ციხეში ჩავსვი, 2-3 წელში გამოვა და მერე შურს იძიებსო. ამიტომ მხოლოდ პატიმრობის შეფარდება არ არის ადეკვატური ზომა, რომლითაც მოძალადის გამოსწორება შეიძლება.

– როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ასეთ დროს?

– სასამართლო ალიმენტს აკისრებს­ ბავშვის მამას, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს. თუ მამაკაცი არ მუშაობს, შვილს მაინც უნდა გადაუხადოს საარსებო მინიმუმის ტოლი ალიმენტი. ასეთ დროს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელს ალიმენტის გადაუხდელობის გამო, თუმცა თითზე ჩამოსათვლელია საქმეები, როცა სასამართლომ ალიმენტის ურჩი გადამხდელი დასაჯა. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ასეთ პირებს საზოგადოებრივ სასარგებლო შრომაში იძულებით ჩართავს და აიძულებს ალიმენტის გადახდას. ხშირად შემაკავებელი ორდერის გამოწერა ან ციხეში ჩასმა მოძალადეს არ შველის, ციხიდან უფრო აგრესიული გამოდის, რასაც ზოგჯერ მსხვერპლიც მოჰყვება ხოლმე.

– ხშირად გაგვიგონია, შვილს მამა სჭირდება და ძალადობას ამიტომ ვითმენო.

– ასეთ ოჯახებში ბავშვიც მოძალადედ ყალიბდება. როდესაც ბიჭი უყურებს, როგორ სცემს მამა დედას იმის გამო, რომ საჭმელი გაცხელებული არ დაახვედრა, ან წყალი სწრაფად არ მიურბენინა, მამის საქციელს ის კაცურ მისიად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ერთად ისიც მსხვერპლია. მერე ცდილობს მიჰბაძოს მამას და ქალებზე ისიც ძალადობს.

არის შემთხვევები, როცა მოძალადე ქალია და არა მარტო მეუღლეზე, შვილებზეც ძალადობს. ახლახან მქონდა ასეთი საქმე – სასამართლომ მოძალადე დედას განარიდა ორივე შვილი.

ოჯახში ძალადობრივ ურთიერთობას ართულებს საზოგადოების არასწორი დამოკიდებულებაც. ხშირად გაგვიგონია, როგორ იცავენ მოძალადეს სოციალურ ქსელებში – ალბათ, დაიმსახურა ქალმა და ამიტომ სცემა, მოსაკლავი იყოო… არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც კაცმა ქალი, საკუთარი შვილების დედა, შეიძლება გაიმეტოს თუნდაც ფსიქოლოგიური ძალადობისთვის.

სხვათა შორის, ბოლო დროს ოჯახურ დავებში მედიაციის სამსახურიც ერთვება.

– მედიაციის სამსახურის ჩართულობა რას გულისხმობს?

– სასამართლოში ოჯახური დავის განხილვის დროს შეიძლება მოსამართლემ მიიჩნიოს, რომ მხარეების მორიგება შესაძლებელია. მედიატორს ორი წესით ირჩევენ – რიგითობის პრინციპით და მხარის მოთხოვნით. მედიატორი ცდილობს მხარეებს დაეხმაროს იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მათთვის სასარგებლოა. მოსამართლემ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს ალიმენტის დაკისრების შესახებ, მედიაციის პროცესში კი ჩვენ ვსწავლობთ, რა თანხა სჭირდება ბავშვს ან რისი გადახდა შეუძლია მშობელს და ორივესთვის სასურველ ოდენობაზე ვთანხმდებით. მედიატორი სათანადო მუშაობის შედეგად სვამს სწორ ,,დიაგნოზს”, რათა “დაავადებას” სწორად ებრძოლოს. არ ყოფილა შემთხვევა, მედიაციით მიღწეული მორიგების აქტი მხარეებს არ შეესრულებინოთ.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close