
მსახიობმა ნინო მუმლაძემ 38 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, მაგრამ მისი ქორწინება მალევე დასრულდა. ის პატარა ბიჭუნას დედაა. მსახიობის თქმით, შვილს მამასთან ურთიერთობა აქვს.
.
-38 წლის ასაკში გავთხოვდი, უკვე ხელიც კი ჰქონდათ ჩაქნეული ჩემზე. გვიან ასაკში დედობა კარგია იმიტომ, რომ ამას გაცნობიერებულად აკეთებ, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს – ნაკლები ენერგია გაქვს და სულ იმაზე ფიქრობ, რამდენ ხანს ეყოლები შენს შვილს გვერდით.
იმ გოგოებმა, ვინც ადრე გააჩინეს შვილი, ორმაგი სტრესი გაიარეს – თუ განათლებაც მიიღეს და თან არაფერს ჩამოშორდნენ, არაფერს მოწყდნენ, ეს ხომ ორმაგი ძალისხმევაა. ახალგაზრდა ხარ, გართობაც გინდა, თვითდამკვიდრებაც გინდა, გაპრანჭვა გინდა და ამ დროს ბავშვი გელოდება სახლში და სულ მისკენ მიგეჩქარება.
ამ ასაკამდე მე ეს ყველაფერი მოვასწარი, მოვახერხე, გული არაფერზე მწყდება. ნაყოფიერი წლები გამოვიარე და ბევრი კარგი მოგონება მაქვს. დაქორწინებისა და შვილის გაჩენის გადაწყვეტილება შეგნებულ ასაკში მივიღე.
ქორწინებაც რთული იყო და განქორწინებაც. ჩემს შვილს მამასთან ურთიერთობა აქვს, მის ცხოვრებაში ისევ არსებობს მამა. იმედი მაქვს, როცა გაიზრდება და გაუჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხები მხოლოდ მამას აქვს, ექნება მისი იმედი და ცხოვრების ეს ეტაპი უმტკივნეულოდ ჩაივლის.
არავინ იცის, ხვალ ვის რა ელოდება. შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი იყოს შენ გვერდით, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მაინც სულ უნდა გქონდეს. სულ ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი თავის იმედი უნდა მქონოდა, – ამბობს ნინო მუმლაძე ანი ტყებუჩავას პოდკასტში.




