ხილული სასწაული ზედაზენზე
რა გადახდათ თავს „ნელიკო ტურის“ წევრებს წმინდა ადგილის მოლოცვისას და კეთილგულა ბიჭის ამბავი

2026 წლის 4 ივლისს კახეთიდან ,,სულ სხვა მცხეთის“ ექსკლუზიურ ტურში, ზაჰესის წმინდა პანტანასას ბაღნარადქცეული მონასტრის მოლოცვის შემდეგ, ზედაზნის გზას შევუდექით.
.
საუკეთესო ჯგუფს ვუტარებ ტურს – ყველა ნაცნობია და ჩვენი ტურისტული მოგზაურობის დატვირთულ განრიგს შეჩვეულია. საგურამოდან, მკვეთრი აღმართების ავლის შემდეგ, ტყე იწყება და დილის ხემსზე სიგრილეში, გადახურულ ფაცხებთან ვჩერდებით. დაახლოებით 10-მდე ძველი ფაცხა გვხვდება გზისპირას, დაბურულ ტყეში. თითოეულ მათგანში მხოლოდ გრძელი სკამები დგას, მაგიდები კი სადღაც არის გამქრალი. მალევე ვამჩნევთ, რომ ფაცხების გარშემო პოლიციის ფერდაკარგული ლენტებია შემოვლებული და უცნობი დანაშაულის შესახებ ათასგვარი ვერსიაც გვიჩნდება.
_ შეიძლება ქეიფობდნენ, დათვრნენ, მერე იჩხუბეს, დაჭრეს ან მოკლეს, პოლიციამ კი მაგიდები ააღებინათ, ტყეში ღრეობებს ბოლო რომ მოეღოს, – ამბობს ნინო.
_ შეხედე, ყველა ფაცხას ლენტი აქვს შემოვლებული, აქ რაღაც სხვა არის მომხდარი… _ მოშორებით მდგარი ფაცხისკენ უთითებთ ნატო.
_ ჩვენ ახლა მძიმე დანაშაულის ადგილზე ვიმყოფებით, _ მდგომარეობას ართულებს ია, თან სუფრის ალაგებითაა დაკავებული.
ქალები ნარჩენებს შავ პარკში ვაგროვებთ, რადგან ჩვენთან მუშაობს ერთი კანონი: მანქანა, რომლითაც ვმოგზაურობთ, არ უნდა დავაბინძუროთ და ჩვენი ლამაზი სამშობლოს გარემოს დაბინძურებასაც მოვირედოთ. რამდენიმე წუთში ყველანი „მარშუტკაში“ ვსხდებით და გზას ვაგრძელებთ.
მე ჩვეულ ფორმაში ვარ და მანქანის კარს მიყუდებული 13 ასურელი მამის საქართველოში შემოსვლის, დაფუძნებისა და მოღვაწეობის ამბების მოყოლას ვიწყებ. დაახლოებით ერთ კილომეტრში ჩვენი უცვლელი მძღოლი, დათო, იგივე ,,კაკალა“, მანქანას შლანგბაუმთან აჩერებს და სარკიდან უკან მომზირალი გვეუბნება, გზის გაგრძელება სამარშრუტო მანქანებისთვის და ავტობუსებისთვის შეუძლებელია, უნდა ჩამოქვეითდეთ და ფეხით გააგრძელოთ გზაო.
.
მე და დათო ხშირად ვჩხუბობთ ტურების ორგანიზაციულ საკითხებზე, მაგრამ ამჯერად ვხვდები, რომ მასთან კამათს აზრი არ აქვს, რადგან საკუთარი თვალით ვხედავ რკინის უზარმაზარ კონსტრუქციას, რომელშიც ჩვენი ტრანსპორტი ვერ გაეტევა.
ეს ამბავი ჩემთვის უცხოა, არადა არაერთხელ ვყოფილვარ ზედაზნის მონასტერში. წლების წინ ჯერ კიდევ თბილისიდან რომ ვაწყობდი ტურებს, ზედაზნობას სამი „მარშუტკით“ წავიყვანე მრევლი. ერთ-ერთ „მარშუტკას“ გაუჭირდა ზედაზნის მონასტრის ჭიშკართან მისვლა. ტრანსპორტის შესამსუბუქებლად მე და ჩემი დაქალი, ირინა, ჩამოვქვეითდით და უკუნეთ ღამეში ფეხით გავაგრძელეთ გზა. დღემდე სიამაყით ვიხსენებ ამ ამბავს, რომ საქმეს როცა სჭირდებოდა, იმ რისკზეც წავედით, ღამით ორ გოგოს მარტო რომ გვევლო და არ შეგვშინებოდა. მოკლედ, ახლა სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი…
შლანგბაუმთან ჯგუფს სათავეში ვუდგები და ღიმილით ვეუბნები, რომ ახალგამოჩენილი პრობლემის მიუხედავად, უნდა შევძლოთ და წმინდა მამის საფლავი, დალოცვილი მონასტერი მოვინახულოთ, უნდა შევსვათ მისი მადლიანი კვერთხითა და ლოცვით აღმოცენებული ჭის წყალი, იგივე ,,აკვნის წყალი“, ჩვენი სულისა და ხორცის საკურნებლად, უნდა შევთხოვოთ წმინდა მამას, დაგვიფაროს და დაგვიცვას და ვიხილოთ ციხე-სიმაგრე, რომელიც XI საუკუნის დასაწყისში კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III-მ ააგო. ციხე, რომელიც აკონტროლებდა კახეთიდან, ერწო-თიანეთიდან და დარიალის ხეობიდან მცხეთა-თბილისისკენ მიმავალ გზებს. ერთ დროს მეტად სტრატეგიული ობიექტი, რომელიც დიდმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, ბრძოლით წაართვა კახთა მეფე კვირიკე IV-ს და ამით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის გაერთიანებისკენ. ზედაზნის მონასტერი კი საუკუნეების განმავლობაში მტრების, განსაკუთრებით შაჰ-აბასის შემოსევების გამო არაერთხელ დაიცალა და დაზიანდა…
ტურის რამდენიმე მონაწილემ გზას ჩემთან ერთად გააგრძელა, ბევრი კი თვალსაწიერიდან გამიქრა. მივხვდი, რომ ჯგუფის დიდ ნაწილს გაუჭირდა სიცხეში, აღმართიან გზაზე ფეხით სიარული, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე, რომ საყოველთაო გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ, მოგვწონს ის თუ არა.
დაახლოებით კილომეტრის გავლის შემდეგ, დაღლილ-დასიცხულებს ზურგიდან მანქანის ხმა შემოგვესმა. თავდაპირველად სასულიერო პირების ავტომანქანა გვეგონა, მაგრამ იმედი მალევე გაქრა, რადგან ჯიპის მარკის ტრანსპორტში სამოქალაქო პირები ისხდნენ.
ერთ მსუბუქ მანქანას მეორე მოჰყვება, მეორეს _ მესამე… ზოგს თავისუფალი ადგილიც აქვს, ზოგიც უკანა სავარძლით ძაღლს მიასეირნებს, მაგრამ სიცხისგან და რთული გზისგან მისავათებულებს ტრანსპორტიდან მედიდურად გვიყურებენ და გზას აგრძელებენ. ჯგუფში ასაკოვანი ქალბატონებიც გვყავს, მაგრამ არც მათ სთავაზობენ დახმარებას და უფლის კარამდე მიყვანას. რა უნდა ვთქვა, სიკეთის კეთებას ვერავის ვაიძულებ – არ უნდა და არ მიჰყავს.
მონასტრის გზაზე ძვირადღირეული ტრანსპორტის სიუხვე უნებურად მინაწყენებს გულს, სიტუაციის ანალიზი კი მაეჭვებს, რომ ვიღაც მოკვდავმა წმინდა ადგილის მოლოცვა იმ ადამიანებისთვის გააადვილა, რომლებსაც ძვირადღირებული მანქანით შეუძლიათ მისვლა, უბრალო, რიგითი ადამიანებისთვის კი რთული ან შეუძლებელი გახადა.
გზის სირთულე ხომ ერთ პრობლემას ქმნის და მეორე პრობლემას უსამართლობის განცდა იწვევს, რომელიც ასეთ დროს უნებურად გიპყრობს და პირდაპირ შენს სულიერებას ხიშტით ებრძვის. მე კი ამ დროს საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები და ვცდილობ, დავაჯერო, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ზედაზნის გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამკრძალავი ხერგილი მოაწყვეს, აღნიშნული საკითხისთვის ამ თვალით არ შეუხედავთ, რადგან სხვანაირად ან ყველა მანქანას აუკრძალავდნენ ზედაზნის გზაზე მოძრაობას, ანდაც თავად გამოყოფდნენ შიდა გადასაადგილებელ ტრანსპორტს, რომლითაც მოსალოცად მისული ადამიანები, თუნდაც გარკვეული თანხის საფასურად, ისარგებლებდნენ.
სიტუაციას ეტყობა ისიც, რომ ამ აკრძალვის გამო, ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ მარშრუტიდან ზედაზნის მონასტერი ჩახსნა. ჰოდა, შაბათდღეს, ტურისტულ სეზონზე ჩვენ გარდა ამ შლანგბაუმთან კიდევ ერთ „მარშუტკაზე“ მეტი არ გვხვდება და ასე მხოლოდ ორი „მარშუტკის“ ხალხს გვეკისრება ამ გზაზე ფეხით სიარული. ახლა არ დამიწყოთ ახსნა, ჩვენი წინაპრები ტაძართან ფეხით მიდიოდნენ, უფრო მეტად შეგეწევათ უფალიო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მეც ზედმიწევნით ვიცი. აქ სხვა უსამართლობაზე ვსაუბრობ და იმედია, ჩემს მონათხრობს ერიც და ბერიც სწორად გაიგებს.
გზის ნახევარი მქონდა დაფარული, რომ მოულოდნელად მოიღრუბლა და ჭექა-ქუხილი დაიწყო. ტურს როცა ხელმძღვანელობ, არაერთი ადამიანი მოგყვება, გაბარია და გენდობა, შენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. აქედან გამომდინარე, საკუთარ სიამოვნებაზეც აღარ ფიქრობ და შენი ჯგუფის კეთილგანწყობაზე, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხარ დაკავებული.
ამინდის ცვლილებამ და უფლის სახლის გზაზე დანახულმა ხილულმა განსხვავებამ, რომელსაც სახელად უსამართლობა ჰქვია, ამაფორიაქა. ბოლო დროს საქართველოში მომხდარი არაერთი სტიქიური უბედურება გამახსენდა და წარმოვიდგინე: ნახევარ გზაზე ამოსული ჩემი ჯგუფის წევრებისთვის უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია, წინ აღმართი და რთული გზააა, გარშემო უღრანი ტყე, გვერდით დიდი ხევი, არანაირი თავშესაფარი გზაზე არ არსებობს, მხოლოდ უგულო ჯიპომანები დარბიან, რომელთაც ემპათია ნულის ქვემოთ აქვთ…
უცებ გზაზე გარემოს დაცვის სამსახურის წარწერიან მანქანას ვხედავ. ვაჩერებ. საჭესთან მჯდომ ახალგაზრდა კაცს ვეკითხები: ვიცი, რომ ეს ტყე დაცული ტერიტორიაა, მაგრამ გამაგებინეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მონასტერთან მისვლა რატომ აკრძალეთ? მიხსნის, რომ აკრძალვა მათ არ დაუწესებიათ და ასე სასულიერო პირების გადაწყვეტილებით მოხდა.
ხომ გაგიგიათ გამოთქმა, გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო და ტაძრამდე გზას თითქმის სირბილით გავაგრძელე. წმინდა მამის, იოანე ზედაზნელის საფლავთან მივირბინე, დავიჩოქე და ლამის ტირილით შევთხოვე: დამეხმარე, წმინდა იოანე, წვიმას გადამარჩინე, პრობლემები ამარიდე…
ტაძრიდან გამოსული კი იქვე მყოფ, სავარაუდოდ, მორჩილს შევჩივი: „ჯგუფი მომყავს ტაძარში, „მარშუტკით“ ამოსვლა აგიკრძალავთ, ელავს, ალბათ წვიმა მოვა, ხალხი ნახევარ გზაზეა, როგორ დავეხმარო?“
სიცილით მპასუხობს: „არაუშავს, გაგრილდებიან“.
თავდაპირველად მეგონა, რომ მომესმა, მაგრამ შემდგომ რაც თქვა, ღმერთო, მაპატიე და, ვფიქრობ, ეს ადამიანი არასწორ ადგილზეა მოხვედრილი… ამიხსნა, რომ ეს მონასტერია, აქ მყოფებს სიმშვიდე სჭირდებათ და რაც ნაკლები ადამიანი ამოვა, უკეთესი იქნებაო. ჩანს, რომ საკუთარ სიმშვიდეზე ზრუნავს მხოლოდ… მაგრამ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, შეუძლია უფალს და ნამდვილ სამართალსაც სწორედ ის ამყარებს.
ჯერ კიდევ ტაძრის მორჩილს ვესაუბრებოდი, მონასტრის ეზოში ჩემი ჯგუფის ჯერ ერთი ნაწილი რომ შემოვიდა და შემდეგ მეორეც მოჰყვა. თვალებს არ ვუჯერებდი, რადგან თითოეული მათგანი ჯერ შუა გზაზე უნდა ყოფილიყო. ისინი კი ღიმილით მოდიოდნენ და დაღლაც არ ეტყობოდათ.
ტაძრისა და წმინდანის საფლავის მოლოცვის შემდეგ მომიყვნენ, რომ ჩემი ჯგუფის გადამრჩენელი იყო მოულოდნელად ელექტრომანქანით გამოჩენილი ახალგაზრდა კაცი. ჯგუფის წევრები, რომელთაც აღმართზე ამოსვლა გაუჭირდათ, რამდენიმე ნაწილად ამოიყვანა მონასტერთან. მანქანით რამდენჯერმე მიბრუნდა და ყველას დაეხმარა.
.
_ თურმე დღეს დაბადების დღე ჰქონია და ტაძრებში მოსალოცად წამოსულა, – მიყვებიან ქალები, – გზაზე უამრავმა მსუბუქმა მანქანამ აიარა, ადგილები ჰქონდათ, მაგრამ არ გვიჩერებდნენ. უცებ ეს გამოჩნდა და გაგვიჩერა. რადგან ყველა ვერ ჩავეტიეთ, რამდენჯერმე მიბრუნდა და გზაზე არავინ დაგვტოვა.
გამახსნდა, რამდენიმე წუთის წინ როგორ ვთხოვდი წმინდა მამას დახმარებას და აი, დამეხმარა… მადლობა უფალს და წმინდა იოანეს, ამქვეყნიურ უსამართლობას მყისიერად რომ დაუდო გვერდით სიკეთის თესლი და გატეხილი გული კეთილი ადამიანის ქცევით მალევე გამითბო და გამიმთელა. უფლის სასწაული სხვა რა არის, ხალხო… მე ის ჩემს ტურში, 4 ივლისს ზედაზნის მონასტერთან თვალნათლივ ვიხილე.
ტაძრიდან გამოსულებს ეს კარგი ბიჭი კვლავ კართან დაგვხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მოგზაურებს მოერიდათ და მისი შეწუხება აღარ სურდათ, რამდენჯერმე მიბრუნ-მობრუნებით სულ ციმციმ ჩაგვიყვანა „მარშუტკამდე“.
მინდა, ყველამ გაიცნოს ახალგაზრდა კაცი, ზეკეთილი, ჭეშმარიტი მორწმუნე, სიკეთით სავსე და უფლის მცნებების ნამდვილი დამცველი, ნიკოლოზ ყაველაშვილი. მას 4 ივლისს, 38 წელი შეუსრულდა.
მისადმი მადლიერება ჩვენებურად გამოვხატეთ და ზედაზნის მონასტრის გზაზე ახლგაცნობილ ადამიანს დაბადების დღეს ექსპრომტად მოვუწყვეთ – ნამცხვარში სანთლები ჩავარჭეთ და ვუმღერეთ – ,,რა ლამაზი დღეა, რა ნათელი დღეა, იმიტომ, რომ კეთილი ნიკოლოზის დაბადების დღეა“.
სიკეთე არ იკარგება, ხალხო, არააა, უფალი ყველაფერს ხედავს და მჯერა, კეთილგულა ბიჭს, ნიკოლოზ ყაველაშვილს, გზა-კვალს სიკეთითვე გაუნათებს.
კიდევ ერთი სასწაული – 4 ივლისს დედაჩემის დაბადების დღეც არის, რომელიც ჩემს გვერდით აღარაა. მის სახელზე რაღაცები გავამზადე, ნამცხვარიც გამოვაცხე, კოლიოც მოვხარშე… ნიკოლოზს რომ დაბადების დღეს ვულოცავდით, მეგონა, დედაჩემის სულიც იქ ტრიალებდა…
ალბათ სწორედ ასეთ დღეებში გვაგრძნობინებს უფალი, რომ სიკეთე არასოდეს იკარგება. ერთი გულწრფელი საქციელი ათეულობით ადამიანის გულს ათბობს, იმედს უბრუნებს და რწმენას უმტკიცებს. ზედაზნის გზაზე ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ ადამიანური თანადგომა ყველაზე დიდი ქადაგებაა, ხოლო უფალი ყოველთვის პოულობს გზას, რომ კეთილი ადამიანები ერთმანეთს შეახვედროს.
სიყვარულით, ,,ნელიკო ტურის“ ნელიკო






