მოზარდებმა მასწავლებელი მოკლეს
„ამ მიმოწერით აეჭვიანა შეყვარებული და ერთად დაგეგმეს მკვლელობა“ - რას წერს მოკლული ბიჭის დედა

თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სასტიკად არის მოკლული 26 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი. მას საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
.
შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად ჯგუფიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის დღეს გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის – 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული „გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა”, რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.
„ნ.ი-მ (რედ: გოგონას ვინაობას შეგნებულად არ ვასაჯაროებთ) (16 წლის) ამ მიმოწერით (ავრცელებს ვიდეო სქრინს, გიგა ავალიანსა და ნ.ი-ს შორის) აეჭვიანა შეყვარებული ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არასრულწლოვანი) და ნ.ი.-სთან ერთად დაგეგმა მკვლელობა. ნ.ი-მ ზუსტად აჩვენა, სად შეეძლებოდათ ენახათ გიგა, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად უთვალთვალებდნენ, მაგრამ, რადგან ჩემთან ერთად დადიოდა, ვერ მოკლეს, ნახეს ხელსაყრელი მომენტი, აედევნენ სახლამდე და ბნელ ადგილზე მოკლეს” – წერს მოკლული ბიჭის დედა.
მშობლები.ჯი




