სიღნაღის ამბები

სიღნაღი ახალ სტატუსს იძენს და კულტურული ღონისძიებების მექა ხდება

რას უნდა მოელოდეს სიღნაღის არტ-ფესტივალის სტუმარი ერთი კვირის განმავლობაში?- ინტერვიუ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან, მალხაზ ბეგიაშვილთან

ცივგომბორის კალთაზე შესკუპებული, ულამაზესი პატარა ქალაქი სიღნაღი, სავარაუდოდ, ახალ სტატუსს იძენს და კულტურული ღონისძიებების მექა ხდება. სიყვარულის ქალაქში 13 აგვისტოს გამართული ჯაზ-ფესტივალი ანშლაგით ჩატარდა,  21-26 აგვისტოს კი სიღნაღში არტ-ფესტივალია დაგეგმილი. ფესტივალის დღეებში ქიზიყელები უამრავ სტუმარს ელოდებიან. მათ გასართობად გაიმართება კონცერტები, გამოფენები, კონკურსები… რას უნდა მოელოდეს სიღნაღის არტ-ფესტივალის სტუმარი ერთი კვირის განმავლობაში? ამის შესახებ euronews.ge-ის ,,სიღნაღის ამბები“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, მალხაზ ბეგიაშვილს ესაუბრა.

_ შესაძლებლობა და სურვილი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტში წინ წამოვწიოთ კულტურული საკითხები. ქალაქ სიღნაღის მდებარეობა, ხედები, არქიტექტურა, ისტორია, დღევანდელობა იძლევა საშუალებას, მსგავსი პროექტები დავგეგმოთ და განვახორციელოთ. არტ-ფესტივალზე, რომელიც სიღნაღში 21 აგვისტოს დაიწყება და 26-ში დასრულდება, პროფესიონალი მხატვრები და მოქანდაკეები მიიღებენ მინაწილეობას. ისინი მოლბერტებით გაიშლებიან სიღნაღის მთელ ტერიტორიაზე და დახატავენ ჩვენი ქალაქის პეიზაჟებს.

როგორც მოგეხსენებათ, ქალაქი სიღნაღი ბევრი ხელოვანი ადამიანის შთაგონების წყარო იყო. მისი ქუჩები, ციხე-გალავანი, ბოდბის მონასტერი, ხედები… – ეს ყველაფერი ყოველთვის იძლეოდა საშუალებას, მხატვარს, პოეტს, პროზაიკოსსა თუ  კომპოზიტორს საკუთარი ნიჭი ბოლომდე გამოევლინა. სიღნაღის პეიზაჟები, ქალაქური ტიპის აივნები და შუშაბანდები ბევრ ცნობილ მხატვარს აქვს გადატანილი ტილოზე, ამიტომ ვიფიქრეთ, არტ-ფესტივალი ხელოვანი ადამიანების  შთაგონების ადგილზე მოგვეწყო.

ცხადია, მხოლოდ არტ-ფესტივალით არ შემოვიფარგლებით.  სიღნაღი, ტრადიციულად, სიმღერის ქალაქიც იყო. ჩვენებურები იყვნენ დიდი ვანო სარაჯიშვილი, მიხეილ ნანობაშვილი, ჰამლეტ გონაშვილი, სანდრო მირიანაშვილი, ბიძინა კვერნაძე და ბევრი სხვა კომპოზიტორი თუ მომღერალი. თეატრალური კუთხითაც არ მოვიკოჭლებდით – გვყავდა დიდი სანდრო ახმეტელი და სოფელ მაჩხაანში 1899 წლიდან არსებობდა თეატრი. მომავალი წლის კულტურული ღონისძიებების გეგმაში აუცილებლად შევიტანთ თეატრალურ და ფოლკლორულ ღონისძიებებსაც.

სიღნაღში ჩავატარეთ ჯაზ-ფესტივალი, მაგრამ მომავალ წელს ქართული ფოლკლორის ფესტივალსაც მოვაწყობთ.  სიღნაღის ცხოვრებაში დიდ ადგილს დავუთმობთ თეატრალურ კვირეულს. მუნიციპალიტეტს ჰყავს თეატრალური დასი და საქმის დაწყება ნულიდან არ დაგვჭირდება. ღონისძიებას დავიწყებთ სოფელ ანაგიდან, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზუმიდან და დავასრულებთ მაჩხაანის თეატრში.

გასულ წელს დავაფუძნეთ ბიძინა კვერნაძის სახელობის ახალგაზრდა კომპოზიტორთა ფესტივალ-კონკურსი. ამ ფესტივალის სულისჩამდგელი და დამფუძნებელი გახლდათ  ცნობილი პიანისტი, ამჟამად საფრანგეთში მოღვაწე ნიკა ნიკვაშვილი და ამ ტრადიციასაც არ დავკარგავთ.

         _ საზოგადოება სიღნაღს ჯერ ისტორიულ ქალაქად იცნობდა, შემდეგ სიყვარულის ქალაქის სახელი შეიძინა. გამოდის, რომ ამჯერად კიდევ ერთ სტატუსს მიიღებს და  კულტურული ღონისძიებების მექა გახდება?

_ სიღნაღს მრავალმხრივ განვითარების პოტენციალი აქვს. მას პოპულარობაც არ აკლია და ყველამ იცის, რომ ტურისტულად საინტერესო ადგილია. მის შესახებ იციან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც და ტურისტიც არ გვაკლია. ასე რომ, კულტურული ღონისძიებებით ჩვენ არ მოვახდენთ სიღნაღის პრეზენტირებას, მაგრამ გვინდა,  გამოვკვეთოთ მისი ნიშა – ყველაზე მეტად რა კუთხითაც უნდა დაამახსოვრდეს სტუმრად მოსულ ადამიანს და ეს იქნება ხელოვნება.

ფესტივალებს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია მუნიციპალიტეტისთვის. ტურისტი როცა გადაწყვეტს სიღნაღში სტუმრობას და გააკეთებს ჩამონათვალს, რაც უნდა მოინახულოს, ვიზიტს დაამთხვევს რომელიმე ფესტივალს და ამითაც გაილამაზებს მოგზაურობას.

     _ სიღნაღის ფესტივალიზაციის იდეის ავტორი თქვენ ხართ?

_  რომ დაგეთანხმოთ, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივა. ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ხალხს ვხვდებით, მათ აზრს ვისმენთ. ჩემი ვალდებულებაა, მოსახლეობასთან შეხვედრიდან წამოღებული სურვილები შევაფასო და განვახორციელო. დიდი გეგმები მაქვს და თუ ყველაფერი გამომივა, ბედნიერი ვიქნები. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინიციატივების ერთ-ერთი ავტორი თქვენც ხართ…

    _ არტ-ფესტივალში მხოლოდ პროფესიონალი მხატვრები რატომ იღებენ მონაწილეობას, საქართველოში ბევრი კარგი თვითნასწავლი მხატვარია და ისინი რატომ იზღუდებიან?

_ არტ-ფესტივალს რამდენიმე ორგანიზატორი ჰყავს: კულტურის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი და სიღნაღის მერია.  როდესაც ამ საკითხზე ვსჯელობდით, თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ არტ-ფესტივალის დროს შექმნილ ტილოებს აუქციონზე გავიტანდით. მერე ეს აზრი შეიცვალა. 26 აგვისტოს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს ნამუშევრებს და მოწონებული ნახატები განთავსდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ფილიალში, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს. მათგან ბევრია მხატვრობაში გარკვეული და გვინდა,  პროფესიონალების ნამუშევრები  ვაჩვენოთ.

ფესტივალის ერთ დღეს ხატვით გატაცებულ ბავშვებს ვუძღვნით და მათაც ვაძლევთ  საშუალებას, დახატონ სიღნაღის პეიზაჟები. პატარების შესრულებულ ნახატებს გამოვფენთ სიღნაღის ბულვარში. დამთვალიერებლებს ექნებათ საშუალება, სურვილის შემთხვევაში ბავშვების ნახატები  შეიძინონ.

  _ როგორც ვიცი, არტ-ფესტივალში მონაწილეთა შერჩევა ჟიურის მიერ მოხდა. პრიორიტეტი რას მიანიჭეთ?

_ არტ-ფესტივალის მონაწილეთა და მათი ნამუშევრების შეფასებების ნუსხა კულტურის სამინისტრომ დაადგინა. საწყის ეტაპზე აპლიკანტებმა შეიტანეს განაცხადებები და იმის მიხედვით, ვის როგორი პორტფელიო ჰქონდა, ჟიურიმ განსაზღვრა მონაწილეთა ბედი. ფესტივალის კონკურსში მონაწილეობას იღებს 6 მხატვარი და 6 მოქანდაკე. მოქანდაკეებიდან 4 მუშაობს ხეზე, ერთი – რკინაზე და 1 –  თაბაშირზე. მათთვის თემატიკა არავის განუსაზღვრავს და რაც მოესურვებათ, იმას დახატავენ და გამოაქანდაკებენ. 6 დღის განმავლობაში ისინი სიღნაღში იქნებიან და თითოეულ მათგანს ორი სხვადასხვა ზომის  ტილოს შექმნის შესაძლებლობა ექნება.

არტ-ფესტივალს გავხსნით 21 აგვისტოს, 12 საათზე, სიღნაღის ბულვარში. ამის შემდეგ მხატვრები და მოქანდაკეები განთავსდებიან სიღნაღის სხვადასხვა ქუჩებში და დაიწყებენ საქმიანობას. იმავე საღამოს ბულვარში ჩატარდება კონცერტი  ცოცხალი შესრულებით. 21-დან 26 აგვისტომდე, ყოველ დილით, ფესტივალის მონაწილე მხატვრები და მოქანდაკეები გამოცხადდებიან საკუთარ ლოკაციაზე და იმუშავებენ.

გარდა ამისა, ყოველდღიურად ბულვარში მოეწყობა მეწარმეთა გამოფენები. დაგეგმილია ღვინის ნაწარმის, ხელით ნამუშევარი საჩუქრებისა თუ სამოსის გამოფენა-გაყიდვები. ასევე ჩატარდება ფოტოგრაფების კონკურსი-გამოფენაც. მოხალისე ფოტოგრაფები, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია, მთელი კვირის განმავლობაში გადაიღებენ ფოტოებს და ყოველდღიურად თავადვე შეარჩევენ ერთ საუკეთესო ნამუშევარს. ფოტოს ატვირთავენ სპეციალურად შექმნილ  ფეისბუქგვერდზე. მიღებული მოწონებების მიხედვით, ჟიური შეარჩევს 10 საუკეთსო ნამუშევარს, რომლებიც  გამოიფინება სიღნაღის ბულვარში. ბოლო დღეს ჩატარდება კონკურსი და გამოვლინდება გამარჯვებული. მას გადაეცემა ფესტივალის სპეციალური პრიზი.

მხატვრებიდან და მოქანდაკეებიდანაც თითო გამარჯვებული შეირჩევა. მათაც გადაეცემათ ფესტივალის სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო – 5 ათასი ლარი.

    _ 26 აგვისტოს გალა კონცერტში ვინ მიიღებს  მონაწილეობას?

_ ფესტივალის დასრულება აღინიშნება გალა კონცერტით. კონცერტს ნიკა წულუკიძე წარუძღვება. მონაწილეობას კი მიიღებენ მომღერლები: აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სეფისკვერაძე, დავით ნოზაძე, ნათია ტერანიძე და ა.შ.

    _ ბატონო მალხაზ, რაც მოგვიყევით, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ეს ღონისძიებები ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას თუ წაადგება?

_ ცხადია, მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვის დროს  ანგარიშს ვუწევთ კომერციულ მხარესაც. სიღნაღის ჯაზ-ფესტივალზე საკუთარი პროდუქციის სტენდი წარმოადგინა 12-მა მეწარმემ. რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი სტენდიდან გაიყიდა 4 ათას ლარამდე  პროდუქცია. ფინანსურ სარგებელზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მოახდენს მეწარმეთა პროდუქციის პოპულარიზაციას, რაც მათი წარმოების წინსვლა-განვითარების საწინდარია.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close