3 სექტემბერს, 13 საათზე პირველი არხის შენობასთან თანამშრომლების აქცია იგეგმება
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს:
,,საზოგადოებრივი მაუწყებლის 150 – მდე თანამშრომელმა მიმდინარე კვირას ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღო. შეთავაზების მიხედვით იცვლება დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე ამ პირებისთვის შრომის ანაზღაურების ფორმა.
თვიური მოჭრილი ხელფასის ნაცვალად მათ სთავაზობენ საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით მუშაობას და ანაზღაურებას, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება. შეთავაზებაში გაწერილი არ არის ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ზღვრული ლიმიტი და გრაფიკი, ხოლო ტელევიზიის ადმინისტრაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუნდაც ერთხელ მაინც გამოიძახებს რომელიმე თანამშრომელს სამსახურში. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, თანამშრომლების სამუშაოდან გათავისუფლებაა და არა ახალი შეთავაზება, რომელიც, კანონის მიხედვით, არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას და ცხოვრების პირობებს.
შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაცია დასაქმებულებს ემუქრება მოქმედი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად – („სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.“ )
ჩვენი კოლექტივის აზრით, ეს არის ადმინისტრაციის მცდელობა, შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა. არგუმენტები არის ბუნდოვანი. სრულიად გაუგებარია რა ნიშნით მოხდა ამ თანამშრომლების შერჩევა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულებმა რამდენჯერმე მოითხოვეს ადმინისტრაციასთან შეხვედრა, რომ უფრო დეტალური განმარტებები მიეღოთ შეთავაზების შესახებ, მენეჯმენტი უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე. ასევე მოთხოვნის მიუხედავად, პროფკავშირი დღემდე არ არის ჩართული პროცესში.
ორშაბათს, 3 სექტემბერს, 13 საათზე პირველი არხის შენობასთან იგეგმება გამაფრთხილებელი აქცია, რადგან ჩვენთვის, საზოგადოებივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის მისაღები არ არის კომუნიკაციის ის ფორმა, რომელსაც დღე არხის მენეჯმენტი თანამშრომლებთან იყენებს.
მოვითხოვთ:
1. უფრო დეტალურ განმარტებებს, რას გულისხმობს ახალი შეთავაზება.
2. თანამშრომლებს გასაგებად განემარტოთ ის პროცესები, რაც დღეს არხზე მიმდინარეობს, რა გახდა იმის მიზეზი და საფუძველი, რომ ამ ადამიანების შრომითი ხელშეკრულებები არსებითად იცვლება.
3. რა ნიშნით შეირჩნენ ის დასაქმებულები, რომელთა შრომითი ხელშეკრულებები უნდა შეიცვალოს.
4. პროფკავშირისა და მაუწყებლის თანამშრომლების ჩართულობით მოხდეს იმ სტანდარტების ჩამოყალიბება, რომელიც დასაქმებულების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ გააუარესებს იმის მიუხედავად რა ცვლილება შევა მათ შრომით ხელშეკრულებაში.
5. პროცესში ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი”.