საზოგადოება

ესმას გურული ღვეზელის რეცეპტი-,,აქ მუზეუმია, ეს მაგარია”

,,ერთი შეხედვით რეცეპტია, ბევრი შეხედვით - მემორიალური დაფა"

ჯერ ზღაპარი: ეს რეცეპტი ჩემს სახლში ბევრად ჩემამდე დაიბადა. ანუ დამხვდა როგორც ბურჯი, ტრადიცია, უკვდავება და რიტუალი.
ამ ღვეძელზე მოდიოდნენ და მიდიოდნენ სტუმრები, თაობები, დეკადები, იშლებოდა სუფრები, ისმებოდა სადღეგრძელოები;
მერე მე გადმომცეს, როგორც საოჯახო განძი, მზითვი, თილისმანი. ჩამიკერეს, ჩამიმონტაჟეს, დამაჯერეს, რომ ეს არის ჩემი განუყოფელი ნაწილი, რომელიც თან უნდა ვატარო სახელივით და ჯვარივით და გადავცე მომავალ თაობებს;
ერთი შეხედვით რეცეპტია. ბევრი შეხედვით – მემორიალური დაფა;
ერთი შეხედვით – სამზარეულოს თემაა, ბევრი შეხედვით – ფილოსოფია და ფსიქოლოგია;
ერთი შეხედვით – გადაპიწკინებული, ხრაშუნაქერქიანი ღვეძელია, მეორე შეხედვით – მცდელობა არდასასრულის, გაგრძელების, მუდამ ყოფნის, უკვდავების და მრავალჟამიერის;
და სინამდვილეში მითოლოგიაა, სადაც ოჯახის დიდმა დედამ საიდუმლო ჩაამწყვდია ოქროს ზარდახშაში და სათუთად გადასცა მემკვიდრეებს… მე ამ მითში ვცხოვრობ და არ მინდა დასრულდეს;
ზღაპრის დასასრული: რწმენაა ეს ყველაფერი. თუ შენს წარსულს არ მოსწყდები და თან ატარებ, არ გაქრები; ამიტომაც დააბარა და დაავალა მამაჩემს ბებიამისმა ესმამ, შენს შვილს ასწავლეო… მამაჩემმა მე დამაბარა და ასე, დიდი ფიქრის ჩემოდნით თან დაგვაქვს უკვე 2 საუკუნეა ღვეძელის რეცეპტი კი არა – რიტუალი!!!
ამ რიტუალს ვერ ვღალატობ, გოზინაყივით გვაქვს, თუ არ გააკეთებ, ახალი წელი არ მოვა, ასე გგვგონია; ყოველ ჯერზე, როცა ღუმელიდან გადმოვდგამ და დიდ ლანგარზე გადავაცურებ, ვგრძნობ, როგორ მიხარია რიტუალის მსახურება, წარსულის მსახურება, წინაპრების მსახურება… შეგრძნება რომ მე რაღაცას ვაგრძელებ – ამ ღვეზელზე გემრიელია;
ადამიანები გაქრნენ, ნივთები დაიმსხვრნენ, რეცეპტი დარჩა; წიგნივითაა; სიტყვაა და იმიტომ. ვერ ქრება. ყოველ ჯერზე თავიდან იბადება; მასში დევს – გაგრძელების კოდი და არდასრულების წყურვილი; ამ მისტიურ შეგრძნებას ემსახურება კაცობრიობა; ამ შეგრძნების ნაწილია ესმა ბებიას რეცეპტი;
და მერამდენედ ვუტყდები საკუთარ თავს, რომ არც ჭამა მიყვარს და არც კეთება;მიყვარს სამზარეულოში უკვდავების ძებნა და ამოხსნა; ჟამი, რომელიც ერმა სამზარეულოში გაატარა, აუცილებლად ინახავს არტეფაქტებს, ხასიათებს, გემოვნებებს, ადამიანებს… სამზარეულოს არქეოლოგიაში ბევრი საგანძურია; ამიტომაც #აქმუზეუმია
1) ცომი: ჯამში 3 კვერცხი, 1 ქილა მაწონი, ან 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი ჩამატებული მაწონში; მოურიეთ. დაუმატეთ 1/2 ჩ.კ. შაქარი, 1/2 ჩ.კ. მარილი, 1 ჩ/კ. სოდა; დაიწყებს აფუშფუშებას;)) დაუმატეთ 200 გრამი გამდნარი კარაქი; 2 სუფრის კოვზი ზეთი; მოურიეთ; და ფქვილი იმდენი, რომ კოხტა გუნდა გამოვიდეს; ცომის ზელვას აადვილებს ხანდახან ზეთში დასველებული ხელი; დადგით თბილ ადგილას, ვიდრე კვერცხებს მოხარშაბთ;
2) მოხარშეთ 10 კვერცხი. გაფცქვენით და ტაფაზე, რომელზეც კარაქი გაადნეთ დაამატეთ ცოტა ზეთი და ეს მთლიანი გაფცქვნილი კვერცხები; დადგით გაზქურაზე და მობრაწეთ;
3) ცომი გაშალეთ ცხიმმოსმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე; დააყარეთ ზედ ბლომად ჭყინტი, ხელით დაფურჩხნული ყველი (საშუალოდ მარილიანი); ზედ დაალაგეთ შუაზე გაჭრილი შემწვარი კვერცხები; თავი მოუკარით ღვეძელს; კოხტად, ყველი, რომ არ გამოგექცეთ; გადაუსვით 2 კვერცხის გული; შეაბრძანეთ 180 გრადუსზე და გადააპიწკინეთ; გამოიღეთ და გადაუსვით კარაქი;
პ.ს. და თუ ცხობის დროს ყველი გამოიპარება ან წყალს გაუშვებს (იცის ხოლმე ზოგმა ყველმა) ხელსახოცით ამოაშრეთ; ეს ღვეზელი უგემრიელესია მეორე დღეს, ტაფზე გადაბრაწული;
ესმა კუნჭულია, ჟურნალისტი, კულინარიული მუზეუმის მეპატრონე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close