ჯანდაცვა

კორონა ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, აეროპორტიდან მოქალაქეს თბილისის ინფექციურში გადაიყვანენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე გავაწყვიტეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდემიოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა ახალი რეკომენდაცია, რომელიც თერმულ, ანუ ტემპერატურის სკრინინგს შეეხება.

„საზღვარზე ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს გაესინჯება ტემპერატურა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მაღალი რისკის რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეებზე. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, უკვე ჩაერთვება ექიმი კლინიცისტი და შეგროვდება ანამნეზი. თუ საეჭვოდ მიიჩნევა, უკვე ტრანსპორტირება განხორციელდება ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ორი დღეა, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და საინფორმაციო ბუკლეტით ხორციელდება მგზავრთა, განსაკუთრებით ჩინეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმირება.

„მათ სამ ენაზე ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტი – ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, სადაც მითითებულია რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე, ვის უნდა მიმართონ თუ ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.. ხოლო დღეიდან კი, მეორე კომპონენტი დაემატება, ანუ საზღვარზე მყოფ ეპიდემიოლოგთა ჯგუფს, ასევე მხარს დაუჭერს ექიმიკლინიცისტი, რომელმაც დაავადების კლინიკური გამოვლინებების შესახებ უფრო მეტი იცის და განხორციელდება გარკვეული სახის ტრიაჟი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: http://www.ttimes.ge

 

Related Articles

Back to top button
Close