ჯანდაცვა

ქალს, რომელსაც ორმხრივი, ძლიერი პნევმონია და სეფსისი ჰქონდა, ექიმები ნევროზზე მკურნალობდნენ

რუსუდან ადვაძე, ჟურნალისტი:

_  ერთმა ვიღაც ექიმადწოდებულმა უნამუსომ ისე მომიშალა ნერვები, ვეღარ ვმშვიდდები… იმის მაგივრად, რომ შეცდომაზე პასუხი აგონ და ბოდიში მოიხადონ, იქეთ გადმოდიან შეტევაზე. ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ ასეთების ხელშია ჩვენი სიცოცხლე, რადგან ექიმები მათ ქვიათ.
ამას წინათ მოვყევი და ისევ დავაკოპირებ ამ ამბავს და არ მივცემ დავიწყების უფლებას ამ ამბის შემოქმედებს, რომლებმაც ახლა ერთ ჯგუფში დამიწრეს, რომ ეს ამბავი მე შევთხზე.
ჩემს რძალს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, ე.წ. არამიანცის ტერიტორიაზე რომაა, თირკმელზე ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მეოთხე დღეს გამოწერეს. არადა, დაზღვევით დაფინანსებული პაკეტი ბევრად მეტ დღეს ითვალისწინებდა. ანუ, გადახდილი უფრო მეტი იყო სადაზღვევოს მიერ, ვიდრე მოხმარდა. სახლში თავს ისევ ცუდად გრძნობდა, რის გამოც, ორი დღის შემდეგ ისევ ამ კლინიკაში დააწვინეს. მკურნალი ექიმი შალვა მშვილდაძე ხან გაიძახოდა, ჰემატომააო, ხან თირკმელი შეგუბდაო და ეს იწვევდა დისკომფორტსო, მაგრამ ორ დღეში ყველაფერი მოვაგვარეთო, გვითხრა და მეორე დღეს უნდა გამოეწერა, რომ ღამით გახდა ცუდად – სუნთქვა გაუჭირდა. სახლიდან ვურეკავ ამ მშვილდაძეს, სუნთქვა უჭირს და მიხედეთ-თქო. მაგას ისტერიული შეტევები აქვს, თორემ სუნთქვა კი არ უჭირსო, მპასუხობს. ღამე იყო და მორიგე ექიმი ვინმე მამუკა კუნჭულია გახლდათ. ამ კუნჭულიამ სინჯა, სინჯა და რომ ვერაფერი გაიგო, თავისზე “ჭკვიანი” კარდოლოგი გამოიძახა სხვა განყოფილებიდან. ხოდა, ეს “ჭკვიანი”, რომლის ვინაობაც ვერ მოვიძიე, თორემ აუცილებლად გეტყოდით, რადგან მიმაჩნია, რომ ერმა მათი სახელები უნდა იცოდეს, მეუბნება, მე კარდიოგრამა გადავუღე და დარწმუნებული ვარ, სადღაც რტომბი აქვსო. რადგან, თურმე ამ დიდებულ უროლოგიურ ცენტრში არც რტომბის ადგილმდებარეობის გარკვევა შეუძლიათ და არც მკურნალობა, გამოიძახეს კატასტროფის ბრიგადა, რომელმაც ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. აღმოჩნდა, რომ ჩივილების მიზეზი არც ტრომბია და არც ნევროზული ისტერიული შეტევა და სინამდვილეში, ეს ორმხრივი ძლიერი პნევმონია და სეფსისია.
უროლოგიურ ცენტრში კუნჭულია არაკაცს რომ ვკითხე, ვერ სუნთქავდა და ფილტვები რატომ არ მოუსმინეთ-თქო, მიპასუხა, მე უროლოგი ვარ, თერაპევტი კი არა, რომ გამეგო ფილტვებში რა ხდებოდაო, მე ჩემი საქმე ვიცი მხოლოდო. ანუ ამხელა კლინიკაში თერაპევტიც არ ჰყავთ, რომელიც პაციენტს ფილტვებს შეუმოწმებს, როცა ვერ სუნთქვას?! ჰო, კიდევ, იმ ღამემდე მშვილდაძემ მითხრა, რაღაც სითხე ჩანს, მაგრამ თირკმელთან არა, სადაც ჩვენ ვიმუშავეთ, უფრო ზემოთააო და ეს არაფერიაო. ეს სითხე იწვევდა სინამდვილეში ორგანიზმის მოწამვლას.
კორონავირუსის გავრცელების გამო, მე8-დან კლინიკა “ჯერარსში” გადაგვაყვანინეს, სადაც თითქმის ერთი თვე დაჰყო და ჯერ კიდევ მკურნალობს იქ დამართულის აღმოსაფხვრელად. ახლა ამ უროლოგიურის წარმომადგენელი, ვინმე ილია ყურაშვილი წერს, რომ ეს ამბავი მე მოვიგონე. არაფერი წმინდა აღარ არსებობს ამ არაკაცებისთვის?!

Related Articles

Back to top button
Close