საზოგადოება

,,ხელისუფლებაში როცა ხარ, ბოლომდე უნდა შეირგო ყველაფერი _ კაი ჭამო, კაი სვა…”

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის  წევრი:

_ ესე იგი, თხუთმეტი წელია აქტიურ პოლიტიკაში ვარ, პოლიტიკოსობამდე კიდევ სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობებში ვიყავი ასევე თხუთმეტი წელი და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ თურმე ხელისუფლებაში როცა ხარ, ბოლომდე უნდა შეირგო ყველაფერი: კაი ჭამო, კაი სვა, კაი იმოგზაურო, ოპონენტები გამოაცხადო მოსყიდულებად, აგენტებად, უსინდისოებად,გადაუკეტო მათ დაფინანსების არხები, მედია და ხანდახან აცემინო კიდეც, გაიდო ფეხქვეშ სასამართლო, აახიო ბიზნესი პოლიტიკურად არასაიმედოებს და გადასცე შენიანებს, და თუ ყველაფერ ამას მაინც და მაინც საკუთარი ხელით არ (ვერ) აკეთებ, აუცილებლად უნდა გაამართლო ეს ქმედებები და რაც შეიძლება ხმამაღლა და თავგამოდებით. აი, ასე უნდა იცხოვრო და იქნები მუდამ წარმატებული და შეძლებული.

აქ შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, მერედა ხელისუფლება რომ შეიცვლება, სად მიდიხარო და საქმეც ისაა, რომ არსადაც არ უნდა წახვიდე. პირიქით, უნდა გამოხვიდე და თქვა: კი, რაღაც-რაღაცეები შემეშალა (“შეუმცდარი არავინაა”, “დიდი საქმეების კეთებამ დიდი შეცდომები იცის”, “იმას არ ეშლება არაფერი ვინც არაფერს აკეთებს”, “აბა გრეჩიხა ჯობდა?” “აბა ნაცები გინდოდათ?” და ა.შ.), მაგრამ რახან მე შემეშალა, ჯობია მევე გამოვასწოროო და შეეცადო მოხვდე ისევ იქ, სადაც მანამდე იყავი. დიდის ალბათობით მოხვდები კიდეც და თუ ვერ მოხვდი, მორალურად კაი ტიპად მაინც დარჩები, აქაოდა აღიარებს შეცდომებს და მომავალზეა ორიენტირებულიო. თან ხელისუფლებაში ნაგრიალებიც შეგრჩება, ვითარცა ხახვი.

როგორც იტყვიან, არაფერი პირადული, ჯასთ ბიზნეს. რომ არ გამოვიდა ჩემგან ასეთი ბიზნესმენი, იმას ვჩივი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close