საზოგადოება

“ცალ ხელში ბავშვი მეჭირა, მეორეში – ლანგარი და ნამცხვრებს ვყიდდი”

სოციალური პროექტი “ქალები საქართველოდან” 47 წლის ირინა ხელისუფალის ისტორიას ავრცელებს.

“წაღვერის სკოლის დირექტორი 3 წელია გავხდი, მანამდე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვიყავი.

ვფიქრობდი, რომ მაქვს ლიდერობის უნარი და გადავწყვიტე ჩემი თავი ამ სფეროში მომესინჯა, დავიწყე მეცადინეობა, ჯერ სასერთიფიკაციო მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე, გავხდი უფროსი მასწავლებელი.

მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო, რომ მაქვს მეტი პოტენციალი. ვიფიქრე, თუკი მაქვს ამის უნარი, ნებისყოფა და შესაძლებლობა, რატომ არ მოვსინჯო საკუთარი თავი სხვა სფეროშიც? ისევ დავიწყე მეცადინეობა და დირექტორობის გამოცდა ჩავაბარე. იქ უკვე მრავალი კანონის ცოდნა, ლიდერობის უნარების, მენეჯმენტის ცოდნაა საჭირო. ეს არის ძალიან საინტერესო, მაგრამ ძალიან მრავალმხრივ დატვირთული საქმიანობა. გარდა იმისა, რომ უნდა იყო კარგი მენეჯერი, კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყო პერსონალთან, მასწავლებლებთან, ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობისას, რაც საკმაოდ რთულია და საპასუხისმგებლოც. ვფიქრობ, მასწავლებლად იბადებიან, ხელმძვანელობის უნარიც თან უნდა დაგყვეს… შეიძლება ჩააბარო გამოცდა, მაგრამ ცოდნა მოსწავლემდე ვერ მიიტანო, ამას უნდა უნარი, რომელიც ან გაქვს ან არა. თუ გაქვს უნდა განავითარო იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება დაუშვა შეცდომა და ამ საქმეში შეცდომა და არაპროფესიონალიზმი დაუშვებელია. თუ მაინც დაუშვი შეცდომა მისი ანალიზის და აღიარების უნარი უნდა გქონდეს, რომ შემდგომ აღარ დაუშვა იგივე და წინ წახვიდე. მე ვთვლი, რომ ჩემი ძლიერი მხარეა, საკუთარ შეცდომაზე სწავლისა და ანალიზის უნარი. რა თქმა უნდა, არ ვარ იდეალური, მაგრამ ჩემი შრომის შედეგით არ ვარ უკმაყოფილო.

მე რომ მოვედი სკოლაში, აქ არასახარბიელო მდგომარეობა იყო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. საპირფარეშო იყო გარეთ, არ იყო პირობები, ერთი ონკანი იყო მხოლოდ და ამ პირობებში მაქსიმალურად იცავდნენ ჰიგიენას როგორც შეეძლოთ, დამლაგებლები დაბალი ხელფასის ფონზე ახერხებდნენ სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვას.

დაბალი მოტივაცია იყო პედაგოგებშიც, ნაკლებად იყვნენ ორიენტირებული პროფესიულ განვითარებაზე, რაც ჩავთვალე, რომ აისახებოდა მოსწავლის წარმატებაზეც და რაც, რა თქმა უნდა, არ მომეჩვენა კარგად, ვინაიდან ჩემი ხედვა იყო სკოლა გამხდარიყო კონკურენტუნარიანი და დაეკავა სათანადო ნიშა განათლების სისტემაში. დავიწყე სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. გამოსავალი პროფესიული კომპეტენციის განახლებასა და გაძლიერებაში მივიჩნიე. ძალიან კარგი სპეციალისტები, რომლებმაც არაერთი სასახელო ადამიანი გაზარდეს ჩავრთე მრავალი გადამზადების პროგრამაში და ტრენინგში. მათთან ერთად მიზანდასახულად მეც ინტენსიურად ვიყავი ჩართული გადამზადების პროგრამებში. როცა ყოველ დღე საკუთარ თავზე მუშაობ, წინსვლა და შედეგი გარანტირებულია. ჩავთვალე, რომ მასწავლებელს აქვს უმაღლესი განათლება და ძირეული საბაზისო ცოდნა და ამაზე რაღაც ახლის დაშენებაც შეიძლება, ახლებური მიდგომა, ახლებური ხედვა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, სწორედ ეს ყოველივე მიმაჩნია მოტივაციის და შედეგის ზრდის წინაპირობად.

დაუსრულებელი საქმე არ მიყვარს არც სახლში და არც სკოლაში. არაა იოლი ოჯახისა და სკოლის დირექტორობის შეთავსება, მაგრამ მე ამას ვახერხებ. 6 საათზე მივდივარ სახლში და სახლის საქმესაც ხარისხიანად ვაკეთებ.

როცა გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა, მაშინ ძალიან ახალგაზრდა -18 წლის გოგო ვიყავი. ვსწავლობდი დასწრებულზე. ამას დაემთხვა 90- იანების ომები, ამასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა, მაგრამ ამ ყველაფერს გავუძელით…

ვაფასებ საქმისადმი სისტემურ და დაგეგმილ მიდგომას, პასუხისგებლობას, ხარისხს. ეს ყველაფერი ძალიან საჭირო უნარია თუ გინდა წარმატებას მიაღწიო. იმ რთულ პერიოდში დავიწყე ტორტების ცხობა, როცა მინდოდა მეუღლეს ამოვდგომოდი გვერდში და ერთად დაგვეძლია ის ურთულესი პერიოდი. პატარა ბავშვი მყავდა, არა შუქი, არა გაზი, არა სითბო, არაფერი არ იყო… 90 იანები ყველას ასე გვახსოვს. დავიწყე ის, რაც შემეძლო. დედაჩემი არის ფანტასტიური, განთქმული კონდიტერი, სულ ვხედავდი და ვუყურებდი მის საინტერესო საქმიანობას ჩემს მოზარდობის პერიოდში და მომწონდა კიდეც ეს საქმე. ეს იყო ჩემი და ამიტომ დავიწყე ნამცხვრების ცხობა. ცალ ხელში ბავშვი მეჭირა, მეორე ხელში კი – ლანგარი და გამოცხობილი ნამცხვრები ქალბატონ იზოსთან მაღაზიაში ჩამქონდა. ასე დავიწყე. მერე უკვე ბავშვი მეხმარებოდა, მას ვატანდი ხოლმე, ასე გავზარდე ჩემი შვილი, რომელმაც იცის შრომის ფასი და ისიც, რომ შრომით არის მოსაპოვებელი ყოველივე სიკეთე და დოვლათი. მერე გადავწყვიტე ერთი ხაზი ამერჩია და მას შემდეგ ტორტებს ვაკეთებ. ხშირად ღამის ოთხ საათამდე. პედაგოგი რომ ვიყავი, მაშინ დავიწყე ამის კეთება და დირექტორი რომ გავხდი დედაჩემმა მითხრა, ახლა თანამდებობაზე ხარ და ტორტის ცხობას ხომ არ შეეშვებიო? მე ვუპასუხე, რომ ეს ის საქმეა, რომელიც ძალიან მომწონს და გამომდის. მე შემიძლია ამ ორი საქმის შეთავსება, და არ ვთვლი ამ საქმიანობის შერწყმას ძირითად პროფესიასთან რაიმე პრობლემად.

დღემდე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. მადლიერი კლიენტი და მადლიერი მშობელი არის ამის ინდიკატორი, რაც მაძლევს იმ ძალას, რომ მე სწორ გზაზე ვარ და სწორი ხედვა მაქვს.
ვაკეთებ ყველანაირ ტორტს, ვცდილობ იყოს კრეატიული, მორგებული თანამედროვე მოთხოვნაზე.

მოსწრებას რაც შეეხება, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მგარამ ძალიან მეხმარება სისტემატიზაცია, ყველა წუთი, ყველაფერი წინასწარ მაქვს გათვლილი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ თუ არ მომწონს, არ გავატან, გადავაკეთებ, თავიდან გავაკეთებ, მაგრამ ის უნდა იყოს საუკეთესო. ხშირად მეუბნებიან, რომ დავანებო თავი სკოლას, გავხსნა საკუთარი საკონდიტრო, რომ მეტი მექნება შემოსავალი ჩემს საქმეს რომ მივხედო, მაგრამ ვერ ვეშვები, ორივე საქმეში დიდი ბრძოლა დამჭირდა დიდი ღვაწლიც მაქვს და ვერცერთს ვერ დავთმობ.

დღემდე არსებობს გენდერული სტერეოტიპები, რომ ძლიერი ხელი სჭირდება სკოლას და დირექტორი კაცი უნდა იყოს. მაგრამ აქ რინგი არ გვაქვს, სადაც ძალა მორევაზეა, აქ მთავარია ლიდერული უნარი შერწყმული პროფესიონალიზმთან. თუ რამე გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ, უბრალოდ ამისთვის უნდა იბრძოლო, ბევრი იშრომო, იყო მიზანდასახული, მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი და უწყვეტი გზა წარმატებისკენ”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close