„შეიძლება ბავშვმა დაიძინოს და ამ მდგომარეობით გაიღვიძოს“
„ნევროპათოლოგები ეპილეფსიის მქონე ბავშვებს რომ უნიშნავენ, ისეთ პრეპარატებს აძლევენ, მაგრამ ეს არ არის დაავადება, რომ მედიკამენტით ვუმკურნალოთ“ - რა უნდა ვიცოდეთ ლოგონევროზის შესახებ

ლოგონევროზი და ენის ბორძიკი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ბავშვებსა და მოზარდებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის. რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ შეიძლება, დაძლევა, ლოგოპედი თამარ ცერცვაძე გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს:
.
– ლოგონევროზი ანუ ენაბორძიკი მეტყველების საკმაოდ გავრცელებული დარღვევაა, რომელიც სხვადასხვა ნიშნით ვლინდება. მაგალითად, ადამიანს მეტყველების დაწყება უჭირს, საუბარი უჭირს. ამ დროს ბგერებს, სიტყვებს იმეორებს და ძალიან ღრმა შინაგანი დაძაბულობაა. წარმოიდგინეთ, საუბრის დაწყება გინდათ და ვერ იწყებთ. ამ დროს ბავშვისა და მოზარდის შინაგანი ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, როგორც ოჯახი, ასევე პროფესიონალი გვერდით დაუდგეს.
ლოგონევროზი თანდაყოლილი პრობლემა არ გახლავთ. ეს დაავადება არ არის. დაახლოებით, 2-დან 5 წლამდე ვითარდება. ამ პერიოდში ბავშვი მეტყველებას თამამად იწყებს, სიტყვებს ერთმანეთს აბამს, ორსიტყვიან წინადადებებს ადგენს. ასეთ დროს ბავშვის მდგომარეობა გამძაფრებულია. ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ემოციურადაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელი ბავშვს ფრთხილად მოექცეს. არ უნდა დაუყვიროს… სტრესი პრობლემის მაპროვოცირებელია. მშვიდი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სტრესი არსებობს, ასეთ დროს მეტყველების პრობლემები იწყება.
ბავშვი სიმღერით საუბარზე გადაგვყავს და იმიტომ არ ბორძიკობს. ამას ვეძახით ჩვევას, რომლის გადაჩვევაც შესაძლებელია. ენაბორძიკი არის მდგომარეობა, რომლის გადაჩვევაც შეიძლება.
ჩემი ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. ზოგთან პროცესი 2-3 თვეში დაგვისრულებია, ზოგთან 7 თვეც დამჭირვებია. ლოგონევროზსა და ენაბორძიკს შორის ძალიან მცირე განსხვავებაა. ენაბორძიკი არის, როდესაც ბგერებს ვერ ამბობს და ბავშვი იმეორებს. ლოგონევროზი მას თან სდევს. შფოთვა ეწყება, ითრევს ხელის, ფეხის კუნთებს, სახის მიმიკებს, იფარებს ხელს სახეზე. თუ ეს მდგომარეობა თან ერთვის, ასეთ შემთხვევაში გაერთიანებულია – ლოგონევროზი იგივე ენაბორძიკი.
„დაელოდე, თავისით გაუვლის” – ეს არასწორი მიდგომაა. ასევე, ნევროპათოლოგთან მიჰყავთ ხოლმე და ძალიან მძიმე პრეპარატებს უნიშნავენ… ეპილეფსიის მქონე ბავშვებს რომ უნიშნავენ, ისეთ პრეპარატებს. ეს არ არის დაავადება, რომ მედიკამენტით ვუმკურნალოთ. მედიკამენტის მიღების პერიოდში ბავშვი იმაზე მეტად მშვიდდება და წყნარდება, ვიდრე უნდა იყოს. ამ დროს ენაბორძიკი, რა თქმა უნდა, მცირდება, ნელდება. მაგრამ, როცა მედიკამენტის გამოყენების ვადა დასრულდება, პაციენტი იგივენაირად მოდის.
ენაბორძიკი არის მოთამაშე, პერიოდული. შეიძლება, 3 კვირა ბავშვმა ძალიან მარტივად და თავისუფლად ისაუბროს და მშობელმა იფიქროს, რომ ამ მდგომარეობამ გაუარა, მაგრამ შემდეგ სპაზმი ისევ ჩნდება.
ლოგონევროზისა და ენაბორძიკობისაგან სრულად განკურნება შეიძლება. როგორც აღვნიშნე, ეს არის მდგომარეობა, რომლის გადალახვაც ნამდვილად შესაძლებელია.
 
					



