პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი სომხეთის პრემიერ მინისტრს: ძალიან გვინდა, დავიჯეროთ ეს სიტყვები, მაგრამ…

,,ძალიან გვინდა დავიჯეროთ ეს სიტყვები, მაგრამ როდესაც გვახსენდება რა როლი შეასრულა და ახლაც ასრულებს ერევანთან და მოსკოვთან დაკავშირებული აფხაზეთში მყოფი სომხური დიასპორა საქართველოს დაშლაში, როგორ ედგნენ აფხაზურ სეპარატიზმს სათავეში ჯერ კიდევ მაშინდელი კრუნკის თავმჯდომარე ტოპოლიანი, როგორ აფინანსებდა აფსუა მკვლელებს ბიზნესმენი ცატურიანი, როგორ ღვრიდა ჩვენს სისხლს ბაგრამიანის ბატალიონი, როდესაც დღესაც ვხედავთ აფსუეთსა თუ მოსკოვში რამდენი ე.წ მინისტრი, გენერალი, დეპუტატი სომხური ეროვნებისა ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას, როდესაც ეს ადამიანები იმავდროულად სომხეთის მოქალაქეებიც არიან და ერევანში ცხოვრობენ . უფრო მეტიც ,როცა გაეროში გენასამბლეის სესიებზე, ყოველწლიურ კენჭისყრაზე სომხეთის დელეგაცია ხმას აძლევს ლტოლვილთა დაბრუნების წინააღმდეგ სახელმწიფოებრივად კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობაზე საუბარი ფარისევლობაა, ამას ჯობია დავარქვათ იძულებითი თანაარსებობა.როცა ამ სტატუსს ვწერდი, გამახსენდა ჩემი თანაკლასელი ვახტანგ მიკირტიჩიანი,რომელიც ტამიშთან გმირულად შეეწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას.მეტი ვახტანგი გვინდა მეგობრებო და მერე იქნება ორივე ქვეყნის საქმე კარგად” _ წერს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ჭრილში და ის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასთან ერთად, საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება გააკეთა 3 მარტს, თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის არის ყველა წინაპირობა. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკონოვანი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ისტორიულ მემკვიდრეობას, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას.

დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ გაჩნდა ახალი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო განუყოფელს ხდის და აძლიერებს ჩვენს მისწრაფებას თანამშრომლობისკენ. ეს უპირველეს ყოვლისა დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენებისკენ მიმართული ჩვენი ორი ხალხის საერთო ხედვაა, რომელიც წარუშლელია ჩვენში და რწმენის ძალა აქვს.

მართლაც, დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენაესობის დამკვიდრებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაფართოებლად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

Related Articles

Back to top button
Close