საზოგადოება

,,ქართველები შესაძლოა მოისყიდო, გადმოიბირო, მაგრამ ისტორიის გაყალბებით, ვერავის ვერასდროს დაუმონებია”- პასუხი პუტინს

,,საჯარო პასუხი ვლადიმერ პუტინს:

“სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” ან რაიმე სახის ოსური სახელმწიფო წარმონაქმნი 1774 წელს შიდა ქართლის ტერიტორიაზე არ არსებობდა. შიდა ქართლი მთლიანად ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო და 1802 წელს ის მთელს სამეფოსთან ერთად დაიპყრო რუსეთმა. სამაჩაბლო 1802-1918 წლებში “საქართველოს” და შემდგომში “ტფილისის” გუბერნიების გორის მაზრაში შედიოდა და ამ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მხოლოდ 1922 წელს ეწოდა. ბატონო პუტინ თქვენ საპირისპიროდ ილაპარაკეთ და დაე, თქვენ მოიტანეთ წყაროები და დოკუმენტები თქვენი სიტყვების დასამტკიცებლად.
1918-19 წლებში აფხაზების და ოსების გენოციდი არ მომხდარა, მეტიც , 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დეპეშით პირველი მიესალმა აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე. ის მთავრად რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებულ აფხაზებს ჰყავდათ გამოცხადებული 1866 წელს, გიორგი შარვაშიძე დედა ენად ქართულს მიიჩნევდა და , საერთოდაც , საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად , როგორც 1918-ში, ისე 1921-ში რუსეთის წინააღმდეგ ქართველებზე არანაკლებ გმირულად აფხაზები იბრძოდნენ. მაგალითად, თბილის 25 თებერვალს დაეცა, გაგრასა და სოხუმს კი 4-5 მარტამდე იცავდნენ აფხაზები და არ ეგუებოდნენ საქართველოს ოკუპაციას. ერთადერთი , რაც სიმართლე იყო თქვენს ნათქვამში, იყო ის, რომ 1810 წელს აფხაზეთის სამთავრო რუსეთის მფარველობის ქვეშ მოექცა, დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა და ამ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი და ერთაშორის შუღლის გამაღვივებელი ზღაპრების გამოგონება რად გჭირდებათ, ვერ გამიგია. სამწუხაროდ, ქართველები შესაძლოა მოისყიდო, მოფერებითა და დაყვავებით გადმოიბირო, მაგრამ ისტორიის გაყალბებით , აბუჩად აგდებითა და ძალმომრეობით ქართველ ერი ვერავის ვერასდროს დაუმონებია და სამომავლოდაც ვერავინ ვერასდროს დაიმორჩილებს. ვერც თქვენ ბატონო პუტინ!” _ წერს ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Related Articles

Back to top button
Close