საზოგადოება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მოქალაქეების ნაწილი შეკრებას 20:00 საათზე აპირებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მოქალაქეების ნაწილი შეკრებას 20:00 საათზე აპირებს. აქციის მონაწილეების თქმით, აქცია სლოგანით „ჩვენ გვინდა სტაბილურობა“, „გავაპროტესტოთ „რუსთავი 2“-ის პროვოკაცია“ 23:00 საათამდე გაგრძელდება.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დილიდან განაახლა.

წყარო: interpressnews.ge

Related Articles

Back to top button
Close